6
Dec
2018

ხატვა, როგორც მოგონების გამოსახმობი რიტუალი, ანუ ნათია ზარანდიას ილუსტრირებული წარმოსახვა

6 Dec 2018

„ფერიები ყანებში, ჭინკა ხავსიან ნაძვის კუნძთან, არაბუნებრივად დიდი პლანეტის მქრქალი სილუეტი ცაზე. აქ ბევრი რამაა, რაც მინდოდა მენახა ბავშვობისას, ან მომეჩვენა, რომ ვნახე“.

0.5 ანაბარზე
0.5 ანაბარზე

 

ნათია ზარანდია ილუსტრატორია, რომელიც საბანკო საქმის მიმართულებით მუშაობის პარალელურად, ფენტეზის ჟანრის წიგნების თარგმანებისთვის გარეკანებს ქმნის. ამის მიღმა, მისი შემოქმედება არის ნახატები, რომლებიდანაც მისი ბავშვობა „იხილება და მოდის.“ თუმცა, ამ გზით ნათია არამხოლოდ წარსულს გვიზიარებს. ხშირად, ეს არის წიგნებიდან, მუსიკიდან და სიზმრებიდან აყოლილი სუნი და სითბო, შეგრძნება, რომელსაც „ნახატი იმახსოვრებს“. მაგრამ, ახსოვთ თუ არა ნახატებს საკუთარი წარსული? ნათია ამბობს, რომ ხატვის პროცესი ყოველთვის წინასწარ განსაზღვრულია და არასდროსაა სპონტანური. ანუ, ყოველ ჯერზე, ის გონების ხელით ხატავს ილუსტრაციას შემდეგ კი, უკვე „მზა“ გადააქვს ფურცელზე/პადზე. მისთვის ხატვა წარსულის წარმოსახული, თუ განცდილი სასწაულის საკუთარ თავში გამეორებისა და სხვებისთვის გაზიარების საშუალებაა. ამ შესაძლებლობას კი იყენებს მაშინ, როცა ძალიან კარგ განწყობაზეა და საკუთარ თავთან მეგობრობა შეუძლია.

ხატავს ადრეული ბავშვობიდან, თუმცა აქტიურად ხატვა მეხუთე კლასში დაიწყო, მაშინ, როცა ლექსების წერა შეწყვიტა. სიმბოლისტური, თუ ბუნების აღმწერი ილუსტრაციებიდან, 9 წლიანი პაუზის შემდეგ, მისტიური, ნაწილობრივ, სიურრეალისტური სიუჟეტების შექმნაზე გადავიდა, რადგან „უნდა მომეყოლა ამბები, რომელიც თავში ყოველთვის მაქვს“.

M: თვითნასწავლი ხართ, თუმცა, თუ იყო ვინმე, ვისაც წვლილი მიუძღვის მხატვრობის მიმართულებით თქვენს განვითარებაში?
იყო ასეთი ადამიანი, მხატვარი – ჯანსუღ ჭურღულია. სამხატვრო სკოლა იყო ზუგდიდში, მაგრამ იქვე ხატვა დიდად არ გამომდიოდა – უნდა დამეხატა სახლში, მიმეტანა და მეჩვენებინა სკოლის ხელმძღვანელისათვის. მისი ერთი ნათქვამი დღემდე მახსოვს: „როცა შენს ღამეს დახატავ, მიხვდები, რომ გაიზარდე, მხატვარი ხარ და შენი სტილი გაქვს“.

M: უკვე დახატეთ „თქვენი ღამე“? როგორ გამოიყურება ის?
მგონი, კი. ჩემი პალიტრა ბოლო დროს უფრო ჩამუქდა, რადგან მაგიის ნაპერწკლები მუქ ნახატში უკეთ ანათებს, ვიდრე დღის შუქით განათებულში. თუ კარგი წარმოსახვა გაქვს, სიბნელეში ბევრად საინტერესო რამეები ხდება, ვიდრე დღის შუქზე. დღე რეალური სამყაროს საკუთრებაა, სიბნელე – არაამქვეყნიურის და მისტიურის.

M: როგორია ხატვის პროცესი?
ნახატებს ვქმნი წინასწარ – უნდა შევქმნა სრულად, გონებაში, მერე უკან გადმოვახვიო პროცესი და დავიწყო ხატვა. იმისათვის, რომ ეს გავაკეთო, უნდა წავიდე წარსულში, იმ მომენტთან, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი იყო და შესაძლოა, ბავშვური წარმოსახვის ნაყოფიც ყოფილიყო. შესაძლოა, მეგონა რომ იქ რაღაც ლანდს მოვკარი თვალი, ან ციცინათელები რომ ანათებდნენ, ღამის ცვრიან ბალახზე ჩამოცვენილ ვარსკვლავებად მივიჩნიე. ამას ცხადად წარმოვიდგენ და ემოციას ვიხსენებ, ფერებითურთ, გამოვიხმობ მოგონებას და ვიწყებ ხატვას. გარდა ამისა, “სიზმარა” ვარ. თუკი რამე ზებუნებრივი ძალა არსებობს, ძალიან მადლიერი ვარ მისი, ასეთი საოცრად ფერადი სიზმრების ნახვა და მათი დამახსოვრება რომ შემიძლია. ეს ერთ-ერთი ძირითადი რამაა, რასაც ჩემი ნახატები ეყრდნობა.

სიზმრებიდან კადრები არ „მომყვება“, მომყვება ემოცია, რომელიც ძალიან ძნელი გადმოსაცემია სიტყვით, თუმცა ზუსტად ვიცი რა ფერმა რა შთაბეჭდილება და განცდა დამიტოვა. ახლაც თვალწინ მიდგას ერთი სიზმარი, მაგრამ ძალიანაც რომ მოვინდომო, ვერ აღვწერ და მოვყვები. თუმცა, შემიძლია ვიგრძნო ის, რაც მაშინ ვიგრძენი, თუკი ნახატი წარმატებული გამომივივა“.

M: ცხრაწლიანი შესვენების შესახებ მოგვიყევით… როგორ დაუბრუნდით ხატვას?
ეს იყო ძალიან დიდი შესვენება, რომლის დროსაც ნახატები ისევ ტრიალებდა თავში, ოღონდ, გონების ხელი ვარჯიშდებოდა, მაგრამ ნამდვილი ხელი, სამწუხაროდ, არ იწაფებოდა და როცა მივუბრუნდი ამ პროცესს, ხელის დამორჩილება გამიჭირდა. პირველი კურსიდანვე დავიწყე მუშაობა და მიჭირდა დროის და შთაგონების გამონახვა ხატვისთვის. მერე უკვე თბილისში გადმოვედი სამუშაოდ და  იშვიათად ვაკითხავდი ბავშვობის სახლს, რომელიც ზუგდიდშია. როცა ვიგრძენი, რომ ვერ ჩავიდოდი ხშირად, როცა მართლა ძალიან დაგროვდა ეს ბავშვობის მოგონებები, მივხვდი, რომ აუცილებლად რაღაცაში უნდა გამოხატულიყო და ასე დავუბრუნდი ხატვას.

M: ახლა რა ეტაპზეა ნათია ზარანდიას მხატვრობა?
დაახლოებით, ერთი წელია, რაც ხატვის პროცესი გავაციფრულე. ანუ, ქაღალდის ნაცვლად, ვხატავ პადზე. ამ ეტაპზე, ვხატავ კონტრასტულ არსებებს – ისეთ წყვილებს, ფოტოზე ერთად მოხვედრა რომ გაუჭირდებოდათ. მაგალითად, უნიფორმიან კაცს და ტროლს, რომლებიც ერთად დგანან კლდის ქიმზე; მომავლიდან მოსულ მანათობელსახიან, კიბორგ ბიჭს, რომელიც ფეხშიშველა, დაწნულკალათიან ბავშვს ხვდება ბორცვზე და ა.შ . ეს კონტრასტი მხიბლავს და მგონია, აღმქმელსაც გარკვეული ინტერპრეტაციის საშუალებას აძლევს.

M: როცა ამბობთ, რომ არსებები, რომლებსაც ხატავთ, რეალურ სამყაროში ვერ მოხვდებოდნენ, გულისხმობთ თუ არა იმას, რომ თქვენს ნახატებში ალტერნატიულ სამყაროს აღწერთ?
როცა ვამბობ, რომ რეალური სამყარო ერთფეროვანია, არ ვგულისხმობ, რომ ის მზღუდავს. დღემდე აღმაფრთოვანებს ელვა და ჭექა-ქუხილი. მინი სასწაული მგონია, გაცვეთილი სასწაული, რომლის შესახებაც გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ მაინც საოცარ გრძნობას იწვევს ჩემში. ან, ცისარტყელა თუნდაც. ცაზე რაღაც ისეთი რომ ხდება, რაც არ ხდება ყოველდღიურად და თვალი არ არის შეჩვეული, ეგ არის საყვარლობა ჩემთვის. ნახატებით ვცდილობ, რომ რაღაც ამდაგვარი „ბუნებრივი უჩვეულობა“ შემოვიტანო ჩემს ცხოვრებაში და სხვებსაც გავუზიარო.

M: რამდენად პოულობთ ამ სასწაულს წიგნების ყდების ილუსტრირებისას? როგორ დაიწყეთ ამ მიმართულებით საქმიანობა?
ბოლო ორი წლის განმავლობაში, აქტიურად ვპოსტავდი ფეისბუკ გვერდზე ჩემს ნამუშევრებს და გამომცემლობისგან მივიღე შემოთავაზება, რომ გამეკეთებინა წიგნების ყდები. ეს იყო „წიგნები ბათუმში“, რომლისთვისაც „მარსელის“ ყდა შევასრულე. შეკვეთით ხატვა ჩემთვის ცოტა სტრესულია, თუმცა, დაემთხვა, რომ ის წიგნები, რომლების გარეკანებიც მოვხატე, ისედაც ძალიან მიყვარს. ვაკეთებ იმ წიგნების ყდებს, რომლებსაც ძალიან ვგულშემატკივრობ, წაკითხვის შემდეგ სიუჟეტიც უკვე დახატული მაქვს თავში და მიადვილდება. ბოლო წლებია, ძირითადად, ვკითხულობ ფენტეზის,ფანტასტიკას – წარმოსახვის კარგ მკვებავად მარგია ასეთი წიგნები.

M: მიგაჩნიათ, თუ არა თქვენი ილუსტრაციების მთავარ შემფასებლებად იმ წიგნების ავტორები, რომლის გარეკანებსაც ქმნით? რამდენად ემთხვევა თქვენი ხედვები და თუ გქონიათ შეხება რომელიმე მათგანთან? 
ნილ გეიმანი არის ჩემი უსაყვარლესი მწერალი, რომლის მაგიური რეალიზმით სავსე მოთხრობები ძალიან მაგონებს ჩემს ბავშვობას.  მისი ერთ-ერთი წიგნის წაკითხვის შემდეგ, დავხატე ილუსტრაცია, „ჰემფსტოკების სახლი“. ავტვირთე თამბლერზე და ნილ გეიმანმა “დამგულა”. აი, ეს იყო ბედნიერი დღე ჩემთვის. ახლახან ერთ-ერთი ჩემი საყვარელი წიგნის „ანიჰილაციის“ ქართული თარგმანის ყდა შევქმენი, რომლის ავტორზეც შემოგვითვალეს – „Jeff  absolutely loves your cover. You’ve made him very happy”. ის, რომ ჩემი წარმოსახვით შექმნილი წიგნის ილუსტრაცია ემთხვევა ავტორის წარმოდგენილ ყდას, ან პერსონაჟს, ჩემთვის ეს არის სტიმული და ბედნიერება.

M: რა არის მიმართულება, რომელშიც, ფიქრობთ, ლოგიკურად გადაიზრდება თქვენი დღევანდელი ჰობი?
ნაწილობრივ ვახსენე, რომ ახლა კონტრასტული წყვილების და მინი-ამბების ხატვის ეტაპზე ვარ, თუმცა ბოლო დროს ხშირად მეფიქრება გადაგვარებულ და მუტირებულ ბუნებაზე. ჩემი ნატვრა იყო და არის დღემდე, რომ ცალი თვალით, სულ ორიოდ წამით გადავხედო, როგორია მომავლის სახეცვლილი ეკოგარემო. სავარაუდოდ, მალე ამოხეთქავს ეს უცხო ფორმის კადრები ნახატებად – ბუნებაზე ორიენტირებული მოგონილი სამყაროს სურათები. “ეკოფიქშენი”? ალბათ.თუმცა, ჯერჯერობით, ეს ისევ ჰობია და ძირითადი სამუშაო სხვა პროფილით მაქვს. ცოდნის გაღრმავება აშკარად მჭირდება, შეიძლება გრაფიკული დიზაინის შესწავლასაც მივყო ხელი, თუმცა, არ ვიცი, რამდენად გამომივა ჩემი საყვარელი საქმის შემოსავლის წყაროდ ქცევა. ჯერჯერობით განვაგრძობ ჩემი საყვარელი ამბების ილუსტრაციებად ქცევას.

განხილვა