Natalie’s Bookmarks – „ნატალის სანიშნეები” წიგნისა და შესაბამისად, სანიშნეების მოყვარულთათვის, ერთი კვირის წინ გახდა ხელმისაწვდომი. სტარტაპის სლოგანია – „არ გადაკეცო, ჩანიშნე” და მკითხველებს წიგნის მიმართ სიფრთხილისა და მზრუნველობისკენ მოუწოდებს. მიუხედავად იმისა, რომ „ნატალის სანიშნეები” რამდენიმე დღეა, რაც შეიქმნა, ის უკვე იყიდება თბილისში, „ბიბლუსის” 10 მაღაზიაში, ასევე, ბათუმში, მაღაზიაში „წიგნები ბათუმში”. სტარტაპის შექმნის მოტივებსა და განვითარების გეგმებზე მარკეტერი ახალბედა ბიზნესის შემქმნელს – ნატალი ენუქიძეს ესაუბრა:
M: რატომ გადაწყვიტეთ სანიშნეების სტარტაპის შემნა და როგორი იყო თქვენი გამოცდილება ამ მიმართულებით?
წიგნის სიყვარულმა მომიყვანა აქამდე – შევქმენი საჭირო და განსაკუთრებული აქსესუარი ჩემთვის და წიგნის მოყვარულებისათვის. წიგნის კითხვისას, ფაქტობრივად, ყველაფერს სანიშნედ ვიყენებდი, გადავწყვიტე ჩემთვის კომფორტული სანიშნეები გამეკეთებინა და მერე ვიფიქრე, რატომაც არ შემეთავაზებინა ისინი სხვებისთვისაც? ორი თვეა, ვმუშაობ მათი დიზაინისა და სტრუქტურის შექმნაზე და ერთი კვირაა, რაც ოფიციალურად ვახდენ ჩემი პროდუქტის რეალიზებას. ფინანსური მიმართულებით ვმუშაობ, თუმცა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი რამაა ჩემთვის.

M: რით არის თქვენი სანიშნეები განსაკუთრებული, რა გამოარჩევს მათ?
წიგნს ძალიან უხდება, ალამაზებს და განწყობას ამაღლებს, მთავარი კი ისაა, რომ წიგნის გადაკეცვის სურვილი აღარ გაგიჩნდება. საქართველოში რა სანიშნეებიც არის, გრძელები და ჩვეულებრივებია, წიგნის რეკლამა ან მსგავსი რამ. ჩემი პროდუქტი განსაკუთრებულია და შიგნითაც არაკომერციული წარწერები აქვს, როგორიცაა: გაიღიმე, გიყვარდეს და ა.შ.
M: „ბიბლუსის” 10 ფილიალში, ასევე, მაღაზიაში „წიგნები ბათუმში” იყიდება თქვენი სანიშნეები. როგორ მოახერხეთ ასე მალე, რეალიზების ამ გზების ათვისება?
სანამ სანიშნეები დამუშავების პროცესში იყო, მქონდა შეხვედრები, ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს. მათთან მიმქონდა ნიმუშები, რომლებიც მოსწონდათ და ეს მოტივაციას მაძლევდა. მაღაზიების პასუხებსაც ველოდებოდი და ჩემს სანიშნეებსაც.

M: როგორია სანიშნეების შექმნის პროცესი და ვინ მუშაობს ამ მიმართულებით?
თითოეული იდეა არის ჩემი, მონახაზები, ფონები, წარწერებიც. მზა მიმაქვს სტამბაში და უშვებენ საბეჭდად. დაბეჭდვის შემდეგაც მე ვაწყობ.
M: რა არის „ნატალის სანიშნეების” ღირებულება და რა სამომავლო გეგმები გაქვთ ბრენდის განვითარებისთვის?
ამჟამად, მხოლოდ ერთი დიზაინის სანიშნეები გვაქვს, სამომავლოდ, მინდა სხვადასხვა, საინტერესო დიზაინი მივამატო და ვმუშაობ უკვე ამ მიმართულებით. გარდა ამისა, ტურისტულ ზონებში ვგეგმავ ახალი დიზაინის პროდუქციის გაყიდვას, რომელიც ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისკენ იქნება მიმართული. სანიშნეების ფასი არის 1 ლარი.













