საფონდო ბირჟის ინდექსი, როგორც უკვე იცით, ფინანსების ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამიტომ, მის თითოეულ სახეობას ცალ-ცალკე განვიხილავთ. დღეს, საკმაოდ განსხვავებულ, Nasdaq Composite Index-ზე, იგივე Nasdaq კომპოზიტის ინდექსზე გიამბობთ.
ინვესტორები, მას იცნობენ, როგორც მაღალტექნოლოგიურ საფონდო ინდექსს, რომელიც აბსოლუტურად სხვანაირად „მუშაობს“. ამ სტატიაში, ვეცდებით, დეტალურად აღვწეროთ Nasdaq Composite Index და მის ყველა თავისებურებაზე გავამახვილოთ ყურადღება. ინფორმაციის გაანალიზების შემდეგ კი, შეგიძლიათ, ამ მიმართულებით ინვესტირებაზეც იფიქროთ, თუ, რა თქმა უნდა, ის თქვენს საინვესტიციო სტრატეგიას ერგება.
Nasdaq Composite-ის ინდექსია, რომელშიც მხოლოდ Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი, ტექნოლოგიური კომპანიების აქციები შედის. საუბარია ჩვეულებრივი, კერძო კომპანიების ფასიან ქაღალდებზე. ამ ინდექსის ერთ-ერთი თავისებურება სწორედ ეს გახლავთ.
Nasdaq კომპოზიტის ინდექსში ვერასოდეს მოხვდება პრივილეგირებული აქციები, მაგალითად, უძრავი ქონების, საინვესტიციო ფონდების, ან თუნდაც, შპს-ების ფასიანი ქაღალდები.
Nasdaq Composite Index ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული საინვესტიციო საშუალებაა ამერიკაში. პრინციპში, ჩვენს მიერ უკვე განხილულ დოუ-ჯონსის სამრეწველო ინდექსთან და S&P 500 Index-თან ერთად, ყველაზე პოპულარულ და მოთხოვნად სამეულში შედის.
რადგან Nasdaq კომპოზიტის ინდექსში მხოლოდ ტექნოლოგიური კომპანიების აქციებია წარმოდგენილი, მისი მონაცემები, სექტორში მიმდინარე მოვლენების, თუ არსებული ფინანსური მდგომარეობის შესაფასებლად, საუკეთესო საზომია.
როგორ მუშაობს Nasdaq Composite Index?
საფონდო ბირჟის ინდექსთა უმრავლესობის მსგავსად, Nasdaq Composite-ის მაჩვენებლებიც მისი ძირითადი კომპონენტების შეწონილი საბაზრო კაპიტალიზაციის მონაცემებს წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ ინდექსში შემავალი მსხვილი კომპანიების აქციების კლება ან ზრდა უფრო დიდ გავლენას ახდენს მის მუშაობაზე, ვიდრე მცირე კომპანიების აქციების ცვლილებები.
მაგალითად, Nasdaq-ის ინდექსში შემავალი კომპანიების სტანდარტულ აქციებს, $ 100 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციით, ორჯერ დიდი გავლენა ექნებათ, ვიდრე $ 50 მილიარდიანი საბაზრო კაპიტალიზაციის მქონე კომპანიის აქციებს.
საფონდო ბირჟაზე მიმდინარე ვაჭრობისას, Nasdaq კომპოზიტის ინდექსის მაჩვენებლები მუდმივ რყევებს განიცდის და ისინი სავაჭრო საათების დასრულებასთან ერთად სტაბილურდება.
Nasdaq-ის ინდექსში შემავალი კომპანიები
2021 წლის აპრილის მონაცემებით, Nasdaq კომპოზიტის ინდექსში 3 097კომპანია შედის. ეს რიცხვი მუდმივად ცვალებადი და მზარდია, მაგალითად, 2021 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ის 2 444 ბიზნესს აერთიანებდა.
რაც შეეხება კონკრეტულ კომპანიებს, წარმოგიდგენთ Nasdaq Composite Index-ში შემავალ უმსხვილესი ტექნოლოგიური ბრენდების ოცეულს (2021 წლის 4 თებერვლის მონაცემები):
- Apple (NASDAQ:AAPL)
- Microsoft (NASDAQ:MSFT)
- Amazon (NASDAQ:AMZN)
- Facebook (NASDAQ:FB)
- Alphabet Class C (NASDAQ:GOOG)
- Alphabet Class A (NASDAQ:GOOGL)
- Tesla (NASDAQ:TSLA)
- NVIDIA (NASDAQ:NVDA)
- PayPal Holdings (NASDAQ:PYPL)
- ASML Holdings (NASDAQ:ASML)
- Intel (NASDAQ:INTC)
- Comcast (NASDAQ:CMCSA)
- Netflix (NASDAQ:NFLX)
- Adobe (NASDAQ:ADBE)
- Cisco Systems (NASDAQ:CSCO)
- PepsiCo (NASDAQ:PEP)
- Broadcom (NASDAQ:AVGO)
- Texas Instruments (NASDAQ:TXN)
- Pinduoduo (NASDAQ:PDD)
- T-Mobile US (NASDAQ:TMUS)
ინვესტიცია Nasdaq Composite Index-ში
ინვესტირების ყველაზე მარტივი გზა იმ საფონდო ინდექსის შეძენაა, რომელიც ორმხრივ საინვესტიციო ფონდს ან ETF-ს წარმოადგენს და Nasdaq Composite Index-ის მონაცემების პასიური შემფასებელია.
დროთა განმავლობაში, ეს ფონდები პრაქტიკულად იგივე ეფექტურობას აჩვენებს (საკომისიოების გარეშე), რასაც თავად Nasdaq Composite Index.
მაგალითად, Fidelity-ს ორი საინვესტიციო ინსტრუმენტი გააჩნია, რომლებიც Nasdaq Composite-ის მონაცემებს შეისწავლის. ერთია ორმხრივი ფონდები, რომელსაც აქვს 0.29% წმინდა ხარჯების თანაფარდობა და მინიმალური ინვესტიცია. მეორე კი – ETF, რომელსაც Nasdaq Composite Index-ის სხვა ნებისმიერი სავაჭრო აქციის მსგავსად, ხარჯების დაბალი კოეფიციენტი ახასიათებს. ეს არის 0.21%. ამ შემთხვევაში, ორმხრივი ფონდებისაგან განსხვავებით, განსაზღვრული არ არის ინვესტიციის მინიმალური ოდენობა. სამაგიეროდ, 2021 წლის აპრილის მონაცემებით, ერთი აქციის ფასი, დაახლოებით, $525-ია. შესაბამისად, თქვენ, როგორც ინვესტორმა, მინიმუმ, იგივე თანხა უნდა ჩადოთ, ან ბროკერის მომსახურება აირჩიოთ, რომელიც დაგეხმარებათ წილებად დაყოფილი აქციების შეძენაში.
ეს არის Nasdaq Composite-ის კიდევ ერთი თავისებურება, რომელზეც სტატიის დასაწყისში ვსაუბრობდით.
Nasdaq 100 – კიდევ ერთი ინდექსი Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე
Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე არსებობს კიდევ ერთი ინდექსი, რომელსაც Nasdaq 100 ჰქვია და Nasdaq Composite Index-ის მსგავსად, საბაზრო კაპიტალიზაციის შეწონილობის მიხედვით ზომავს მასში შემავალი კომპანიების აქციებს. ხშირად, ეს ორი ინდექსი ერთმანეთში ერევათ. არა და, მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არსებობს.
Nasdaq 100 აერთიანებს 100 ყველაზე მსხვილ არასაფინანსო კომპანიას, რომელთა აქციებიც მხოლოდ Nasdaq-ის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. ამ ინდექსის კომპანიები Nasdaq Composite Index-ში შემავალი ბიზნესების 90%-ს შეადგენს.
Nasdaq Composite-ის მსგავსად, Nasdaq 100-ში ინვესტირებისთვის, ყველაზე სანდოა ორმხრივი ფონდები, ან – ETF. მათ შორის გამორჩეულია Invesco QQQ (NASDAQ:QQQ), რომელიც Nasdaq 100-ის კომპონენტებში, დაბალ ფასად, პროპორციულად დებს ინვესტიციას. აქ ხარჯების კოეფიციენტი 0.20%-ია.
ახლა თქვენ, უკვე გაქვთ ინფორმაცია საფონდო ბირჟაზე მოქმედი სამი ყველაზე პოპულარული, ეფექტური და მოთხოვნადი ინდექსის (Dow Jones Industrial Average, S&P 500 Index და Nasdaq Composite) შესახებ. რომელ მათგანში ჩადებთ ინვესტიციას, ეს უკვე თქვენზე და თქვენს ინტერესებსა თუ საინვესტიციო სტრატეგიაზეა დამოკიდებული. მთავარია, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კიდევ ერთხელ, კარგად აწონ-დაწონოთ ყველა დეტალი და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთოთ არჩევანი.
ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.
რუბრიკას წარმოგიდგენთ „გალტ & თაგარტი“, წამყვანი საინვესტიციო ბანკი საქართველოში, რასაც Global Finance-ს მრავალი ჯილდო ადასტურებს. კომპანია 20 წელია, ბაზარზე ფუნქციონირებს და როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საინვესტიციო მომსახურებას: საბროკერო და კვლევით მიმართულებებს, საინვესტიციო ბანკინგს, აქტივებისა და ქონების მენეჯმენტს.