in

„ნატაშა” – ქართველი ჟურნალისტის ნაქარგებიანი ბიუსტჰალტერების სტარტაპი

Startauperi
Startauperi

ორი თვეა, რაც ქართული ხელნაკეთი ბიუსტჰალტერების ბრენდი „ნატაშა” სტარტაპ სივრცეში გამოჩნდა. მისი შემქმნელი „იმედის დილის” ჟურნალისტი ნატა ტაბიძეა, რომელიც შესაბამისი კაპიტალის დაგროვებას არ დაელოდა და იდეის გაჩენისთანავე დაიწყო ბრენდის შექმნაზე ზრუნვა. „ნატაშას” კონცეფცია „გამოსაჩენი”, ექსკლუზიური ბიუსტჰალტერების შექმნის იდეას მოიცავს და განკუთვნილია ქალბატონებისთვის, რომლებსაც უნდათ გამორჩეულად მიმზიდველები იყვნენ. ქალის თეთრეულის ქართული ბრენდის შექმნის დეტალებზე, უპირატესობებსა და განვითარების გეგმებზე მარკეტერი „ნატაშას” შემქმნელს – ნატა ტაბიძეს ესაუბრა: 

M: როგორ გაგიჩნდათ ქალის თეთრეულის ბრენდის შექმნის იდეა და რატომ შეარქვით მას „ნატაშა”?
მარტომ, მკერავისა და მქარგველის დახმარებით, დავიწყე ამ ბრენდზე მუშაობა. ჟურნალისტი ვარ, არანაირი კავშირი მაქვს ამ სფეროსთან, უბრალოდ, ძალიან მიყვარს ქალის თეთრეული და ხშირად ვყიდულობ. ყოველი შეძენისას ძალიან განსხვავებულ რამეს ვეძებდი და ხშირად ვერ ვპოულობდი. ვფიქრობდი, რომ ჩემთვის სასურველი ბიუსტჰალტერი იქნებოდა ნაქარგებიანი. ბევრი ვეძებე ინტერნეტით, თუმცა, ვერ მივაგენი და ეს ვერ პოვნა იყო ყველაზე დიდი ფაქტორი, რამაც მიბიძგა ბრენდის შექმნისკენ. ნატა მქვია, ნატაშას მეძახიან ხოლმე მეგობრები, ბრენდსაც ამიტომ შევარქვი ასე.

M: როგორია „ნატაშას” კონცეფცია და როგორი იყო პირველი ნაბიჯები, მისი შექმნისას?
ეს არის ბრენდი, რომლის პრიორიტეტია ბიუსტჰალტერის გამოჩენა. „ნატაშას” თეთრეულში მომხმარებელი განსხვავებულად და მიმზიდველად უნდა გრძნობდეს თავს. ჩვენი პროდუქტის ბრეტელიც რომ ჩანდეს, ესეც განსხვავებულია. არ მქონია კაპიტალი, ამ საქმის დასაწყებად, მით უფრო, როცა ერთ წამში მოვიფიქრე ამ საქმიანობით დაკავება, ძალიან მომინდა ამის გაკეთება და იმ მომენტისთვის, რა თანხაც მქონდა ბარათზე, იმით ვიყიდე საჭირო მასალა. ასე დავიწყე. მახსოვს, პირველ ჯერზე „ლილოში” ვიყიდე ნაჭრები. დღეისათვის ვყიდულობ ყველგან, სადაც ნაჭრების არჩევანია.

M: რა უპირატესობები გაქვთ სხვა, ქალის თეთრეულის მწარმოებელ სტარტაპებთან მიმართებაში?
ძალიან კარგად ვიცნობ ბიუსტჰალტერების ბაზარს, დიდი მოყვარული ვარ და დიდი ფული მაქვს ამაში დახარჯული, თუმცა, „ნატაშასავით” განსხვავებული არაფერი მინახავს. ერთხელ გავყიდე გერმანიაში ჩემი შექმნილი ბიუსტჰალტერი და მითხრეს, რომ შეუძლიათ ყველა ბრენდის ყიდვა, თუმცა, არა ასეთი განსხვავებულის. ჩემი აზრით, „ნატაშა” არ უნდა დამალო ტანსაცმლის ქვეშ, ის იმდენად დახვეწილი და კარგია, რომ გინდა ჩანდეს – სწორედ ეს არის ჩემი უპირატესობა. მე პირადად, რამდენჯერაც „ნატაშა” მაცვია, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ვარ.

M: როგორია „ნატაშას” პროდუქტის შექმნის პროცესი და ვინ მუშაობს ამ მიმართულებით?
პროცესი არის ასეთი: ვიფიქრებ ფერს, ქსოვილს, ნაქარგის დიზაინს. მქარგველი ქარგავს ხელით, ძალიან სუფთად სრულდება ეს სამუშაო. ფერებს ვუწერ, მიუხედავად იმისა, რომ არ მეხერხება ხატვა, მაინც ვხატავ და კარგად ვუგებთ ერთმანეთს. შეკერვას რაც შეეხება, ნაჭრები, რომლებსაც მე თვითონ ვყიდულობ, მიმაქვს მკერავთან, დეტალურად ვუხსნი, როგორი დიზაინის მოდელი მინდა და ის ასრულებს დანარჩენ სამუშაოს. „ნატაშა” მთლიანად ხელნაკეთია, მხოლოდ ბიუსტჰალტერისთვის საჭირო ჭიქებია ქარხნული. ვყიდულობთ მსგავს ქარხნულ ნაწარმს, ვშლით და მხოლოდ ჭიქებს ვიყენებთ ჩვენი პროდუქტის შესაქმნელად.

M: მხოლოდ ბიუსტჰალტერებს სთავაზობთ მომხმარებელს?
ზოგ ბიუსტჰალტერს აქვს, შესაბამისი, ქვედა საცვალი, თუმცა, ძირითადად, ცალ-ცალკე იყიდება. ახლა ვიწყებ საცურაო კოსტიუმების კოლექციაზე მუშაობას, რადგან დიდი მოთხოვნა იყო თავიდანვე, როგორც კი გაიხსნა „ნატაშა”. ალბათ, ამ კვირაში პირველი საცურაო კოსტიუმი მზად გვექნება.

M: პროდუქციის რეალიზებისთვის რა გზებს იყენებთ? სად შეიძლება თქვენი წარმოების ბიუსტჰალტერების შეძენა?
ერთადერთი გაყიდვის გზა ჩვენთვის, ჯერჯერობით, არის facebook გვერდი. აქ გვწერენ მომხმარებლები და იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული მოდელი, მათი ზომა არ გვაქვს, ვუკეთებთ მსგავსს. რა თქმა უნდა პროდუქტი ხელნაკეთია, ამიტომ ზუსტი ასლი ვერ გამოვა, თუმცა, მიახლოებული ვარიანტი იქნება. გარდა ამისა, ჩვენი პროდუქცია იყიდება ბათუმში, ორ მაღაზიაში.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და როგორია „ნატაშას” განვითარების სტრატეგია?
პროდუქტი მთლიანად ხელნაკეთია, ფასი კი, შესაბამისად, არის, საშუალოდ, 100 ლარი. „ნატაშა” არ არის იმ ადამიანებზე გათვლილი, ვისთვისაც თეთრეული მეორეხარისხოვანია. როგორც უკვე ვახსენე, საცურაო კოსტიუმების ხაზის შექმნას ვგეგმავ, ასევე, მომხმარებლისთვის ქვედა საცვლების შეთავაზებასაც ვაპირებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ინოვაცია. ჯერჯერობით, უკანასკნელი გეგმის განსახორციელებლად შესაბამისი კაპიტალი არ მაქვს, თუმცა უახლოეს მომავალში, ვიმედოვნებ, რომ შევძლებ.

McDonald’s-ის მოსიარულე რესტორანი პირდაპირ ქუჩაში ემსახურება მომხმარებლებს

bank of georgia logo, new

საქართველოს ბანკს განახლებული ლოგო აქვს! EXCLUSIVE