in

ნათია ჭაბუკიანმა ლატვიური საბავშვო ზღაპარ-მედიტაციების კრებულისთვის ილუსტრაციები შექმნა

ესპანური ენის ფილოლოგმა და თვითნასწავლმა მხატვარმა – ნათია ჭაბუკიანმა, საკუთარი ნამუშევრები 2015 წელს, ერთ-ერთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე გაასაჯაროვა. სამოყვარულოდ შექმნილი სახასიათო პერსონაჟები მალე სოციალურ ქსელშიც გამოჩნდნენ და ავტორმა მიიღო სამსახურიდან წასვლისა და იმ საქმით დაკავების გადაწყვეტილება, რომელიც საყვარელი საქმე იყო. ამ დროის განმავლობაში, მისი ნამუშევრებით არაერთი ადამიანი დაინტერესდა, მათ შორის ინტა ბლუმა, ლატვიელი მწერალ-ფსიქოლოგი, რომელთან თანამშრომლობის შედეგად, 8 სექტემბერს, რიგაში, ნათიას ილუსტრაციებით გაფორმებული საბავშვო ზღაპარ-მედიტაციების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. გარდა ამისა, ნათიას პერსონაჟებით ინტერესდებიან ქართველი გამომცემლებიც. როგორი იყო ხელოვანის სამოყვარულო გზა წარმატებამდე, როგორ მიიღო ლატვიელი ავტორის კრებულის გაფორმების შემოთავაზება და რა პერსპექტივა აქვს მის შემოქმედებას საქართველოში – ამ საკითხებზე მარკეტერი ნათია ჭაბუკიანს ესაუბრა:

BOG
BOG
M: როგორ დაინტერესდით მხატვრობით და როდის შექმენით თქვენი პირველი ნამუშევარი?
რაც თავი მახსოვს, ვხატავ. არასდროს მისწავლია აკადემიაში ან სამხატვრო სკოლაში. ვხატავდი სახლში, სამსახურში, ლექციაზე… პატარა პერსონაჟები იბადებოდნენ საგამოცდო ტესტების უკანა მხარეს, რვეულის კუთხეებში და ბოლო გვერდებზე, ბლოკნოტებში, კორპორატიულ შეხვედრებზე ჩანიშნულ მნიშვნელოვან საკითხებს შორის… ჩემ გარშემო, ჩანთები, უჯრები, კარადები სულ სავსე იყო ფანქრებით და ჩანახატების რვეულებით. ვხატავდი სულ, თუმცა ჩემთვის. ამიტომ, პირველი ნამუშევრის დათარიღება ძალიან გამიჭირდება. 
M: რას საქმიანობდით მანამ, სანამ Natia Chabukiani ART-ს შექმნიდით?
ბოლო 6 წელი კომპანია “სილქნეტის” თანამშრომელი ვიყავი სხვადასხვა პოზიციაზე. დაახლოებით ორი წლის წინ, ჩემი დებისა და მეგობრების ძალდატანებით და მხარდაჭერით, დავიწყე ჩემი ნამუშევრების გაზიარება სოციალური ქსელების მეშვეობით. მათვე შექმნეს Facebook გვერდი Natia Chabukiani Art, თვითონვე უწევდნენ ადმინისტრირებას. სწორედ ამ დროს მივიღე ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ჩემს კარიერულ ცხოვრებაში – სამსახურში დავწერე განცხადება გათავისუფლების თაობაზე და მთელი ჩემი დრო და ენერგია დავუთმე საქმეს, რომელიც სულ მინდოდა მეკეთებინა და ყველაზე დიდ ბედნიერებას მანიჭებდა.
M: რა გამოარჩევს თქვენს მხატვრობას და რა არის თქვენი მთავარი სათქმელი?
ყოველი ტილო თუ უბრალო ჩანახატი ბლოკნოტში იმ მომენტში ჩემს განწყობას და ემოციას გამოხატავს. არცერთი მათგანი არ შექმნილა მექანიკურად, უბრალოდ ტექნიკის გასავარჯიშებლად თუ დასახვეწად. და რადგანაც, ძირიდადად ვხატავ პორტრეტებს, ჩემთვის ყოველი მათგანი “ცოცხალია” და საკუთარი ისტორიით ცხოვრობს. სუფთა ტილოს წინ არასდროს ვჯდები წინასწარ დაგეგმილი თემით ან ჩანაფიქრით, ყველა დეტალი თუ ფერი პროცესში ჩნდება და ეს ჩემთვის ყველაზე საინტერესო და პოზიტიური პროცესია; იმდენად პოზიტიური, რომ შემდეგ სხვებშიც ზუსტად იგივე ემოციას იწვევს ხოლმე.
M: როგორც ვიცით, თქვენი ილუსტრაციებით, რიგაში წიგნი გამოვა. მოგვიყევით წიგნის შესახებ.. საქართველოში თუ იქნება მისი შეძენა შესაძლებელი?
ინტა ბლუმა არის ლატვიელი მწერალ-ფსიქოლოგი, რომელიც ძირითადად მედიტაციის განხრით მოღვაწეობს. ზუსტად ერთი წლის წინ მომწერა, რომ მუშაობს ახალ წიგნზე, რომელშიც საბავშვო ზღაპარ-მედიტაციები იქნება თავმოყრილი და სურს ჩემი ილუსტრაციებით გაფორმდეს. როგორ მიპოვა ნამდვილად ვერ გეტყვით – ბევრი ლატვიელი მეგობარი მყავს, სოციალურმა ქსელმა იმუშავა, ალბათ. ჯერჯერობით, წიგნის ქართულად თარგმნა არ არის დაგეგმილი, თუმცა, თუკი იქნება დაინტერესება, ავტორთან ერთად სიამოვნებით გავუწევდით ორგანიზებას.
M: როგორია ქართველ გამომცემლებთან თანამშრომლობის პერსპექტივა?
სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოშიც ძალიან საინტერესო პროექტზე შემომთავაზეს მუშაობა. არაჩვეულებრივი და უნიჭიერესი საბავშვო ავტორის, ანი ჩიქოვანის სადებიუტო წიგნების სერიას გავაფორმებ. მეტად საპასუხისმგებლო და უზომოდ საინტერესო პროცესი მელის წინ და ამ პროცესში ვგულისხმობ არამხოლოდ კონკრეტული წიგნის ილუსტრირებას, არამედ ზოგადად ჩემს შემდგომ საქმიანობას, რადგან “აკეთებდე იმას, რაც გიყვარს არის თავისუფლება, გიყვარდეს რასაც აკეთებ – ბედნიერება.”

მილიონობით მოზარდის დაკარგული ბავშვობა! – UNICEF-ის ემოციური ანიმაცია

კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ახალი სეზონი იწყება!