ერთხელ ერთ-ერთ კაფეში ქართველი მუსიკოსისა და შემსრულებლის, ნატალია ნაყოფიას ჰიტი, „ინსომნია” იყო ჩართული და გვერდზე მაგიდიდან ვიღაცამ აღტაცებით თქვა, ქართველი დუა ლიპა მღერისო…ეს ფრაზა კარგად ჩამრჩა მეხსიერებაში, რადგან მის შემოქმედებას თუ გადავხედავთ, მართლაც გამოვარჩევთ ნატალიას, როგორც თანამედროვე ქართული პოპის თილისმას, რადგან, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოში არც ისე დიდი მუსიკალური სცენაა, პოპმუსიკას კი ხშირად „გაცვეთილად” მოიხსენიებენ, ადვილი არ არის თავის დამკვიდრება განსხვავებულ არტისტად, რომელიც არ ჰგავს სხვებს.
დახვეწილი ვოკალი, მელოდიური სიმღერები, კომპოზიციური თავისუფლება და ბენდთან ერთად ცოცხალი შესრულება ის ძირითადი მახასიათებლებია, რომლებიც ნატალიას მოსმენისას ყურადღებას იქცევს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ის ხშირად ანებივრებს მსმენელს ესთეტიკური ვიდეოკლიპებითაც.
როგორც თავად გვიყვება, ერთ დღეს არ გადაუწყვეტია, რომ მუსიკოსი გამხდარიყო, არამედ თავიდანვე მუსიკით იყო მოცული და მის გარეშე არცერთი დღე არ უცხოვრია.
ნატალია ნაყოფია:
მუსიკისადმი ჩემი სიყვარული სულ პატარა ასაკიდან დაიწყო. ეს გამოიხატებოდა არა მარტო სიმღერასა და დაკვრაში, არამედ მუსიკის წერისადმი ინტერესშიც. ცოტა მორიდებული ბავშვი ვიყავი და სცენაზე გასვლა დიდად არ მიყვარდა, უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებდი უშუალოდ ახლის შექმნის პროცესით. აქედან გამომდინარე, მუსიკა ჩემთვის არ იყო პროფესია, რომელიც ავირჩიე, ვფიქრობ, რომ პირიქით, მუსიკამ ამირჩია მე.
უფრო სერიოზული ნაბიჯი გადავდგი მაშინ, როდესაც სასწავლებლად ბერკლის უნივერსიტეტში ჩავაბარე, რომელიც მდებარეობს აშშ-ში, კალიფორნიაში, თუმცა ეს ის პერიოდი იყო, როდესაც უფრო შესწავლისა და ძიების პროცესში ვიყავი, არ მქონდა კონკრეტული მიმართულება და არც მუსიკალური იდენტობა.
როდესაც დავასრულე სწავლა და საქართველოში დავბრუნდი, უკვე დავიწყე ფიქრი იმაზე, რომ საავტორო პროექტები გამეკეთებინა, ისეთი, რომლებსაც ფართო საზოგადოებასაც გავუზიარებდი. პირველი ასეთი სიმღერა, რომელიც გამოვაქვეყნე, იყო „ცისფერი აბი”, რომელიც ჩავთვალე, რომ იქნებოდა ცოტა რისკიანი პირველი ნაბიჯი, რაც სცენაზე შემოსასვლელად სწორ გათვლად მიმაჩნია.
აქედან დაიწყო ჩემი, როგორც მუსიკალური არტისტის კარიერა. მანამდე თითქოს ყველაფერი დაყოფილი იყო: ცალკე იყო მომღერლობა, ცალკე მუსიკის წერა, ცალკე დაკვრა გიტარასა და ფორტეპიანოზე, დებიუტის შემდეგ კი კომპლექსურად მოვუყარე თავი ამ ყველაფერს.
M: თქვენ ახლა ბენდთან ერთად მოღვაწეობთ. მოგვიყევით, როგორ შეიკრა ეს ბენდი?
ბენდის შეკვრა საკმაოდ რთულია, რადგან ეს არის განსხვავებული ადამიანების ერთობლიობა, რომლებსაც სხვა საქმეებიც აქვთ, ზოგი სხვაგანაც უკრავს და მარტივი არაა, ყველა ერთად შეკრიბო მაშინ, როცა გჭირდება.
თავად მიზანი ბენდის შექმნისა, იყო ლაივწარმოდგენები. მე მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ცოცხალი შესრულებით ვიდგე სცენაზე არა მხოლოდ ვოკალურად, არამედ ინსტრუმენტალითაც.
M: თქვენს შემოქმედებით პროცესზეც ვისაუბროთ, საიდან იწყება ერთ ახალ სიმღერაზე მუშაობა და როგორ მიმდინარეობს?
არ არსებობს ერთი გავრცელებული ფორმულა და კანონი. არის რაღაც სიმღერები, რომლებიც 5 წუთში დამიწერია და არის ისეთები, რომლებზეც ერთი თვეც მიმუშავია, როგორც ხელოვანი ამას ვერ აკონტროლებ. ზოგჯერ შეიძლება ცხოვრებაში იმ ეტაპზე არ იყო, რომ დაასრულო რაიმე იდეა, ამიტომ შეიძლება 2 წელიწადშიც კი მიუბრუნდე ამა თუ იმ დაწყებულ ტრეკზე მუშაობას.
ლირიკასა და მუსიკას ძირითადად ერთად ვაკეთებ. არის შემთხვევები, როცა რამდენიმე სიტყვას ვწერ თავიდან და მერე ამ შინაარსზე დაყრდნობით ვაძლევ სრულ ფორმას.
შემდგომი პროცესია უკვე მუსიკალური ფროდაქშენი, არანჟირება, ხასიათის მიცემა. ეს პროდიუსერთან ერთად ხდება. ძალიან მიყვარს ვოკალური არანჟირების კეთება და მსმენელი შეამჩევს, რომ ის ხშირად ისმის კიდეც ჩემს სიმღერებში, ბექვოკალშიც მომწონს პატარა საიდუმლო ელემენტების ჩართვა.
M: რა არის ხოლმე თქვენი შემოქმედებითი გზავნილი, რაც გსურთ, რომ მსნენელამდე მიიტანოთ?
ამაზე წინასწარ არ ვფიქრობ, რადგან არ მინდა, ჩემი მიზანი იყოს რაღაც კონკრეტულის თქმა მსმენელისთვის. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ვიყო ნამდვილი, მივაწოდო მსმენელს ჩემი თავი ავთენტურად, ხოლო მან თავად იგრძნოს, რამხელა სიყვარული დევს იმაში, რასაც ვაკეთებ, გაიგოს ის გრძნობები, რომლებზეც ეს სიმღერებია დაწერილი.
M: თქვენთვის, როგორც არტისტისთვის, რამდენად მნიშვნელოვანია მსმენელის უკუკავშირი?
უპირველეს ყოვლისა, ჩემი აზრით, მუსიკა არ უნდა იქმნებოდეს პოპულარობისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, როცა არტისტი დიდ შრომას დებ შენს საქმეში და ეს არ გიბრუნდება სათანადოდ, გული გწყდება. რაც არ უნდა ვიძახოთ, რომ არ გვაინტერესებს სხვისი აზრი, მაინც გვინდა გამოხმაურება, გვინდა, მსმენელი გვყავდეს და ვიღაცას მოვწონდეთ.
მუსიკის შექმნა და უკუკავშირი ცალ-ცალკე რაღაც არის. ერთია, როცა შენ აკეთებ ამ მუსიკას და მეორეა, როგორ გამოხმაურებას იღებ. არსებობს ასეთი გამოთქმაც – თუ ტყეში ხე წაიქცა და იყო დიდი ხმა, მაგრამ ეს ხმა ვერავინ გაიგო, რადგან იმ ტყეში არავინ იმყოფებოდა, მაშ იყო საერთოდ ხმა თუ არა? ასეა მუსიკის ირგვლივაც. შენ ქმნი მას, მაგრამ სხვა ადამიანები თუ არ უსმენენ, ის არსებობს თუ არა? ძალიან კომპლექსური საკითხია, თუმცა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია მსმენელების ჩართულობა, განსაკუთრებით, ის ენერგია, რომელსაც კონცერტებზე ვიღებ.

M: თქვენი აზრით, რა გამოწვევებია დღეს ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში?
ყველაზე მთავარი ისაა, რომ არტისტს თავად, ბრძოლით უწევს შესაძლებლობების შექმნა. ვფიქრობ, რომ პოპჟანრი, რომელიც მსოფლიოში ძალიან გავრცელებულია, ჩვენთან ისეთი განვითარებული არ არის, თუნდაც, სივრცეების კუთხით. ეს ის ჟანრია, რომელსაც თავისებური სცენა და გარემო სჭირდება, რომლის არარსებობის გამოც ჩვენი შესაძლებობები იზღუდება. მიხარია, რომ ნელ-ნელა უფრო მეტი ადამიანი ლაპარაკობს ამაზე და ბევრი, მათ შორის, ჩემი ნაცნობიც ცდილობს, იზრუნოს ამ გამოწვევების დაძლევაზე.
M: ვისაუბროთ თქვენს ბოლო ნამუშევარზე, რომელსაც ჰქვია „თავიდან”…
ძალიან პოზიტიური გამოცდილება მაქვს ამ სიმღერაზე მუშაობასთან დაკავშირებით. ჩემი წინა სიმღერების ფონზე ეს უფრო აქტიური და ენერგიულია, ამიტომ პროცესში კარგად გავერთე და სიამოვნება მივიღე მაქსიმალურად.
ეს რაც შეეხება თავად ტრეკს და ცალკე ძალიან საინტერესო იყო ვიდეოზე მუშაობა: რეჟისურა, ცეკვასა და საბრძოლო ხელოვნებაზე სიარული და ა.შ. გარდა ამისა, ეს იყო ქალ რეჟისორთან მუშაობის ჩემი პირველი გამოცდილება, კარგად გავუგეთ ერთმანეთს, საერთო პერსპექტივა დავინახეთ ამ ვიდეოში, რომელიც სულ რაღაც 12 საათში გადავიღეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ.
M: და ბოლოს, რა სიმღერას დაუტოვებდით მკითხველს?
რადგან ზემოთ ჩემს ბოლო სიმღერაზე ვსაუბრობდი, გამოვიყენებ შესაძლებლობას და ამ სიმღერას დავუტოვებ. საკმაოდ ბევრი სტრესია ჩვენ ირგვლივ, თუნდაც, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, უმეტესად დასტრესილები ვართ ადამიანები. ეს სიმღერა მე პირადად დამეხმარა იმაში, რომ ორი წუთით მაინც გადავერთო პოზიტივზე და იმედია, სხვებსაც დაეხმარება.
რუბრიკა zeekr Music Discovery-ს წარმოგიდგენთ Zeekr
სასიამოვნო მოგზაურობისთვის, გამოგვყევით და მოუსმინეთ მარკეტერისა და Zeekr-ის Spotify-ს ერთობლივ ფლეილისტებს:
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი













