5
May
2017

ნათია ამირიძე – #პირველისამსახური

5 May 2017

არ ვიცი, პირველ სამსახურად რომელი მოვიხსენიო – სოფელ ქლაინბლითერსდორფში ველოსიპედით დილის გაზეთებს რომ ვარიგებდი, გაზეთი “პეტერბურგ-ექსპრესი”, სადაც თეთრი შაქრის მავნებლობაზე “სკანდალურ” სტატიებს ვწერდი და ბოლო გვერდის ჰოროსკოპებს ვთხზავდი, უნივერსიტეტში, მინდოდა თუ არ მინდოდა, ყველა ენის თარჯიმნად რომ მასაქმებდნენ (არარუსულ აქცენტიანს ითხოვდნენ), თუ ანაზღაურებადი სტაჟირებები პეტერბურგის რამდენიმე PR სააგენტოში. ალბათ, უფრო ის, სადაც პირველი სერიოზული ხელფასი ავიღე. ეს იყო 20 წლის ასაკში, გერმანიის ქალაქ ვუპერტალში “Müller + Busmann KG” გამომცემლობის არქიტექტურული ჟურნალი “BUILD – Das Architekten-Magazin”, სადაც აღმოსავლეთ ევროპის რეგიონი მებარა და საინტერესო თანამედროვე არქიტექტურულ პროექტებზე სტატიებს ვწერდი. უფრო სერიოზული იყო Ogilvy PR, რომელშიც ისე ძალიან მინდოდა მუშაობა, რომ საცხოვრებლად პეტერბურგიდან მოსკოვში გადავედი (და ხელფასის უმეტესი ნაწილი ბინის ქირაში მიდიოდა). ძალიან გამიმართლა და ყველაზე კარგ დეპარტამენტში მოვხვდი – “მასშტაბური პროექტების კონსალტინგი”. სულ ოთხნი ვიყავით, აქედან ერთი ჩემნარი “ჯუნიორი” და ორი დირექტორი. სწორედ, ამ ორმა ადამიანმა ითამაშა ყველაზე დიდი როლი ჩემს პროფესიულ ჩამოყალიბებასა და ზრდაში.

რაც შეეხება საქმიანობას, მევალებოდა ჯანდაცვის სამინისტროს პიარი და სხვადასხვა პროექტების ფარგლებში, ყველა დიდ თუ პატარა მედიას, ვინც კი ჯანმრთელობაზე, მედიცინაზე ან სამედიცინო ლიტერატურაზე წერდა, ტრენინგებსა და სემინარებს ვუტარებდი მთელი რუსეთის მასშტაბით. ჩავდიოდი ჩემი ბროშურებით, შტენდერითა და ენთუზიაზმით, სადღაც კაზანში და ველაპარაკებოდი “ჭეშმარიტ მედიცინაზე”, რაც ძალიან, ძალიან უცნაური იყო, იქიდან გამომდინარე, რომ 22 წლის ვიყავი და მედიცინაზე მხოლოდ ექიმი მშობლებისგან თუ მსმენოდა რამე. ალბათ, ამ დროს ავითვისე კომუნიკაციური უნარები, ასევე, პირადად ჩემი პროექტი იყო და ძალიან მეამაყება – რუსულ ენაზე არსებული სამედიცინო ლიტერატურის გაციფრულება და ერთ ონლაინ პლატფორმაზე გაშვება – მგონი, ექიმები დღემდე მლოცავენ. ამის შემდეგ, ოფისი შევიცვალე და პეტერბურგის ოგილვიში გადავედი, მაგრამ ეს უკვე სხვა ისტორიაა. ცოტა ხნის წინ, რედ ბულის კავკასიის კომუნიკაციების მენეჯერობიდან მეწარმეობაში გადავინაცვლე და საკუთარ სტარტაპში მინდა მოვსინჯო ძალები.

განხილვა