ნათელა გრიგალაშვილის ფოტოსერია მაღალმთიანი აჭარიდან LE PRIX ANDRÉE MOSER 2024-ის ჯილდოს მფლობელი გახდა! Andrée Moser-ის ჯილდო ერთ-ერთი შვეიცარიული ფოტოფესტივალის, Nuit de la Photo-ს ნაწილია. ჟიურის წევრები ყოველ წელს ფესტივალის მონაწილე ფოტოგრაფთაგან ირჩევენ გამარჯვებულს. კონკურსი ფესტივალის ერთ-ერთი თანადამფუძნებლისა და ფოტოგრაფიის დიდი გულშემატკივრის სახელობისაა, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, ამიტომ ორგანიზატორთათვის ეს ჯილდო განსაკუთრებული მნიშვნელობას ატარებს. შესაბამისად, ქართველი ფოტოგრაფისთვისაც დიდი პატივია, რომ მაღალმთიანი აჭარის სერიამ გაიმარჯვა.
„Nuit de la Photo-ს დირექტორმა ჩემი სერიის ფესტივალის პროგრამაში ჩასმის სურვილი მას მერე გამოთქვა, რაც წინა წელს მეორე შვეიცარიული ფესტივალის, Alt.+1000-ის ფარგლებში გამოფენაზე ნახა. კონკურსის შესახებაც თავიდანვე მაცნობა, თუმცა, სიმართლე რომ ვთქვა, გამარჯვებას არ ველოდი, რადგან ჩემთან ერთად პროგრამაში ბევრი არაჩვეულებრივი ფოტოგრაფი იყო.

გამარჯვებული ფოტოგრაფი იღებს ფულად პრიზსაც. ჩემთვის, როგორც დამოუკიდებელი ფოტოგრაფისთვის, რომელსაც თავად უწევს საკუთარი ფოტო პროექტების დაფინანსება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაძლევს საშუალებას, გავაგრძელო ამ სერიაზე მუშაობა. ვისურვებდი, რომ სამომავლოდ საქართველოშიც არსებობდეს მსგავსი კონკურსები, ვინაიდან ეს დიდი ხელშეწყობა იქნებოდა თითოეული ქართველი ფოტოგრაფისთვის“, — აღნიშნავს ნათელა გრიგალაშვილი.





ავტორი: ქეთია ბელქანია