in

„ნამდვილი ღირებულებები მუდმივია“ – „ვეფხისტყაოსნის“ გმირები „ნატახტრის“ ახალ სერიაზე

„პერსონაჟები უნდა იყვნენ გმირები, რომლებსაც ძალის გარდა, შინაგანი სამყაროც აქვთ“, – ამბობს მხატვარი და ილუსტრატორი დავით მაჭავარიანი. სწორედ, ასეთები არიან ტარიელი, ავთანდილი, ფრიდონი და სხვა გმირები, რომელთა შექმნაზე 3 წელი იმუშავა და როგორც თავად ამბობს, მათთვის ყველაფერი გაიღო. ასე შეიქმნა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსანი“. ერთი წლის შემდეგ კი ეს პერსონაჟები ლუდი „ნატახტრის“ სპეციალურ, ლიმიტირებულ შეფუთვაზე, 4 სხვადასხვა ვიზუალით გამოჩნდნენ და სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიკეთესა და თანასწორობაზე გვიამბობენ.

„ნატახტრის“ გუნდში ამბობენ, რომ ამ სერიის მიზანია, მომხმარებლებს კიდევ ერთხელ შეახსენონ „ვეფხისტყაოსნის“ მთავარი ღირებულებები. ანუ ის, რამაც საქართველო გარე თუ შიდა მტრებისგან გადაარჩინა და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებაში დაეხმარა.

„დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ეს ღირებულებები, რომ ჩვენი თანამედროვე ყოფა უფრო კარგი და წარმატებული გახდეს. ზუსტად „ვეფხისტყაოსანია“ ის, რამაც განსაზღვრა ჩვენი ეროვნულობა და ის არამც თუ დავიწყებას უნდა მიეცეს, არამედ უნდა გადავიაზროთ და ცხოვრების წესად ვაქციოთ. ამისათვის ბრენდი იყენებს თავის შეფუთვას და ინფორმაციის მატარებელი ხდება, რაც, ჩემი აზრით, დიდი მისიაა“, – ამბობს ეფეს საქართველოს“ მარკეტინგის მენეჯერი ანა ქარჩავა.

დავით მაჭავარიანი ფიქრობს, რომ როცა დიდი კომპანია ყიდულობს 4 ნამუშევარს, თანაც საავტორო უფლებების გათვალისწინებით და ერთი სეზონით, სპეციალური ჩამოსხმისთვის, ეს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი პრეცედენტია.

„ ეს არის მაგალითი იმისა, როგორ შეუძლია დიდ კორპორაციას ითანამშრომლოს მხატვართან, ხელოვნებასთან. და ეს ძალიან კარგია. გარდა იმისა, რომ „ნატახტრის“ ეს სპეციალური გამოშვება თაროზე დევს და განსახილველი თემაც გახდა, შეიძლება, წიგნის გაყიდვებსაც დაეხმაროს“.

ასეთია „ნატახტრის“ ახალი სერიის შექმნის მთავარი მიზანი. თუმცა, მოდით, მოგზაურობა 2011 წლიდან დავიწყოთ, რომ უფრო ზუსტად გავიგოთ, როგორ გაჩნდა გრაფიკული რომანი და მისი პერსონაჟები, შემდეგ კი როგორ გახდნენ ისინი „ნატახტრის“ ლიმიტირებული სერიის მთავარი გმირები.

დავით მაჭავარიანი: „2011 წელს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ „ვეფხისტყაოსნის“ კლასიკური ვერსია გამოუშვა. ამ გამოცემისთვის გავაკეთე ილუსტრაციები. პროექტზე 2 წელი ვმუშაობდი და სულ 31 ილუსტრაცია შევქმენი. შემდეგ ვიფიქრე, რომ ყველაზე სწორი იქნებოდა, გრაფიკულ რომანზე დამეწყო მუშაობა. საქართველოში ხომ საერთოდ არ არსებობდა გრაფიკული რომანი, კომიქსი მთელი თავისი ლიტერატურული ღირებულებებითა და სერიოზულობით. რატომღაც, ყველას ჰგონია, რახან კომიქსია, ე.ი. საბავშვოა, უცბად უნდა გაკეთდეს და არ არის სერიოზული. არა და მსოფლიოში ეს ასე არ არის“.

ამბობს, რომ კაცობრიობის ქვეცნობიერში, წლების მანძილზე, სხვადასხვა გამოცდილება გროვდება, რასაც გვერდს ვერ აუვლი და ვერ დამალავ. ეს კი საშუალებას გვაძლევს ადამიანებს, ტრადიციულ ნამუშევრებს ახალი ფორმა მივცეთ. გრაფიკული რომანი – „ვეფხისტყაოსანი“ სწორედ ამის მაგალითია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ავტორისთვის და ქვეყნისთვის.

„სამი წელი დავახარჯე ამ პროექტს. ჩემი ჯანმრთელობა, ოჯახი, აი, ყველაფერი გავეცი იმისთვის, რომ  ეს წიგნი ყოფილიყო. ძალიან დიდი ნაბიჯია ჩემთვისაც და მგონი, ქართული ახალგაზრდა ცნობიერებისთვის. მგონია, რომ ბავშვები გაიზრდებიან ამ წიგნზე, როგორც ინტერნეტის ეპოქაში დაბადებული ხალხი, რომელიც ვერ ხვდება, როგორი იყო ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. აი, ზუსტად ეს არის ის, როგორიც იყო ცხოვრება ინტერნეტის გარეშე. ჩინეთში, 1950-იანებში მთელი „ვეფხისტყაოსანი“, დეტალიზირებულად, კომიქსად გამოუშვეს. ცოტა საწყენი იყო, ჩვენ რომ ასეთი რამ აქამდე არ გვქონდა. საბოლოოდ რაც გამოვიდა პირდაპირ მხატვრული, ღირებული ლიტერატურაა“.

წიგნზე მუშაობა უცნაურად დაიწყო – ჯერ პერსონაჟები დახატა, შემდეგ კი სცენარი გააკეთა, ნახატების მიხედვით. დავით მაჭავარიანი თვლის, რომ ეს მხოლოდ წიგნი არ არის, რომანში ყველაფერია – კადრების წყობა, მხატვრობა, კადრი კადრს მიჰყვება და მთელი ხასიათი მოფიქრებულია. კადრებად რომ დავითვალოთ, დაახლოებით, 5 საათიანი მასალაა და თუ ვინმეს ფილმის გადაღება მოუნდება, მასალა მზად არის.

„პერსონაჟები უნდა იყვნენ გმირები, რომლებსაც ძალის გარდა, შინაგანი სამყაროც აქვთ. ჩემს გრაფიკულ რომანში მათი ხასიათები ინტეგრირებულად კეთდებოდა და შესაბამისად, იქვე იხვეწებოდა. ვიდეოთამაშის პრინციპი ავიღე – აქ სამი გმირია. ერთი არის უფრო სწრაფი, თავისი ხმლით, ეს ტარიელი იქნებოდა, მათრახით, თხელი ჩაცმული მოსასხამით. მეორე – არაბი, რომელიც კარგი მსროლელია, ანუ ავთანდილი და ფრიდონი, რომელიც მძიმედ შეიარაღებული, მძიმე ჯავშანში ჩაცმული ტიპია. თავიდან, წარმოდგენა არ მქონდა, როგორები უნდა ყოფილიყვნენ ისინი, მაგრამ ხატვა რომ დავიწყე, შემდეგ ჩამოყალიბდნენ, პერსონაჟებს თავისი ნაკვთებიც მიეცათ, ხასიათიდან გამომდინარე. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომ ქართული რეალობისთვის უცნობ ფორმაში უნდა ჩამოსხმულიყო ის ნაწარმოები, რომელსაც არა მარტო პატივს ვცემთ, არამედ ასოცირებულია ქართულ იდენტობასთან. თვითონ პერსონაჟების ვიზუალური თხრობაც უნდა ყოფილიყო ადეკვატური. როცა მეუბნებიან, ვთქვათ, როსტევანი ზუსტად ასეთი წარმომედგინაო, ე.ი. საერთო ქვეცნობიერიდან ამოყვანილი პერსონაჟები შევქმენი. შესაძლოა, ვინმეს ტარიელი ცოტა განსხვავებული წარმოედგინა, მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც იმის გარშემო ტრიალებს, როგორც ამ წიგნში გამოიყურებიან. ეს კი ძალიან მახარებს.

ვფიქრობ, პირველი ისეთი ნამუშევრებია, რომელსაც არ შერცხვება საზღვარგარეთ გასვლა, გრაფიკული რომანის სახით“.

სწორედ, ეს ღირსეული პერსონაჟები მოხვდნენ „ნატახტრის“ ახალ შეფუთვაზე. დაარსებიდან 15 წლის თავზე, ბრენდმა გადაწყვიტა მომხმარებლისთვის განსაკუთრებული შინაარსის სერია შეეთავაზებინა. პერსონაჟებზე დიდხანს არც უფიქრიათ, ასეთი განსაკუთრებული რამ ხომ უკვე არსებობდა – დავით მაჭავარიანის გრაფიკული რომანი – „ვეფხისტყაოსანი“.

ანა ქარჩავა: „ჩემი აზრით, ძალიან სასარგებლო და საინტერესო ფორმაა ქართული გენიის გამოხატვისა. ასე „ვეფხისტყაოსანი“ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდა და დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დიდ შედეგს მოიტანს – შინაარსს მეტ ადამიანს  გააგებინებს/გაახსენებს. თავიდანვე ვგრძნობდით, რომ ეს სრულიად ახალი სიტყვა იქნებოდა, ახალი სიტყვა რომლის თქმის უფლებაც „ნატახტარს“, როგორც 15 წლის ბრენდს უკვე ჰქონდა“.

ანა ქარჩავა თვლის, რომ დავით მაჭავარიანის ამ ნამუშევრით „ვეფხისტყაოსანი“ კიდევ უფრო დაუახლოვდა ადამიანებს – განსხვავებული ფორმით მოჰყვა ამბავს სიყვარულზე, მეგობრობაზე, სიკეთეზე, თანასწორობაზე.

„არჩევა ჯერ თემატიკით დავიწყეთ. ვეცადეთ, განგვესაზღვრა ყველაზე მნიშვნელოვანი ოთხი რამ, რისი თქმაც შეგვეძლო, ჩვენი შეფუთვის მეშვეობით. მივხვდით, რომ მთავარი სათქმელი სიყვარულის, მეგობრობის, სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და თანასწორობის ამბები უნდა ყოფილიყო.

დღესდღეობით, მსოფლიოში სიძულვილის ენის გამოყენება ხშირია და ძალიან  დიდი ნეგატივია გარშემო. 2020-მა კიდევ უფრო ნათლად დაგვანახა, რამდენად მარტივი გახდა, ამ ინფორმაციულ ერაში, უარყოფითი მუხტის გავრცელება. სწორედ ამიტომ, ახლა კიდევ უფრო მეტად საჭირო და ვიტყოდი, აუცილებელიც არის ასეთი პროექტი.

„ვეფხისტყაოსანმა“ შემოგვინახა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მთავარ ღირებულებებზე იყო დაფუძნებული რენესანსისა და საქართველოს აღზევების დროში ადამიანობა. თავიდანვე გვჯეროდა, რომ შეგვეძლო, იმ ღირებულებების ხაზგასმა და პოპულარიზაცია, რომლებიც არასოდეს ძველდება. ამიტომ, ახალი შეფუთვისთვის შევარჩიეთ ის მთავარი და ჩვენი აზრით, პრიორიტეტული თემები, რაზეც ადამიანობა დგას, რაც არასოდეს არ უნდა დაგვავიწყდეს“.

ლუდი „ნატახტრის“ „ვეფხისტყაოსნის“ სერია ამით არ სრულდება – ეს შეფუთვები წარდგენილია საერთაშორისო კონკურსებზე – „წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) და „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ (World Beverage Innovation Awards 2020). აღსანიშნავია, რომ კონკურსში, „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“, „ნატახტრის“ ლიმიტირებული სერია უკვე ფინალშია.

„საკმაოდ მნიშვნელოვანი კონკურსებია, სადაც მსოფლიო ბრენდები წარდგებიან და თავის ინოვაციურ შეფუთვებს შეადარებენ ერთმანეთს. აქ მონაწილეობა ბრენდს საშუალებას აძლევს, ისაუბროს ქვეყნის ღირებულებებზე. შედეგები ნოემბერში გახდება ცნობილი, რასაც სულმოუთქმელად ველით“, – ამბობს ანა ქარჩავა.

 

კრედიტები 

ბრენდი „ნატახტარი – ანა ქარჩავა, გურანდა ნემსაძე, ანა რამიშვილი

ილუსტრატორი – დავით მაჭავარიანი (კაკადუ)

გრაფიკული ვიდეო – Studio impulse

მუსიკა – Nakadi

 

[R]

ABK-მ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის ვიზუალური სტილი შექმნა

ანანო მიმინოშვილის საკარანტინო თამაში – Emojinarium