28
Apr
2017

ნატა გოგოლაძე – #პირველისამსახური

28 Apr 2017

ჩემი პირველი სამსახური საქართველოში არ იყო, საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტი ვიყავი პირველად ამერიკაში რომ წავედი. მაგისტრატურის აქტიურ ძებნასთან ერთად სტაჟირებას Holiday Inn-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის განყოფილებაში გავდიოდი. თუმცა პოზიციის სახელწოდების მიუხედავად საკმაოდ დატვირთული სამუშაო რეჟიმი დამხვდა, კვირაში 6 დღე მიწევდა მუშაობა დილის 7-დან 15:00 საათამდე.  ანაზღაურება იყო, სტაჟიორის შესაბამისად, ძალიან დაბალი, თვეში 1000 დოლარი. ამ თანხით სტუდენტი ახალგაზრდა იქ თავსაც ვერ გაიტანდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ოჯახიდან ყველაფერი მქონდა, მაინც დამოუკიდებლად მინდოდა თავის გატანა და სტაჟირების მერე დამატებით ვმუშაობდი. რა თქმა უნდა, საქართველოდან ახალი ჩასული 19 წლის გოგოსთვის არც ისე იოლი იყო გამოცდილების გარეშე სამსახურის პოვნა.

ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ მიმტანად მუშაობა დამეწყო. ატლანტის აეროპორტში (Hartsfield–Jackson Atlanta International Airport), რომელიც 2000 წლიდან დღემდე უცვლელად ინარჩუნებს მსოფლიოს ყველაზე დატვირთული აერიპორტის წოდებას, არის საკმაოდ ცნობილი რესტორანი Houlihan’s, ალბათ წარმოგიდგენიათ, რამდენი ადამიანი ხვდება დღის მანძილზე იქ და რა სისწრაფით უნდა მოემსახურო თითოეულ მათგანს. თავიდან რომ ვითხოვე მიმტანად დამაწყებინეთ მუშაობათქო, სასაცილოდ არ ეყოთ. გამოცდილება არ გაქვს, აქ ყველაზე გამოცდილი კადრები მუშაობენო, თუმცა არ ვიცი ჩემმა დაჟინებულმა თხოვნამ გაჭრა ვცადოთთქო, თუ გამიმართლა და იმ წუთში კადრი აკლდათ, მაგრამ ფაქტია, საჭირო დროს საჭირო ადგილას მოვხვდი და ჩემი პირველი სამსახურიც შედგა. 3 საათზე ქალაქის ცენტრში სტაჟირებას რომ ვამთავრებდი ავტობუსით მეტრომდე და მეტროთი აეროპორტისკენ მივქროდი. 4 საათზე უკვე ცვლა მეწყებოდა რესტორანში. იყო დღეები, ჭამასაც ვერ ვასწრებდი. ძალიან მიჭირდა გაგება, რას მეუბნებოდნენ, mayo (მაიო) რომ მაიონეზი იყო როგორ მივხვდებოდი, მხოლოდ კლასიკური სიტყვები მქონდა საქართველოში ნასწავლი, იმ დროს არც ფილმების ინგლისურად ყურების ფუფუნება იყო, ამიტომ თავიდან ძალიან მიჭირდა, თან ატლანტაში ფართოდაა გავრცელებული ჟარგონი, ნახევარ სიტყვებს შეცვლილს ხმარობენ. განსაკუთრებით მეცინება პირველად bud light, jack and coke, on the rocks, straight up რომ მესმოდა და 2-ჯერ ვამეორებინებდი და მერე იძულებული ვიყავი გამომეცნო, რა მითხრეს. თავიდან თანამშრომლები ძალიან აგრესიულად მიყურებდნენ, თეთრკანიანი, უცნაური აქცენტის გოგო, საიდანღაც გამოვარდა და უკვე ოფიციანტად შემოუშვეს, იქ ოფიციანტობამდეც უნდა მიხვიდე, ამიტომ თითქმის არავინ მეხმარებოდა და ბევრს დამცინოდნენ შეცდომით რომ მიმქონდა საჭმელი. მენატრებოდა სახლი, კომფორტი, ჩემი მანქანა, ჩემი პენტიუმ 2, რომელიც დაახლოებით იგივე იყო, რაც ახლა ბოლო მოდელის MAC რომ გაქვს. მაინც არ ვნებდებოდი, დამოუკიდებელი ცხოვრება მინდოდა და ამისთვის მზად ვიყავი. სულ რაღაც 2 თვეში უკვე რესტორნის ერთერთი საუკეთესო ოფიციანტი ვიყავი, ყველაზე ძნელ სექციებს უკვე მე მაბარებდნენ, ყველა თანამშრომელი ჩემი მეგობარი იყო, ისინიც კი, ვინც ყველასთან გამოლაპარაკებასაც არ კადრულობდნენ. ნელ-ნელა ბარშიც დამაყენეს, ფაქტობრივად, ერთერთი ლიდერი ვიყავი, ყველას ყველაფერს იქით ვასწავლიდი უკვე. საუკეთესოდ მახსენდება ის პერიოდი.

წამოსვლის დრო რომ მოვიდა, არავის უნდოდა ჩემი გამოშვება და პირველი სერიოზული შეთავაზება მაშინ მივიღე, დარბაზის მენეჯერობა, 65 ათასი დოლარი წლიური ხელფასი და 3 წლიანი კონტრაქტი, თუმცა მე სხვა გეგმები მქონდა, ბევრად დინამიური. დღემდე მაქვს კონტაქტი ძველ თანამშრომლებთან, ვიხსენებთ იმ ძალიან მაგარ დროს, რაც ერთად გავატარეთ და იმ საოცარ გუნდურობას. ძლიერიც გავხდი, თავის დაცვაც ვისწავლე, სისწრაფეც, უსაშველო დაღლაც. ხან ღამე მეტროში მეძინებოდა და ჩემს სადგურს გავცდებოდი ხოლმე, გადაჯდომა და უკან მობრუნება მიწევდა, 2ზეც ხშირად მივსულვარ, სანამ გადავივლებდი მოვწესრიგდებოდი და 7-ზე სტაჟირებაზე ვიყავი ხოლმე.

დღეს თბილისი მოლის მარკეტინგის განყოფილებას ვხელმძღვანელობ. 11 წელი და 4 დიდი კომპანიის ტოპ მენეჯმენტი, MBA, ჰოლანდიის მარკეტინგის ინსტიტუტის დიპლომი, 5 შვილი, უდიდესი სანაცნობო წრე (რაც ჩემი დიდი სიამაყე და სიმდიდრეა), მრავალი ლექცია მოწვეული ლექტორის სტატუსით, ვარ საავტორო კურსის სამზადისში ერთერთი ტრენინგ ცენტრისთვის, ვმეცადინეობ შემოდგომაზე CMD ( certified marketing director ) სერტიფიკატის ასაღებად. მაქვს თვეში საშუალოდ ერთი შემოთავაზება მაინც გადაბირებაზე და უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უკეთესი პოზიციის შემოთავაზება. თუმცა, ვთვლი, რომ ჩემს პოზიციაზე ჯერ თავი არ ამომიწურავს და ვმუშაობ ძალიან კარგ გუნდთან ერთად კარგი საერთო საქმისთვის.

36 წლის ასაკში მაქვს ყველაფერი, რაზეც შეიძლება ქალმა იოცნებოს და ნამდვილად ვთვლი, რომ ჯერ ყველაფერი წინ მაქვს. ნატა გოგოლაძე – რაკიინ აფთაუნ დეველოპმენტის მარკეტინგის განყოფილების ხელმძღვანელი.

განხილვა