in

ნახეთ: NASA-ს როვერმა პლანეტა მარსზე არსებული ღრუბლები დააფიქსირა

Curiosity წითელი პლანეტის შესწავლას უკვე თითქმის ათწლეულია განაგრძობს

ალბათ, ახლა ყველას ყურადღებას NASA-ს როვერი Perseverance იპყრობს, მაგრამ ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს როვერი, სახელწოდებით Curiosity, რომელიც წითელი პლანეტის შესწავლას უკვე თითქმის ათწლეულია განაგრძობს.

Percy-ის მსგავსად, Curiosity-ის თავდაპირველი მისიის ხანგრძლივობა ორი წლით განისაზღვრა, თუმცა მოგვიანებით აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულმა სამმართველომ აშშ-ში გადაწყვიტა, იგი განუსაზღვრელი ვადით გაეხანგრძლივებინა. მას შემდეგ როვერი იძიებს მარსიანულ საიდუმლოებებს და პლანეტის გარემოს იკვლევს.

მისი უახლოესი მიღწევა რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, როდესაც წითელი პლანეტის ღრუბლების რამდენიმე წარმოუდგენლად შთამბეჭდავი ფოტო გადაიღო. ბობაკ ფეროდოვსიმ კი, რომელიც რეაქტიული მოძრაობის ლაბორატორიაში მუშაობს და მეთვალყურეობს ზემოთხსენებული როვერების მისიებს, რამდენიმე ფოტოსურათი Twitter-ზე გააზიარა. “ამ კვირაში ვერ მოვშორდები მარსიანულ ღრუბლის ფოტოებს, რომელიც MarsCuriosity-სგან მივღეთ. წარმოგიდგენიათ, როგორ უყურებთ მარსზე ნელა მოძრავ ღრუბლებს?” – წერს ფეროდოვსი.

აღსანიშნავია, რომ გარდა ამ მომხიბვლელი სანახაობრივი მხარისა, ასეთი ღრუბლები წითელი პლანეტის ატმოსფეროში წყლის არსებობას ადასტურებს. იდეა, რომ მარსი ამინდის სისტემებს განიცდის, ბევრ ადამიანს აკვირვებს. თუმცა ეს გაოგნება ღრუბლებს ბევრად სცდება, რაც ე. წ. “მტვრის ეშმაკის” ფოტოს უკავშირდება. ეს გამოსახულება Mars Reconnaissance Orbiter-მა გადაიღო.

როგორც ჩანს, მარსს, დედამიწის მსგავსად, ოთხი სეზონი აქვს. “კლიმატური ციკლების მტკიცებულება არსებობს, რადგან წყლის ყინულის ფენებს შორის მტვერია. გარდა ამისა, სამხრეთ პოლუსის მახლობლად ადრეულ პერიოდში მყინვარების არსებობაც დასაშვებია, რომლებიც ახლა აღარ არის” – ამბობენ მეცნიერები. ასევე, ცნობილია, რომ მარსს მეტისმეტად ცვალებადი ამინდი აქვს და უმეტეს შემთხვევაში მოღრუბლულია. ის დიდი ხნის წინ, სავარაუდოდ, უფრო თბილი, ნესტიანი და სქელი ატმოსფეროს მქონე პლანეტა იყო, რომელსაც ოკეანეებისა და ზღვების არსებობის მხარდაჭერა შეეძლო.

არაფრის წინაშე არ გაჩერდე! – ნახეთ, საქართველოს ბანკის ვიდეორგოლი

„საქართველოს ბანკი“ ქალი მეწარმეების მხარდასაჭერად