in

“არსობრივად ყველა ჩემი ნამუშვარი განცდებს უკავშირდება” – ნათია ბენაშვილი #თაობა


ნათია ბენაშვილი ახალგაზრდა ხელოვანია თბილისიდან. აქვს საკუთარი სახელოსნო, რომელიც მხატვარი ბაბუისგან “მემკვიდრეობით” ერგო. ძირითადად, განცდებს ხატავს – ამას თქვენც კარგად შენიშნავთ. არ ერიდება მკვეთრ ფერებს და მგონი რომ მის შემოქმედებას ზუსტად ეს გამოარჩევს. ამბობს, რომ ყველა მისი ნახატი ერთ ადამიანს და მის ამბავს ეხება.. #თაობა საკუთარი შემოქმედების შესახებ ნათიას გაესაუბრა:

M: როგორ ფიქრობ, ვინ არის ნათია ბენაშვილი?

მე ვარ ხელოვანი მხატვარი. სხვადასხვა მედიუმით ვმუშაობ, მაგრამ, ძირითადად, ტილოზე ვხატავ. სამხატვრო აკადემიაში ფერწერის ფაკულტეტი დავამთავრე ორჯერ – ბაკალავრი და მაგისტრატურა. კარგი მოთხილამურეც ვარ სხვათაშორის..

M: ბაბუა მხატვარი გყავდა.. აქვს თუ არა რაიმე კავშირი შენს შემოქმედებასთან მას – მოგვიყევი, როგორ დამყარდა კავშირი შენსა და ხელოვნებას შორის..

ალბათ, სწორედ ბაბუაჩემი იყო დამაკავშირებელი და წამქეზებელი ადამიანი ამ ამბავში. ძალიან მიყვარდა მისი სახელოსნო, სადაც ახლა თვითონვე ვმუშაობ. ძალიან აქტიურად ვხატავდი ბავშვობაში, რადგან სულ ან სამხატვრო სტუდიაში ან სკოლაში დავდიოდი. ყველაზე მეტად კოლაჟების კეთება მიყვარდა. ალბათ, ბავშვობაში უფრო თავისუფალი ვიყავი – არ ვზღუდავდი საკუთარ თავს იდეების მხრივ და ყველაფერს ვხატავდი, რაც უბრალოდ მომწონდა.

M: შემდეგ როგორ განვითარდა შენი ცხოვრება მხატვრობის კუთხით? 

სამხატვრო აკადემიის ფერწერის ბაკალავრი და მაგისტრატურა დავამთავრე. სწავლის პერიოდში სამხატვრო აკადემიის ფარგლებში სხვა სტუდენტებთან ერთად ვმონაწილეობდი ხოლმე გამოფენებში. ერთ-ერთი იყო გარიყულაში 2015 წლის “ფესტ-ი-ნოვას” “G-15” დროს გაკეთებული ჯგუფური პროექტი “Trail G-15”, სადაც ჩვენი ნამუშევარი მოულოდნელ ცვლილებებს ეხებოდა. ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ამ იდეაზე მუშაობა და შესრულებს პროცესი. (ეს არის ბილიკი, სადაც გასეირნების დროს ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს უცაბედად მიწა გეცლება ფეხიდან).

M: როგორ ფიქრობ, შენს ცხოვრებაში საიდან მოდის ინსპირაცია? რა გახატინებს?

ალბათ, ძირითადად, ჩემი გამოცდილება და მოგონებები, რომლებიც ადამიანებზე დაკვირვებისას მრჩება.

M: ამჟამად რას საქმიანობ?

ახლა ჩემს სახელოსნოში ვმუშაობ, სხვადასხვა პროექტში ვიღებ მონაწილეობას და ასევე პროექტ “კონვერსას თბილისს” ვაკეთებ მეგობართან ერთად. ასევე, ვგეგმავთ არასამთავრობოს ჩამოყალიბებას, რომლის მეშვეობითაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელებას შევძლებთ.

M: როგორი გარემო უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ხატო?

როცა ვხატავ, მარტო მირჩევნია ყოფნა. ალბათ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენს გააჩნია..

M: საკმაოდ ბევრ გამოფენაში გაქვს მონაწილეობა მიღებული – მოგვიყევი შენთვის გამორჩეულ პროექტსა თუ გამოფენაზე..

ახლა რატომღაც უმეტესად პროექტები მახსენდება.. ერთ-ერთი პროექტი, რომელშიც მონაიწლეობა მივიღე, სოფელ ზემო ნიქოზში იყო. ზემო ნიქოზი ცხინვალთან ახლოს მდებარე სოფელია. ძალიან საინტერესო იყო იქ ყოფნა და იმაზე ფიქრი, თუ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა. იმედია, ადგილობრივებისთვისაც საინტერესო იყო, ვინც მონაწილეობა მიიღო მასში. “საყვარელი რაღაცები” ასე დავარქვი პროექტს – ის შეეხებოდა იმ მოლოდინს, რომელიც შეიძლებოდა ჩვენ ერთმანეთის მიმართ გვქონოდა, მე, როგორც ხელოვანს, იქაური მაცხოვრებლების მიმართ და მათ – ჩემ, როგორც მხატვრის, მიმართ. რამდენიმე დღის განმავლობაში დავდიოდი კარ და კარ და ვინც შემხვდებოდა ვეკითხებოდი, თუ უნდოდათ, რომ მე მათი პორტრეტი დამეხატა, სანაცვლოდ კი, თავიანთი საყვარელი ამბავი ან სიტყვები გაეზიარებინათ. ბოლოს ყველაფერი, რაც მქონდა, ჩახერგილ რკინიგზასთან, მიტოვებული ჯიხურის კედლებზე გადავიტანე.

M: როგორ რისი თქმა გსურს შენივე შემოქმედებით ძირითად შემთხვევაში? როგორ დაახასიათებ შენს შემოქმედებას..

ალბათ სხვადასხვა რაღაცების. ჩემი ნახატები, ძირითადად, ერთი ადამიანის შესახებ არის და უფრო ინტროვერტულია. სხვა დანარჩენი უფრო ურთიერთობების შესახებაა ან რაღაც ამბავივითაა. თუმცა, ალბათ, არსობრივად ყველა ჩემი ნამუშვარი განცდებს უკავშირდება.

M: Conversas Tbilisi-ს შესახებაც მოგვიყევი..

ეს პროექტი მე და ჩემმა მეგობარმა შარშან დავიწყეთ. ეს არის არაფორმალური ყოველკვირეული შეხვედრების სერია, სადაც ნებისმიერი პროფესიის სამი მოსაუბრე მოდის ყოველ შეხვედრაზე და ჰყვება თავისი გამოცდილების, იდეებისა თუ შეხედულებების შესახებ. აუდიტორიას კი თავისუფლად შეუძლია, ნებისმიერ დროს ჩაერთოს, კითხვა დასვას ან აზრი გამოთქვას და ასე ძალიან საინტერესო დიალოგი იწყება ხოლმე. სწორედ ამისკენ არის მიმართული პროექტის იდეაც.

M: სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?

ახლა ვმუშაობ ახალ პროექტზე, რომელიც დავიწყებული ამბის გადააზრებას ეხება და ალბათ მალე სადმე გამოიფინება კიდევაც. ასევე არასამთავრობოს ჩამოყალიბებას ვგეგმავთ მე და ჩემი მეგობარი ანა ქინქლაძე, სადაც კონვერსას თბილისის მსგავსად – დიალოგსა და ცოდნის გაზიარებაზე მიმართულ პროექტებს განვახორციელებთ.

ავტორი: თინათინ უგრეხელიძე


Jaguar Land Rover-ის ავტონომიურ ელექტრომობილს გზებზე 2021 წელს გამოცდიან

როგორ იმუშაო, როცა ამის განწყობა არ გაქვს?