in

ნატალია კვიწინაშვილი – #პირველისამსახური

ყველაფერი საინტერესო და გარდამტეხი ცხოვრებაში შემთხვევით იწყება. განცხადება, რომლითაც ჩემი პირველი სამსახური ვიპოვე, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოზე ვნახე. 2000-იანი წლებია, ტექნოლოგიები ჯერ ნამდვილი ფუფუნება, ხოლო ვაკანსიების ელექტრონული განთავსება წარმოუდგენელი იყო. მეორე კურსის დამთავრებისთანავე, მქონდა მოტივაცია და მსურდა ჩემი კარიერული წინსვლისთვის საძირკველი სტუდენტობის წლებშივე ჩამეყარა, ამასთან, მქონოდა პირადი შემოსავალი და ერთგვარად შევხიდებოდი ოჯახს, რომელსაც სხვების მსგავსად უჭირდა და მხოლოდ აუცილებელი მოთხოვნების დაკმაყოფილება შეეძლო.

განცხადების მიხედვით, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პროექტისთვის მკვლევრებს ეძებდა, იმ მომენტში ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა სოციოლოგიაზე, საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით ვსწავლობდი, გასაუბრებამდე სახელმძღვანელოების გადათვალიერება დ მწირი ინფორმაციის მოგროვება შევძელი, დანარჩენი ჩემი წარმოდგენით გავამყარე და ასე მივიღე პირველი სამსახური, ინტერვიუერის პოზიციაზე.

ეს იყო ახალი სამყარო და გამოწვევები. მახსოვს, როგორი რთული იყო მძიმე 90-იანიების შემდეგ კარზე დაკაკუნება, ნდობის მოპოვება და ადამიანებისთვის იმის ახსნა, რომ უცხოს შეიძლება კარი გაუღო და კითხვებზე უპასუხო. მივხვდი, ამ სიტუაციაში მხოლოდ ღიმილი და კეთილგანწყობა იქნებოდა ჩემი მთავარი ინსტრუმენტი, ეს მეხმარებოდა ადამიანებთან ურთიერთობისას.

ტექნიკური უნარები მალევე დამეხმარა ორგანიზაციის შიგნით წარმომეჩინა თავი და ინტერვიუერის პოზიციასთან ერთად ბაზის სტატისტიკოსის სპეციალისტიც გავხდი. წელიწადზე მეტი ვიმუშავე და სამი პროექტის მონაწილე ვიყავი, სწორედ ერთ-ერთ პროექტზე მუშაობისას გავიცანი რუსუდან თელია (კომპანია ეისითის დამფუძნებელი), რომელმაც მოგვიანებით კომპანიის დაფუძნების შესახებ მიამბო და გადასვლა შემომთავაზა. კომპანიის ჩასახვის ეტაპებს გავდიოდით, ყველა ყველაფერს ვაკეთებდით, ინტერვიუერად დავიწყე, შემდეგ მონაცემთა ბაზებში გადავინაცვლე, შემდეგ პროექტის მენეჯერად დავწინაურდი და დღეს უკვე ამ კომპანიის სათავესთან ვდგავარ, ყველა რგოლი მაქვს გავლილი კომპანიაში და ზუსტად ვიცი, რომ ეს აუცილებელი იყო.

ჩემი პირველი ხელფასის ემოციაც დაუვიწყარია. ამ თანხით მობილური შევიძინე, რომელიც საზიარო იყო, ჩემთვის ძვირფას ადამიანთან. მაშინ სახლის ტელეფონები გვქონდა და მობილურით სახლიდან გასულზეც ვახერხებდით კომუნიკაციას. ხშირად მეკითხებიან, რატომ გავცვალე ეკონომიკა სოციოლოგიაზე, მე კი ვფიქრობ, რომ ეს ორი იდეალურად შევათავსე. ამიტომ, ყოველთვის ვაკვირდები შემთხვევით მოვლენებს ჩემს ცხოვრებაში, რადგანაც მჯერა, მათ შორის უამრავი წარმოუდგენელი შესაძლებლობაა.

 

ნატალია კვიწინაშვილი – ACT-ის მმართველი პარტნიორი, აღსრულების ლიდი

Facebook ციხიდან გამოსული ადამიანებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას ტესტავს

31 მარტი Mario-ს სიკვდილის დღედ გამოცხადდა!