31
Jul
2018

როგორია შინაგანი კრიტიკოსი? – ნატა გოგოლაძის #აზრები

31 Jul 2018

M2


რესპოდენტობა რომ მთხოვეს, ცოტა არ იყოს, დავიბენი, მივხვდი – ამ თემას არასდროს ჩავღრმავებივარ, მყავს კი შინაგანი კრიტიკოსი? თუ მყავს, უნდა გავაჩუმო? რატომ, რას მიკრიტიკებს? რამდენი ხანია მისი შენიშვნა არ მიმიღია, ნუთუ ძალიან დიდი ხანია ერთად ვართ და ისე დავმეგობრდით, რომ უკვე ჩემით კმაყოფილია. ან უბრალოდ ჩემი ცხოვრების რიტმია ისეთი გიჟური, რომ მასთან საუბარსაც ვეღარ ვასწრებ და მხოლოდ ქვეცნობიერის დონეზე არსებობს? ის ხომ ყველა ჩვენგანს ჰყავს…

 

ბავშვობიდან გამორჩეული ბავშვი ვიყავი, არასდროს არავის შევუზღუდივარ ზედმეტად და საკუთარი თავის ყველაზე მკაცრი შემფასებელიც ყოველთვის მე ვიყავი. წიგნებთან მამამ დამამეგობრა, მახსოვს როგორი დაჟინებით ვთხოვდი მისი უზარმაზარი ბიბლიოთეკიდან შემდეგი წასაკითხი წიგნი შეერჩია ჩემთვის. ჩემი მეგობრები რომ “ტომ სოიერს” კითხულობდნენ მე უკვე “საბრალონი” და “ამაოების ბაზარი” მეჭირა ხელში. ალბათ არ გადავამეტებ თუ ვიტყვი, რომ მე-9 კლასამდე მსოფლიო კლასიკის თითქმის ყველა წიგნი წაკითხული მქონდა. მახსოვს, შუქს რომ მიქრობდნენ დასაძინებლად, საათობით ფანრის შუქზე ვკითხულობდი საბნის ქვეშ და ეს ფანარი გაუსაძლისად აცხუნებდა. ამის მიუხედავად, “ნერდი” ბავშვი არასდროს ვყოფილვარ, ვახერხებდი ყოველთვის ვყოფილიყავი ეზოში მეგობრებთან, მეთამაშა 105, -5, ორდროშობანა… საოცარი დრო იყო, როცა ეზო ეზოს ჰგავდა და სულ ჟრიამული იყო.

ამავდროულად, დავდიოდი ჩოგბურთზე, ქართულ ცეკვაზე, ინგლისურისა და ფრანგულის 2-2 მასწავლებელთან (ერთთან პრონანსის გამო, მეორეგან – გრამატიკის), პარალელურად, დავამთავრე ფორტეპიანოს შვიდწლედი, რომელიც საშინლად არ მიყვარდა. ახლა, შორიდან რომ ვუყურებ, ბავშვობიდან მქონდა ეს დაუოკებელი სურვილი, საკუთარი თავისთვის მეჯობნა და მენახა, სად სრულდება ჩემი შესაძლებლობები, დღესაც ასე ვარ. 90-იანი წლების ბნელი თბილისიდან ოაზისივით მახსენდება ლაგუნა ვერე და ჩემი ჯგუფის რუსულად გამოცხადებული დრო ‘ვასემნადცატ ტრიდცატ’ და მკაცრი მასწავლებელი ნატაშა (მამის სახელს ვერ ვიხსენებ, თუ არ ვცდები ივანოვნა). ჩვენი აუზი ორად იყო გაყოფილი და პატარები მარცხენა ნახევარში ვცურავდით და წითელ ხაზს იქით გადასვლა გვეკრძალებოდა, რადგან უფრო ღრმა წყალი იყო. მახსოვს ყველა გაკვეთილზე გადასვლის მცდელობა, რადაგან კარგად ვცურავდი და ვთვლიდი, რომ პატარებთან არ უნდა მეცურა, და ყველა გაკვეთილზე მასწავლებლის რუსული აქცენტით დაძახებული – გოგოლაძე, კუთხეში! ყველა გაკვეთილის მეორე ნახევარს იმ საშინელ კუთხეში ვატარებდი, მაგრამ ყველა შემდეგ გაკვეთილზე იმ წითელი გამყოფის იქით გადასვლას თავიდან ვცდილობდი. დღესაც ვთვლი, რომ არასდროს არ უნდა დათმო იმის ცდა, რაც ძალიან გინდა და იცი რომ გამოგივა.

ბოლო დროს, ხშირად ვფიქრობ ეს ცხოვრება მარათონია, სულ სადღაც მივისწრაფით, ცხოვრების შემდეგ ეტაპზე გადასვლას ვცდილობთ, ამასობაში ყველაზე ძვირფასი დრო გადის და მისით ტკბობას ვერ ვახერხებთ. უამრავ ფოტოს ვიღებ, თითქოს მინდა ყველა წამი შევინახო. სოციალურ სივრცეში ცოტა ხანი რამეს თუ არ დავდებ მწერენხოლმე რატომ არ ჩანხარ გვაკლიხარო. მგონი სხვებს ბევრად მეტად ვუყვარვარ ვიდრე მე საკუთარი თავი. თავად კრიტიკოსი არ ვარ. ყველა ისეთი მიყვარს როგორიც არის, არ ვცდილობ არავის შეცვლას, ალბათ ამიტომ ჩემთან ურთიერთობა მარტივია. ძალიან გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ვარ აქტიური სახლში, სამსახურში, მეგობრებში, ბავშვების მეგობრებში და მათ მშობლებშიც. ადამიანებთან ურთიერთობა ჩემი მთავარი მუხტია. ყველაზე დიდი პოზიტივი ჩემთვის ურთიერთობებიდან მოდის. წინ ძალიან ბევრი გეგმა მაქვს და ჩემს მოდუნებულ კრიტიკოსს ალბათ კიდევ ბევრჯერ გავაოცებ!

ზოგადად, ჩემი რჩევაა, კრიტიკოსები არ გააჩუმოთ, დაუმეგობრდით მათ და ყოველთვის მოუსმინეთ, თუმცა არ არის სავალდებულო ყველაფერი გაითვალისწინოთ. ენდეთ თქვენს გულს, გადაწყვეტილებები მიიღეთ სწრაფად და შეცდომებზე სინანულში დრო არ დაკარგოთ. სიყვარულზე დიდი მამოძრავებელი ძალა მგონია არ არსებულა და არც არასდროს იარსებებს, ამიტომ გიყვარდეთ, პირველ რიგში, თქვენი თავი და მერე გარშემომყოფები. დაიწყეთ ყველა დილა პოზიტივით და დაასრულეთ ილიას გენიალური შეკითხვით – აბა დღეს მე ვის რა ვარგე?!

განხილვა