ჩემი პირველი სამსახური „ჯეოსელი“ იყო, სადაც მუშაობა 2008 წელს დავიწყე. მაშინ ასეთი კორპორაციული გარემო ძალიან იშვიათი იყო და „ჯეოსელიც“ ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნეოდა. იმ დროისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი ვიყავი. მუშაობის დაწყება მსურდა, თან მაგისტრატურაზე ვფიქრობდი ჩაბარებას. ამიტომ, მინდოდა ისეთი სამსახური მეპოვნა, რომელსაც სწავლას შევუთავსებდი. ეს უკანასკნელი ყოველთვის პრიორიტეტული იყო ჩემთვის. ახლაც, სწავლასა და შემეცნებას დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და სულ ვცდილობ განვვითარდე. მახსოვს, ვაკანსია jobs.ge-ზე ვნახე და CV გავაგზავნე. დამიკავშირდნენ. შერჩევა ხანგრძლივი პროცესი აღმოჩნდა, ტესტირების ეტაპები და რამდენიმე გასაუბრება გავიარე. საბოლოოდ, ამიყვანეს და იმ დროისთვის, ალბათ, ყველაზე კაშკაშა კომპანიაში დავიწყე მუშაობა, ქოლ-ცენტრის ოპერატორად.
მოქნილად ვანაწილებდი განრიგს, სწავლაში ხელი რომ არ შემშლოდა. ეს კი ნამდვილად არ იყო მარტივი. მთელი დღის მანძილზე ლექციებს ვესწრებოდი, რაც აუცილებლობას წარმოადგენდა, შემდეგ ვმუშაობდი, ღამით – ვმეცადინეობდი. ასევე, საკმაოდ ხშირად ვიყავი ღამის ცვლაშიც.
მომხმარებლებთან ურთიერთობა საკმაოდ რთული პროცესი იყო. უნდა ვყოფილიყავი მშვიდი და მქონოდა მყარი ნერვები. თავიდან ჩემთვისაც რთული იყო. ბევრი მომხმარებელი გაბრაზებული რეკავდა, რაც ბუნებრივია, რადგან თავის პრობლემაზე ეძებდა გამოსავალს. თან, დარეკვისას უფრო მეტად გამოხატავდნენ ბრაზს, ვიდრე სერვისცენტრში რომ მოსულიყვნენ. მე კი სიმშვიდეს უნდა შემენარჩუნებინა, დავხმარებოდი კიდეც და ამით ისიც დამემშვიდებინა. ამ პროცესში ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მივხვდი, რომ ასეთ დროს ძალიან მნიშვნელოვანია დიპლომატია, სიტყვებისა და ხმის ტონის სწორად შერჩევა. სწორედ პირველ სამსახურში მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია კომუნიკაცია და შეუპოვრობა. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება, ვინაიდან საჭირო უნარების გამომუშავებაში დამეხმარა. ვისწავლე ემოციების მართვა, მომხმარებლის მხრიდან სიტუაციის აღქმა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტიპის მოლაპარაკებისას.
ნათია გავარდაშვილი – Visa-ს ბინესის განვითარების დირექტორი კავკასიის რეგიონში