6
Dec
2019

“პროცესები ჩვენ ვმართოთ და არა პროცესებმა გვმართონ” – ნატალია ხიზანიშვილი

6 Dec 2019

“ყოველთვის მინდოდა მქონდა შესაძლებლობა მეკეთებინა ისეთი საქმე, რაც დადებით გავლენას მოახდენდა ადამიანებზე, სულ ვცდილობ ვიმოქმედო ისე, რომ თუნდაც მცირედით შევძლო ისეთ ადამიანების დახმარება, ვისაც ამის ყველაზე მეტი საჭიროება აქვს”

როგორც ხშირად ხდება, ყველაფერი ბავშვური ოცნებებით დაიწყო, დღეს, ნატალია ხიზანიშვილი საკუთარ თავს ტექნოლოგიურ იდეაზე დაფუძნებულ ბიზნეს ლიდერად ხედავს. ნატალია ხიზანიშვილი Spotlight 2019-ის სპიკერია. სულ მალე, ის “სფოთლაითის” სცენიდან, ის თავის წილ “ერთიანობაზე” ისაუბრებს, მანამდე კი საკუთარ თავზე გვიყვება…

“სხვადასხვა დროს სხვადასხვა წიგნის ან კინოს გმირობა მინდოდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, ინტერესებიც უფრო კონკრეტული გახდა. მახსოვს, მამამ სახლში პირველად კომპიუტერი რომ მოიტანა, მაშინვე მივხვდი, რომ ტექნოლოგიები უნდა შემესწავლა და მას შემდეგ, სწორედ ამ მიმართულებით დავიწყე განვითარება”… უკვე თინეიჯერობის პერიოდში, დღეს უკვე გლობალური ბრენდის “ვოლტი” გენერალური მენეჯერი, სოციალური ქსელების აღმოჩენამ და ვებგვერდების აწყობამ გაიტაცა. თანამედროვე ტექნოლოგიების სიყვარულმა გავლენა პროფესიულ არჩევანზეც იქონია…

“ძალიან საინტერესო ეპოქაში გავიზარდე — სკოლას რომ ვამთავრებდი, დაახლოებით, იმ დროს აღმოვჩნდით ვების საოცარი სისწრაფით განვითარების მომსწრენი: წარმოიდგინეთ, სულ რაღაც 10 წელიწადში, 90-იანების ბნელი გარემო ინტერნეტის ხანამ ჩაანაცვლა, ეს კი მხოლოდ ტექნოლოგიური ღირებულებების გადაფასებას არ ნიშნავს — დიდ ინფორმაციაზე წვდომამ, თვალის დახამხამებაში შეიცვალა ჩემი და თანატოლების მსოფლმხედველობა. მეორე მხრივ, გარემოს ასეთი რადიკალური ცვლილებისათვის ფეხის აწყობა მარტივი არ არის, თუმცა მიმაჩნია, რომ ქართველების ხასიათში ზის კრიტიკულ სიტუაციებში სწრაფი რეაგირება, რაც ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე ლიდერებს ძალიან გვეხმარება.”

პირველი სამსახური, მარკეტინგის სტუდენტმა, მე-4 კურსზე სწავლისას დაიწყო. “ქართუ ბანკის” მარკეტინგის დეპარტამენტშიწინასაახალწლო ციებ-ცხელების პერიოდში მოხვდა. საქმე ძალიან მოსწონდა და მარკეტერად მუშაობაც სურდა, თუმცა, რაკი მარკეტინგის გუნდი უკვე დაკომპლექტებული იყო, მუშაობა მისთვის სრულიად სხვა სფეროში შესთავაზეს. ასე მოხვდა ინოვაციების განყოფილებაში:

„ქართუ“ პირველი ბანკია, რომელმაც 2007 წლიდან საქართველოში ელექტრონული კომერცია დანერგა და მეამაყება, რომ ამ ინოვაციის განხორციელებაში მეც მიმიძღვის წვლილი. პირველები ვიყავით, ვინც მომხმარებლებს საშუალება მისცა, სხვადასხვა ვებგვერდზე გადახდები ინტერნეტის მეშვეობით განეხორციელებინათ. რამდენიმე პროცესის ერთდროულად მართვა გვიწევდა — ერთი მხრივ, სრულიად ახალი დარგის გაცნობა, პერსპექტიული ინტერნეტ-მაღაზიების იდენტიფიკაცია და იქ ჩვენი გადახდის სისტემის დამატება, მეორე მხრივ კი – ქართველი მომხმარებლისათვის ელექტრონული კომერციის შესაძლებლობების სწავლება.”

საბოლოო ჯამში, დაახლოებით ათი წლის განმავლობაში, სწორედ ელექტრონული მიმართულების დეპარტამენტებს ხელმძღვანელობდა სხვადასხვა ბანკში.

“ორი წელი გავატარე „საქართველოს ბანკში“, ელექტონული არხების მიმართულებით,  პარალელურად შევქმენი ერთ-ერთი პირველი ქართული ელექტრონული მაღაზია, შემდგომ „ლიბერთი ბანკში“ ელექტრონული კომერციის დეპარტამენტს ვხელმძღვანელობდი; საბანკო ბარათების დეპარტამენტს ვუხელმძღვანელი, ასევე, „ტერა ბანკში“, პარალელურად, რამდენიმე სტარტაპშიც მივიღე მონაწილეობა.”

საკუთარი თავისადმი მომთხოვნია. ცდილობს მუდმივად ისწავლოს რაღაც ახალი და დადებითად ხვდება სიახლეებს. ელექტრონულ კომერციაში მუშაობას აფასებს როგორც უდიდეს პროგესიულ და პიროვნულ განვითარებას.

“იმისათვის, რომ ინოვაციურ სფეროს ემსახურებოდე, ინოვაციურად აზროვნებაც უნდა შეგეძლოს, რაც როგორც პროფესიული, ასევე ცხოვრებისეული გამოცდილებების საშუალებით ყალიბდება.”

სჯერა, რომ ადამიანების შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და ოცნებების ხორცშესხმას არ უშინდება. ერთ დღესაც, დადგა დრო, როცა ელექტრონული კომერციიდან სხვა სფეროში გადასვლის საჭიროება იგრძნო:

“ათწლიანი საბანკო კარიერის შემდეგ, ვიგრძენი, რომ ამ სფეროში საკუთარი თავი ამოვწურე და გადავწყვიტე, რაიმე სხვა სფერო მეცადა. სწორედ ამ დროს გეგმავდა ქართულ ბაზარზე „ვოლტი“ შემოსვლას. ბრენდის სათაო ოფისის წარმომადგენლებთან გასაუბრება გავიარე და აღმოჩდნა, რომ ჩვენი ხედვები ერთმანეთს დამეთხვა.”

შეიცვალა…

“პირველ რიგში, მასშტაბები. გლობალურ კომპანიაში საქმიანობამ საქართველოში დაბადებული იდეების საერთაშრისო ბაზარზე დანერგვის შესაძლებლობა მომცა. სტარტაპის მუშაობის სტილიც რადიკალურად განსხვავდება საბანკო სფეროსგან – მუდმივად ცვალებად გარემოში გვიწევს ადაპტირება და სტრატეგიული გადაწყვეტილებების უმოკლეს ვადებში მიღება.”

უკან ყურება არ უყვარს. არც შეცდომების გამოსწორებაზე ფიქრი – წარსულში დაბრუნება რომ შეეძლოს, ყველა შეცდომას ისევ ისე დაუშვებდა და ყველაფერს თავიდან ისწავლიდა. სამაგიეროდ, შედეგი შთააგონებს, ფიქრი, რომ მისი ხელშეწყობით ადამიანების ცხოვრებას გააუმჯობესებს.

“მიმაჩნია, რომ ხანდახან უკან დახევაც საჭიროა, როგორც ერთგვარი სტრატეგიის ნაწილი, თუმცა, ძირითადად, როდესაც ვიცი, რას მინდა მივაღწიო, მიზანი არ მაძლევს უკან დახევის საშუალებას. ჩვენს ბიზნესში კი, მეტად მნიშვნელოვანი არა უკან დახევისათვის თავის არიდება, არამედ ადაპტაციაა — აუცილებლად უნდა გაითვალისწინო გარე ფაქტორები და ფეხი აუწყო ცვლილებებს, რაც ზოგჯერ უკან დახევას, ზოგჯერ კი დივერსიფიკაციას მოითხოვს.

ტექნოლოგიები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ გუშინ დასახული მიზანი შესაძლოა ხვალ სრულიად აღარ აღმოჩნდეს აქტუალური. სწორედ ამ დროს გვჭირდება სწრაფი რეაგირების უნარი და ტენდენციების სწორად განსაზღვრა, იმისათვის, რომ პროცესები ჩვენ ვმართოთ და არა პროცესებმა გვმართონ.”

ერთიანობა მისთვის ნიშნავს…

“ესაა საერთო ღირებულებაზე აგებული სისტემის მთლიანობა და სიმყარე. კომუნიკაცია, ერთმანეთის მოსმენა და განსხვავებული აზრის მიღების უნარი. ეს ყველაფერი კი, საერთო ღირებულებების გარეშე ვერასოდეს მოხდება.”

დანარჩენს 15 დეკემბერს, Radisson Blu Iveria-ში, “სფოთლაითის” სცენიდან მოისმენთ…

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

განხილვა