in

„ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება 4 წლის შვილის 4 თვით დატოვება იყო“ – ნათია ხულუზაური

„ეს იყო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იმ მომენტში, რომელიც დღესაც მძიმედ მახსენდება და გულწრფელად მიკვირს, რომ მისი მიღება შევძელი“.

ფოტოკრედიტი: Cloud Studio

გულწრფელად მჯერა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომელსაც ვიღებთ, მნიშვნელოვანია და ჩვენსა და ჩვენს გარშემომყოფებზე გავლენას ახდენს. ზოგჯერ გადაწყვეტილებებს ისე ვიღებთ, რომ იმ მომენტში შეიძლება, მათ მნიშვნელობას ვერც ვაცნობიერებდეთ. თუმცა, ცხოვრებაში არის რამდენიმე მომენტი, როდესაც გზაგასაყარზე დგახარ, სასწორის ორივე მხარეს ძალიან მნიშვნელოვანი, პრაქტიკულად, თანაბარი წონის გირები აწყვია და ვერც ერთი მხარე სძალავს და ვერც – მეორე. ამ დროს, მართლაც მხოლოდ შენზეა დამოკიდებული, რას გადაწყვეტ, რეალურად, ვერავინ დაგეხმარება (მხოლოდ შეიძლება, გვერდში დაგიდგეს), რადგან იმ გადაწყვეტილების სირთულეცა და სიკეთეც, მისი გავლენა შენზეც და შენს გარშემომყოფებზეც, შემდეგ შენივე საზიდი იქნება.

ჩემთვის ასეთი, ძალიან მნიშვნელოვანი და წარმოუდგენლად რთული გადაწყვეტილება 2015 წლის დასაწყისში, ამერიკაში წასვლა აღმოჩნდა.

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და ჟურნალისტი ვარ. 2009 წლამდე ვმუშაობდი სხვადასხვა მედიაში, 2009 წლიდან გავხდი საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომელი, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა ჩემი პროფესიული მიმართულება. 2012 წელს ჩავაბარე თსუ-ის დოქტორანტურაში, ჩემი საკვლევი თემაა ხელოვნებისა და მეცნიერების კომუნიკაციის საკითხები. 

იმისთვის, რომ მართლა ღირებული იყოს კვლევა და იმისთვის, რომ პროფესიონალურად, რეალურად, გაიზარდო, პრაქტიკულად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არამხოლოდ საკუთარ ქვეყანაში, მის საზღვრებს გარეთაც ისწავლო, იმუშაო, იკვლიო, გაიზიარო და გაიაზრო სხვა ქვეყნების გამოცდილება.

თავისთავად ცხადია, ყველაფერი ეს პირდაპირ კავშირშია მომავალ წარმატებასა და კარიურულ ზრდასთან. Carnegie Research Fellowship Program საშუალებას გაძლევს, აშშ-ში 4 თვის განმავლობაში, სადისერტაციო ნაშრომისთვის კვლევა შენთვის სასურველ სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებაში აწარმოო, ამ დაწესებულების პროფესორის ხელმძღვანელობით. კონკურსი ძალიან მაღალია – რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან სულ 5-8 გამარჯვებული ვლინდება, საქართველოდან, როგორც წესი – ერთი ან ორი.

2014 წელს, ჩემი შვილი 3 წლის იყო და მიუხედავად ჩემი დიდი სურვილისა, არც ვიფიქრებდი კონკურსში მონაწილეობას, რომ არა დედის შემოთავაზება – გამარჯვების შემთხვევაში ჩემთან ერთად ამერიკაში წამოსულიყო და ბავშვიც წაგვეყვანა (ეს უკვე, თავისთავად, რთული იყო).

ჩემს მისაღებად მზად იყო: George Washington University, Institute for the Study of the Ancient World ( NYU), The Metropolitan Museum of Art და The National Geographic Society. 

კონკურსი ძალიან რთული იყო, მისი თითოეული ეტაპის გავლას ოჯახში მსჯელობა ახლდა იმაზე, თუ როგორ უნდა დაგველაგებინა ყველაფერი ისე, რომ მე მაქსიმალურად კონცენტრირებული ვყოფილიყავი საქმეზე, გამომეყენებინა ყოველი წუთი და ამავდროულად, არ დასტრესილიყო ბავშვი, რომელიც მამას შორდებოდა, დედას იშვიათად ნახავდა და ძირითადად, ბებიასთან იქნებოდა, რომელსაც თავის მხრივ, თბილისში დისტანციურად მუშაობა უნდა მოეხერხებინა. თუმცა, ყველა ვთანხმებოდით, რომ სიკეთე, რომელსაც ეს პროგრამა მომიტანდა, ამ პრობლემების გამკლავებად ღირდა.

2014 წლის 18 ივნისს, ელექტრონული ფოსტა მივიღე, სადაც მატყობინებდნენ, რომ ერთ-ერთი ვიყავი Carnegie Research Fellowship Program-ის 7 გამარჯვებულიდან. წერილში ამ წარმატებას მილოცავდნენ და უკვე მომდევნო ნაბიჯების დაგეგმვასაც მთავაზობდნენ. 

2014 წლის 19 ივნისს, ავტოავარიაში დაიღუპა ჩემი 59 წლის დედა. 

ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო, არ მეთქვა უარი პროგრამაში მონაწილეობაზე. ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო ამხელა სტრესის ფონზე, 4 წლის შვილი 4 თვით დამეტოვებინა. 

2015 წლის იანვარში მე ამერიკაში წავედი.

ამ გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ის განსაზღვრავდა ჩემს მომავალს და აუცილებლად გახსნიდა ახალ კარს ჩემს პროფესიულ ცხოვრებაში, ეს კი, გრძელვადიან პერსპექტივაში სიკეთეს მოუტანდა ჩემს ოჯახს. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც გამომცდიდა და გამზრდიდა პიროვნულად და ეს იყო გადაწყვეტილება, რომლის არმიღებასაც, ალბათ, არ მაპატიებდა დედაჩემი. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება, მე მას ვერ მივიღებდი, გვერდით რომ არ დამდგომოდა ჩემი მეუღლე და ორივეს ერთად – ჩვენი ახლობლები.

„რაც არ გკლავს, გაძლიერებს“ – იმ მომენტში ამ გადაწყვეტილებამ მიმახვედრა, რომ შეუძლებელი არაფერია და რომ რაც არ უნდა მოხდეს, თუ მოინდომებ, ყოველთვის გამონახავ ძალას, წინ წახვიდე. ალბათ, ეს იყო ყველაზე რთული და ყველაზე ნაყოფიერი ოთხი თვე ჩემს ცხოვრებაში. 

თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დავბრუნდი და თანამშრომლობა დავიწყე National Geogprahic Magazine – საქართველოს ოფისთან, რომელიც 2012 წელს, კომპანია „სილქნეტის“ ინიციატივითა და მხარდაჭერით დაარსდა. საკმაოდ მალე ჟურნალის მთვარი რედაქტორის მოადგილედ, ხოლო 2017 წლის აპრილიდან – მთავარ რედაქტორად დავინიშნე.

წარმოადგენდე მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან ბრენდს შენს ქვეყანაში და იყო N1 სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალის, The National Geogprahic Magazine-ის ქართულენოვანი გამოცემის მთვარი რედაქტორი, ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. არც ამაზე დათანხმება იყო ადვილი, თუმცა ეს არის, ალბათ, შედეგი სწორედ მაშინ მიღებული ურთულესი და იმ მომენტისთვის ჩემთვის ძალიან მძიმე გადაწყვეტილებისა. გარდა ამისა, ვფიქრობ, სწორედ ამერიკაში გატარებული 4 თვე, The National Geogprahic Society-ს სისტემის კარგად ცოდნა, იქ მიღებული გამოცდილება და შეძენილი უნარები პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა, ჩემს ყოველდღიურ საქმიანობასა და იმ წარმატებასთან, რომელსაც The National Geographic Magazine – საქართველოს რედაქციამ მიაღწია, როდესაც ქართული გუნდის მიერ მომზადებული სტატია 8 ენასა და მთავარ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ვფიქრობ, რომ ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება იქნებოდა არა რთული, არამედ – სანანებელი.

გავაკეთებდი, თუ არა რამეს სხვანაირად? – უფრო მსუბუქ ჩემოდანს წავიღებდი.

„აჭარაბეთის’’ საპატიო ელჩი ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

Instagram და Facebook კონტენტის შემქმნელებისთვის “დამატებითი შემოსავლის” ფუნქციებს ამატებს