მარკეტერის ინტერვიუ ჟურნალ “EGO”-ს თანადამფუძნებელ ნატალია ლუჩანინოვასთან, რომელიც მშობლების ხასიათიდან გამომდინარე ხშირად იცვლიდა სკოლას.
“ჩემი მშობლები განათლების კუთხით დიდ ექსპერიმენტს ატარებდნენ ჩემზე, ამიტომ ბევრ სკოლაში მომიხდა სწავლა. ალბათ, სწორედ ამან განაპირობა ის, რომ მარტივად ვეგუები სიახლეს. მე-9 კლასში გადავწყვიტე, ESM-ში ექსტერნად ჩამებარებინა.
16 წლის ვიყავი, როდესაც სტუდენტი გავხდი. მე-2 კურსიდან სარეკლამო კომპანიაში სტაჟიორად დავიწყე მუშაობა. როგორც კი მარკეტინგს შევეხე, თავიდანვე მივხვდი, ეს იყო ის სფერო, სადაც ჩემს თავს რეალიზაციას კარგად გავუკეთებდი.
სარეკლამო კომპანიაში თვენახევარი გავდიოდი სტაჟირებას და ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანი, ვინც მომავალს მარკეტინგს უკავშირებს, კარიერული კიბის პირველ საფეხურად სწორედ სარეკლამო კომპანიას უნდა ირჩევდეს, რადგან, ყველაზე კარგად აქ იცნობ ბაზარს, აღიქვამ შემსრულებლის ფუნქციებს, ერკვევი ბეჭდვის მეთოდებში – ანუ, ეს არის რეალობას მორგებული კარგი საბაზისო განათლების მიღების საშუალება.
თქვენი პირველი სამსახური (პოზიცია) და ანაზღაურება?
პირველი ანაზღაურებადი სამსახური “ივერია ბიზნეს ჯგუფი” (IBG) იყო, მარკეტინგის სპეციალისტი ვიყავი 18 წლის ასაკში და 350 დოლარი მქონდა ხელფასი. კომპანიაში სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი იყო წარმოდგენილი, მე “კრეს ავტოჰაუსი” მეხებოდა. IBG-ში მუშაობის პერიოდი საკმაოდ საინტერესო იყო, რადგან ხშირი შეხება მქონდა სათაო ოფისთან გერმანიაში, შესაბამისად ვეცნობოდი ევროპულ სტანდარტებზე მორგებულ კულტურას უშუალოდ მარკეტინგის კუთხით.
მიიჩნევთ თქვენ თავს და კარიერას წარმატებულად? რა არის წარმატება თქვენთვის და რაზეა იგი დამოკიდებული?
რთულია ადამიანმა საკუთარ თავზე თქვას, თუ რამდენად წარმატებულია. თუმცა, მე ჩემი თავით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ. მხოლოდ კარიერა არ არის წარმატების განმსაზღვრელი. ვიღაცისთვის წარმატებაა ის, რომ კარგი დიასახლია, ვიღაცისთვის – კარგი ცოლობა, კარგი შვილობა და ა. შ.. მე საერთოდ კარიერაზე ორიენტირებული ადამიანი ვარ, ჩემთვის პრიორიტეტია ის, თუ რას ვაკეთებ, რას ვმოღვაწეობ.
ჩემს ცხოვრებაში ყოფილა სიამაყის წუთები, ასევე იყო პერიოდები, როდესაც უფრო მეტის გაკეთება შემეძლო, ვიზარმაცე და წინა პლანზე სხვა რაღაც წამოვწიე. ადამიანი საკუთარი თავით ყოველთვის კმაყოფილი ვერ იქნები. “სწრაფვა მაქსიმუმისკენ” – ეს ჩემი დევიზია.
როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?
ჩემი სამუშაო დღე, სხვა დასაქმებული ადამიანისგან, ძალიან განსხვავდება. ამჟამად ორი ამერიკული კომპანიის თანამშრომელი ვარ – Northeast Maritime Institute და Commonwealth of Dominica International Maritime Registry. ორივე კომპანია მასაჩუსეტსის შტატში მდებარეობს. მე კი, როგორც მათი წარმომადგენელი ევროპის კონტინენტზე, თბილისიდან მიწევს მუშაობა. სამუშაოსთვის არ მაქვს კონკრეტული დრო ან ადგილი გამოყოფილი. შესაბამისად, ვმუშაობ სახლიდან, სასტუმროებიდან, კაფე-ბარებიდან, იმ ადგილიდან, საიდანაც წვდომა მექნება ინტერნეტზე.
ხშირ შემთხვევაში, 24 საათიან რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან საქმე, რასაც ვემსახურები 9 საათით ჩამორჩება საქართველოს დროს. დღეს ვგეგმავ ისე, როგორც მინდა, მთავარია ჩემი მხრიდან გაკეთდეს საქმე, რომელიც მევალება და დროის რა მონაკვეთში გავაკეთებ, სად და ვის გარემოცვაში ამას მნიშვნელობა არ აქვს.
როგორია თქვენთვის იდეალური სამუშაო გარემო?
ვფიქრობ, იდეალური სამუშაო გარემოსთვის კონკრეტული ფაქტორები არ არსებობს. აქამდე, სადაც მიმუშავია ყოველთვის ვცდილობდი, რომ ჩემით შემექმნა ის კომფორტი, რაც მე გამიადვილებდა სამუშაოზე კონცენტრირებას; ანუ, ყველგან ჩემს პატარა “ბუდეს” ვიშენებდი.
ძალიან კარგად მახსენდება სასტუმროების ქსელ – “Radisson Blu Iveria”-ში გატარებული 3 წელი, სადაც ორი სასტუმროს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვიყავი. ეს იყო ძალიან საინტერესო პერიოდი. სასტუმრო ცოცხალი ორგანიზმია, სადაც “არანორმალურ” რეჟიმში უწევს თითოეულ თანამშრომელს მუშაობა. არ მიყვარს დროის ტყუილად ფლანგვა, შესაბამისად, იქ გათენებული ყველა ღამე შეიძლება ითქვას, რომ ტკბილად მახსენდება.
როგორ გაჩნდა “EGO”-ს შექმნის იდეა?
“ეგო”-ს შექმნის იდეა გაგვიჩნდა მე და ანუკი ნაცვლიშვილს. მე და ანუკიმ, დამკვეთის და შემსრულებლის ფუნქციებით გავიცანით ერთმანეთი, რაც მეგობრობაში გადაიზარდა. 2011 წელს გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ის, რაც ორივეს ძალიან მოგვწონდა, გამოგვეცა ჟურნალი. ეს იყო 21 ოქტომბერი, ხოლო 17 დეკემბერს “ეგო”-ს პირველი ნომერი ხელში გვეჭირა.
ძალიან სწრაფად მოხდა ყველაფერი, ღამეებს ვათენებდით, რომ ეს პროდუქტი ყოფილიყო ისეთი, როგორიც წარმოგვედგინა. ანუ ჟურნალი, რომელიც დააინტერესებდა ყველა ტიპის ქალბატონს, იქნებოდა ეს დიასახლისი, სტუდენტი, ხელოვანი, ექიმი, ბიზნესში მოღვაწე ქალბატონი თუ სხვა. “ეგო”, ეს არის ჟუნალი, რომელიც გარკვეულ მოტივაციას აძლევს ქალს, რომ უკეთ გააკეთოს ის, რასაც აკეთებს, გააკეთოს რაღაც ახალი, მოსინჯოს ძალები სრულიად ახალ სფეროში ან უბრალოდ, ისწავლოს სხვის შეცდომებზე.
რამდენად გაამართლა ის მოლოდინი, რომელიც თავიდან გქონდათ?
მინდა ვთქვა, რომ მოლოდინს გადააჭარბა. ყველას შეფასება ასეთი იყო, რომ 2 თვეზე ნაკლებ დროში, ეს იყო იმაზე მეტი, ვიდრე რამის გაკეთება შეიძლებოდა.
რა არის “ეგო”-ს განმასხვავებელი, დამახასიათებელი ნიშანი სხვა ბეჭდური ჟურნალებისგან?
ყველა ჟურნალი, რომელიც საქართველოში ახლა არსებობს, ცდილობს თავისი ნიშა დაიკავოს. როდესაც გადავწყვიტეთ ჟურნალის გამოცემა, მოვძებნეთ ის ნიშა, რომელიც აუთვისებელი იყო, ასევე ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარეც მივიჩნიეთ, რომ ჟურნალი უნდა ყოფილიყო საქმიანი ქალების შესახებ, იმის შესახებ თუ ვინ, როგორ და რის ხარჯზე მიაღწია წარმატებას.
საქართველოში აქამდე არ გაკეთებულა ჟურნალი, რომელიც ქალს ასეთი კუთხით წარმოაჩენდა, როგორც ეს ჟურნალ “ეგო”-ში ხდება. ჩვენი ჟურნალის იდეა იყო ის, რომ ყველა სფეროდან მოგვეძებნა საინტერესო ქალბატონები საინტერესო ისტორიებით, რომლებსაც ჩვენს მკითხველებს გაუზიარებდნენ; იქნებოდა ეს წარმატების ფორმულა, კარგად ორგანიზებული დღის რეჟიმი, სამოგზაურო რჩევები თუ სასაჩუქრე იდეები… გარკვეულწილად, ეს არის ქალბატონების გიდი სხვადასხვა საქმიანობაში.
გაამართლა თუ არა EGO Men-ის გამოცემამ? როგორ ფიქრობთ, რამდენად მზადაა ქართული საზოგადოება, ქართველი მამაკაცი მსგავსი ტიპის ჟურნალისათვის, მიიღო თუ არა იგი საზოგადოებამ?
“EGO Men”-ის შექმნაში უშუალოდ მე მონაწილეობა არ მიმიღია. ეს ანუკის გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ გაამართლა და წარმატებულია და რაც მთავარია, ჰყავს მკითხველი.
“ბეჭდური მედია, როგორც ბიზნესი”-რას ფიქრობთ ამის შესახებ? ითვლება თუ არა საქართველოში იგი მომგებიან ბიზნესად?
რადგან საქართველოს მოსახლეობა მცირეა, აქ ჟურნალის ბეჭდვა დაიწყო და გათვლა მოგებაზე გააკეთო, არის დიდი შეცდომა. თუ ვინმე ამით დიდ შემოსავალს იღებს, ეს მხოლოდ მითია, საქართველოში ეს არ ხდება.
სწორედ ამიტომ, იანვრიდან ჟურნალი “EGO” გაფართოვდება და იგი სომხეთშიც გაიყიდება.სომხეთის ბაზარზე ეგო გამოვა როგორც “Ego Armenia” და სომეხ ქალებზე იქნება ორიენტირებული. საქართველოს ბაზარი არის ძალიან პატარა, მკითხველიც ცოტაა და მითუმეტეს “ეგო”, რომელიც 2 ნაწილად არის გაყოფილი, ქალბატონებისა და მამაკაცებისთვის, კიდევ უფრო ამცირებს ჩვენს სეგმენტს. საერთოდ ვთვლი, რომ ჟურნალის აწყობა, დაარსება მეტწილად არის ამბიცია.
როგორია, საქართველოში ბეჭდურ მედიაში, კონკურენტული გარემო? როგორ შეაფასებდით?
“ეგო”-ს პირდაპირი კონკურენტი არ ჰყავს. ჩვენ ჩვენი ნიშა გვაქვს, სადაც ჟურნალმა თავი უკვე დაიმკვიდრა და თავისი სიტყვა თქვა.
რის გაუმჯობესებას ისურვებდით საქართველოს ბიზნესის სფეროში?
უფრო მეტი კომპანიის, მოთამაშის შემოსვლას. როდესაც დიდია კონკურენცია, “თამაშიც” მაშინ ხდება საინტერესო.