გიფიქრიათ, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებიც მომხმარებლებს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში ყოველდღიურად ეხმარებიან? რა აძლევთ ძალას, რომ არ გაჩერდნენ, რაზე ოცნებობენ, როგორ ეძებენ გზას და როგორ ვითარდებიან? დღეს, გიამბობთ საქართველოს ბანკის უფროს პირად ბანკირ ნათია ბანცაძეზე. გუნდს, 15 წლის წინ, მოლარე-ოპერატორის პოზიციით შეუერთდა, დღეს კი, საქართველოს ბანკის პრემიუმ სეგმენტის მომხმარებლებთან მუშაობს, სთავაზობს მათ დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პროდუქტებს და ქმნის პერსონალიზებულ საბანკო გამოცდილებას. მის პირველ კარიერულ ნაბიჯებს არ აქვს კავშირი საბანკო სფეროსთან – პირველი სამსახური, ამერიკელ ინსტრუქტორებთან, საწვრთნელ ბაზაზე, უცხო ენების შესწავლითა და თარჯიმნობით დაიწყო. შემდეგ, გადავიდა სადაზღვევო სფეროში. საბოლოოდ კი, საქართველოს ბანკში დაიმკვიდრა ადგილი და 4 სხვადასხვა პოზიცია გამოიარა. საკუთარი თავის მიმართ მკაცრი და მომთხოვნია და ამავდროულად, შეუძლია, სრულიად უცხო ადამიანის მაგალითით შთაგონებულმა თავგანწირვით იშრომოს მიზნის მისაღწევად. თვითგანვითარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მისთვის მთავარია საქმის სიყვარული და პროფესიონალიზმი, სჯერა, რომ „განწყობა ჩვენ მიერ შესრულებული საქმის ანარეკლია“.
„ბავშვობაში ბალერინობაზე ვოცნებობდი, სულ თითის წვერებზე ვცეკვავდი. ჩემთვის ეს სილაღესა და თავისუფლებასთან ასოცირდებოდა. ეზოში კონცერტების ჩატარება ჩემი მოწოდება იყო. სკოლაში ყოველთვის ძალიან მოწესრიგებული და შრომისმოყვარე მოსწავლე ვიყავი. ყველაზე მეტად ინგლისური ენა მიყვარდა და საბოლოოდ არჩევანი უცხო ენების მიმართულებით, თარჯიმან-რეფერენტზე შევაჩერე. თუმცაღა, ბოლო კურსზე მივხვდი, რომ ამ მიმართულებით მაგისტრატურის გაგრძელება არ ღირდა და რაღაც სხვა, უფრო საინტერესო მინდოდა. ამიტომ გარკვეული პაუზა ავიღე, ჩემს მომავალ პროფესიაზე უკეთ რომ ჩამოვყალიბებულიყავი.
კარიერა უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ლექტორის რეკომენდაციით, საწვრთნელ ბაზაზე თარჯიმნად მუშაობით დავიწყე. იქ, ამერიკელები ქართველ ჯარისკაცებს სიმულაციურ საბრძოლო გარემოში წვრთნიდნენ. პატარა და გამოუცდელი ვიყავი, მათთან ერთად, ჩაფხუტით რომ დავრბოდი. სრულიად ახალი გამოცდილება იყო უცხოელებთან მუშაობა და გარკვეული ბარიერების დაძლევაც მომიხდა, თუმცა ძალიან საინტერესო აღმოჩნდა ჩემთვის ეს გამოცდილება და, შესაბამისად, ჩემი პირველი სამსახური კარგად მახსენდება.
შემდეგ სადაზღვევო სფეროში გადავინაცვლე. მაშინ მივხვდი, რომ გაყიდვები და ხალხთან ურთიერთობა მომწონდა, ეშხში შევდიოდი. მიყვარდა ინფორმაციის მიწოდება და ყოველი გაყიდული პროდუქტი კმაყოფილების შეგრძნებას მიმძაფრებდა. გარკვეული დროის შემდეგ, დავიწყე უფრო პერსპექტიული, სტაბილური და მსგავსი კონცეფციის სამსახურის ძიება, სადაც მომხმარებლებთან ურთიერთობა და ასევე, კარიერული ზრდის პერსპექტივაც მექნებოდა.
ასე ვიპოვე საქართველოს ბანკში ჩემი ადგილი, 15 წლის წინ. თავდაპირველად, ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობდი, მოლარე-ოპერატორის სატესტო პოზიციაზე, მერე კი ჩემი სისწრაფის გამო სრულ განაკვეთზე გადამიყვანეს. მალევე დამაწინაურეს და უნივერსალური ოპერატორის პოზიციაზე გავაგრძელე მუშაობა. პარალელურად, საბანკო მიმართულებამ დამაინტერესა, ფინანსებში ცოდნის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსების გავლა დავიწყე.
როდესაც არსებული პოზიცია ამოვწურე, სრულიად მოულოდნელად, მოთხოვნა დაგროვილი ქონების მიმართულებაში ასოცირებული ბანკირის პოზიციაზე გავაგზავნე და 2015 წელს, შევუერთდი დეპარტამენტს, რომელიც ჩემთვის ყველაზე საინტერესო და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა. ოთხი პოზიციის ცვლილების შემდეგ, ამჟამად უფროსი პირადი ბანკირის პოზიციაზე ვმუშაობ.
ვფიქრობ, რომ არა საქმის სიყვარული, შეუძლებელია წარმატებული იყო, რადგან ჩვენი განწყობა ჩვენ მიერ შესრულებული საქმის ანარეკლია. იმდენად საინტერესოა მომხმარებლებისთვის პირადი საბანკო გამოცდილების შექმნა, საკმაოდ დივერსიფიცირებულ საინვესტიციო პროდუქტებზე მუშაობა და მათთვის ჩვენი პორტფელის გაზიარება, მომსახურების კმაყოფილების გაზრდის პროცესში ჩართულობა, უკუკავშირის მიღება და უბრალოდ ადამიანური ურთიერთობები, რომ ამის გარეშე უკვე ვეღარ წარმომიდგენია ჩემი ყოველდღიური ცხოვრება. ეს არის ის, რაც სიამოვნებას მანიჭებს და უფრო მეტის კეთების მოტივაციას მაძლევს. მით უმეტეს, როცა გუნდი ხედავს და აფასებს ჩემს წვლილს იმ დიდ საქმეში, რასაც ყველა ერთად ვაკეთებთ.
ჩემთვის იდეალურია გარემო, რომელშიც ვმუშაობ, როგორც ვიზუალურად, ასევე იქ არსებული აურით. ძალიან გამიმართლა კოლეგებში – გარდა პროფესიონალიზმისა და კოლეგიალობისა, დიდი ხანია, უკვე მეგობრები და ოჯახის წევრები ვართ.
მნიშვნელოვანია გუნდის პროფესიული მხარდაჭერაც – კვალიფიკაციის ასამაღლებლად, საზღვარგარეთ ვისწავლე. ასევე, პერიოდულად ვესწრები სხვადასხვა ვებინარს. იმდენად ვარ მიჩვეული, რომ სამსახური ყოველთვის ხელს მიწყობს განვითარებასა და წინსვლაში, რომ სულ მაქვს მოტივაცია, მუდმივად რაღაც ახალი ვისწავლო. სამომავლოდ, აუცილებლად ვაპირებ საინვესტიციო და ქონების მართვის მიმართულებით უფრო მეტი ცოდნის შეძენას. როცა საქმე გიყვარს, შესაძლებლობები ნამდვილად უსაზღვროა და ამ პროცესში არ უნდა გაჩერდე!“
[პარტნიორი]