12
Jun
2017

ნატალია ზუევა – #პირველისამსახური

12 Jun 2017

აქტიური, დატვირთული, საინტერესო, სულ მოვლენების ეპიცენტრში და „ცხელ-ცხელ“ ამბებში გატარებული 4 წელი საინფორმაციო სააგენტო კავკას-პრესში – ასეთი იყო ჩემი პირველი სამსახური. დირექტორმა პაატა ყურაშვილმა რამდენიმე წუთიანი გასაუბრების შემდეგ, მიმიღო ჟურნალისტად სამუშაოდ თავის მეგობრულ პატარა კოლექტივში. არადა, გამოცდილებასაც არ დავარქმევ, რაც იმ დროისთვის მქონდა – ვწერდი გაზეთებში და ერთ-ერთ სააგენტოში. კავკას-პრესი კი ერთ-ერთი პირველი და წამყვანი საინფორმაციო სააგენტო იყო იმ დროს. იმდენად მონდომებული ვიყავი, პაატა მენდო და  შანსი მომცა.

ძალიან პატარა ანაზღაურება მქონდა – 1 ლარს მიხდიდნენ ინფორმაციაში და ამ ლარსაც ტრანსპორტში ვხარჯავდი, თუ  პრესკონფერენციაზე წასვლა მიწევდა, მაგრამ სიამოვნებით ვმუშაობდი. არჩევნების დღეს 21 პრესკონფერენციას დავსწრებივარ, ხან ტელეფონით გადავცემდი ინფორმაციას, ხან გადარბენით ოფისში – მედია ცენტრი რუსთაველზე იყო, ხოლო კავკას-პრესი გზის მეორე მხარეს, მერანის შენობაში.

დღის განმავლობაში შეიძლება კონფლიქტის ზონაში, გორში, იაღლუჯას მთაზე იარაღის აფეთქების ამბავზე წავსულიყავი, ხოლო საღამოს მერიოტში მიღებაზე ვყოფილიყავი გამწესებული. არც ერთი დღე ჰგავდა მეორეს. ეს იყო ჯერ კიდევ შევარდნაძის დრო, გარდატეხის, რევოლუციების პერიოდი არა მხოლოდ პოლიტიკაში, ყველაფერში. იმ დროს ინფორმაციას ფაქსით ვაგზავნიდით, მობილური ახალი ხილი იყო, ინტერნეტიც. ჟურნალისტიკაც არ იყო ისეთი კომერციული, როგორიც ახლაა. ბევრი რამ ვისწავლე ამ სამსახურში და ისეთი  გამოცდილება დავაგროვე, რომ იმის მერე „არსად ვიკარგები“. სამწუხაროდ, პაატა ყურაშვილი ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ცხოვრებიდან და საჯაროდ მადლობას ვეღარ ვეტყვი.

ყველაზე რთული პერიოდი მქონდა 2009 წლის სექტემბერში. ეს პერიოდიც პირველ  სამსახურს უკავშირდება, ოღონდ საკუთარი ბიზნესის სახით. ამ დროისთვის უკვე პიარ საქმიანობას ვეწეოდი. მოხდა ისე, რომ ერთდროულად, სრულიად მოულოდნელად, ორი სამსახურიდან წამოვედი (ერთი დაიხურა, მეორეს ფინანსურად უჭირდა), მოვყევი ავარიაში, დავამტვრიე ჩემი საყვარელი მანქანა და ამდენი წარუმატებლობის შემდეგ, მეგონა, ცხოვრება დამთავრდა. აღმოჩნდა, რომ ახალი ეტაპი იწყებოდა, 2 კვირაში დავარეგისტრირე პიარ და ღონისიებების სააგენტო „პიარ ოფისი“ და იმდენი  პროექტი განვახორციელეთ, 2 თვეში დღგ-ს გადამხდელი გავხდი. ამის მერე სირთულეების აღარ მეშინია.

ნატალია ზუევა, პიარ და ღონისძიებების სააგენტო PR OFFICE GE-ს დამფუძნებელი, დირექტორი.

განხილვა