პირველი სამსახური 18 წლის ასაკში დავიწყე, როდესაც „ფოტო სამყაროში“ ფოტოგრაფად მოვხვდი. 2005 წელი იყო, პარალალურად, სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე ვსწავლობდი და სამსახურს ვეძებდი. ვაკანსიის შესახებ მეგობრისგან გავიგე და მომეწონა იდეა, რომ ჩემი კარიერა ამ საქმიანობასთან დამეკავშირებინა. მართალია, ეს ჩემს პროფესიასთან პირდაპირ კავშირში არ იქნებოდა, მაგრამ იმ დროისთვის ფოტოგრაფიითაც ვიყავი გატაცებული.
გასაუბრების შემდეგ, მალევე დავიწყე მუშაობა. თავდაპირველად, ჩემი მთავარი ფუნქცია პასპორტის ფოტოების გადაღება გახლდათ. საინტერესო იყო, რადგან ეს საქმე სიზუსტესა და სტანდარტების დაცვას საჭიროებდა. მალე, ჩემი როლი გაიზარდა და დავიწყე ძველი ფოტოების აღდგენა-დამუშავება, რაც ბევრად უფრო შემოქმედებითი პროცესი იყო. დასკანერებულ, ხშირ შემთხვევაში კი, დაზიანებულ შავ-თეთრ ფოტოებს ვამუშავებდი, აღვადგენდი და ახლიდან ვბეჭდავდი. ეს მოითხოვდა მოთმინებასა და ტექნიკურ სიზუსტეს, რაც დროთა განმავლობაში განვავითარე კიდეც.
ანაზღაურება სტუდენტისთვის გონივრული იყო – საკმარისი პირადი ხარჯებისთვის. სამსახურსა და სწავლას ერთმანეთს ვუთავსებდი, ახალგაზრდული ენერგია და ენთუზიაზმი მეხმარებოდა ორივე მიმართულებით პროდუქტიული ვყოფილიყავი.
ამ გამოცდილებამ არა მხოლოდ ტექნიკური უნარები შემძინა, არამედ მომცა საშუალება დამეხვეწა უნარები, რომლებიც დღემდე მეხმარება კარიერაში. მომხმარებლებთან ყოველდღიურმა ურთიერთობამ, სხვადასხვა მოთხოვნის მქონე ადამიანების მომსახურებამ კომუნიკაციის უნარი ჩამომიყალიბა. მაგალითად, ვისწავლე, როგორ მოვქცეულიყავი სტრესულ სიტუაციებში, როდესაც მომხმარებლებს განსაკუთრებული მოთხოვნები ჰქონდათ.
ეს სამსახური სახელოვნებო ექსპერიმენტების საშუალებასაც მაძლევდა. სწორედ აქედან დაიბადა პროექტი – ინსტალაცია My Wallpaper – სხვადასხვა ადამიანის პასპორტის ფოტოებისგან შექმნილი ოთხმეტრიანი კოლაჟი, რომელიც 2007 წელს სამხატვრო აკადემიის გამოფენაზე წარვადგინე. ეს იყო რუტინული პროფესიული საქმიანობის განსხვავებულ კონტექსტში გადააზრებისა და მოცემულობის შემოქმედებითად გამოყენების მცდელობა.

„ფოტო სამყაროში“ დაახლოებით ორი წელი გავატარე. ამ პერიოდმა მომცა მყარი საფუძველი შემდგომი კარიერული განვითარებისთვის. აკადემიის დასრულების შემდეგ გადავწყვიტე პროფესიული მიმართულების შეცვლა – არქიტექტურაზე ჩავაბარე და სრულიად ახალი მიმართულებით წავედი.
დღეს, როდესაც MUA – Architecture & Placemaking-ის პარტნიორი და პროექტირების ხელმძღვანელი ვარ, ხშირად ვაცნობიერებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო პირველი სამსახური ჩემი განვითარებისთვის. ფოტოგრაფიული ხედვა და ხელოვნებასთან სიახლოვე მეხმარება არქიტექტურას უფრო ფართო პერსპექტივით შევხედო.
ნატალია ნებიერიძე – MUA – Architecture & Placemaking-ის პარტნიორი და პროექტირების ხელმძღვანელი.











