ვინ გინდა გამოხვიდე? რა გინდა აკეთო? პასუხებს ამ უმნიშვნელოვანეს კითხვებზე უმაღლესი სასწავლებლებისგან უნდა ვიღებდეთ და ამის შესახებ არაერთხელ გვისაუბრია. უნივერსიტეტი არის ადგილი, სადაც სტუდენტს თვითგამორკვევასა და თვითრეალიზაციაში ეხმარებიან. სწორედ ეს იყო უმთავრესი ხედვა, როდესაც თავისი განსხვავებული სასწავლო მიდგომით, ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში ალტე უნივერსიტეტი გამოჩნდა და თავისი ხელწერაც შემოიტანა. სულ ცოტა ხნის წინ, უნივერსიტეტმა ბიზნესის სკოლის ახალი დეკანის დანიშვნის შესახებ გვამცნო. პოზიცია ნათია ნასრაშვილმა, EVEX ჰოსპიტლების სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, დაიკავა და ბიზნესის სკოლისა და მისი სტუდენტების განვითარებას დიდი ენთუზიაზმით ჩაუდგა სათავეში. იგი საკუთარ პროფესიულ მისიად ახალგაზრდებისთვის თვითრეალიზების გზის გაკვალვას მიიჩნევს.
გამოცდილება და კარიერული გზა ალტე უნივერსიტეტამდე
სანამ ალტე უნივერსიტეტის დეკანი გახდებოდა, ნათია ნასრაშვილმა თავადაც ხანგრძლივი და საინტერესო თავგადასავალი განვლო. პროფესიული არჩევანი იურიდიულზე შეაჩერა და პირველი სამსახურიც ამავე სპეციალობით დაიწყო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, სადაც 9 წლის განმავლობაში ელექტრონულ ტრანსფორმაციაზე, ინოვაციური, გეოინფორმაციული სისტემების შექმნასა და დისტანციური მომსახურებების ჩამოყალიბებაზე მუშაობდა. სტოკჰოლმის სამეფო ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სტაჟირება აშშ-ის კონგრესში გაიარა. 2012 წლიდან, იუსტიციის სახლის გუნდს შეუერთდა და მათთან ერთად, იუსტიციის სახლების ჩამოყალიბებაზე მუშაობდა. ბიზნეს პროცესების მიმართ ინტერესიც სწორედ აქ აღმოაჩინა და საოპერაციო მენეჯმენტში აკადემიური ცოდნის შეძენის შემდეგ, „ევექსში“ მომსახურების საოპერაციო დირექტორის პოზიციაც დაიკავა. კომპანიის სწრაფი ზრდის პარალელურად, ნათია ნასრაშვილი ჰოსპიტლების სტრატეგიული განვითარების მიმართულებას ჩაუდგა სათავეში. ბიზნესისადმი დიდმა ინტერესმა კი ბიზნესის მართვის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამამდე მიიყვანა.
„პარალელურად, 2017 წლიდან, უნივერსიტეტებთან დავიწყე აკადემიური თანამშრომლობა. ზოგადად, როდესაც სერვისის მიმართულებაში ხარ, ძალიან ბევრ ადამიანთან გაქვს შეხება. ყოველთვის მჯეროდა, რომ რაღაცის გაკეთება, მხოლოდ ინფორმაციის მიწოდებით ან სამუშაო აღწერილობით შეუძლებელი იქნებოდა. შესაბამისად, მაქსიმალურად ვცდილობ, ადამიანებს ავუხსნა და ვასწავლო საფუძვლები, რისთვისაც კონკრეტულ საქმეს აკეთებენ. ამასთანვე მივხვდი, რომ შემეძლო ეს სასარგებლო ცოდნა სტუდენტებისთვის გამეზიარებინა და თან მეც ძალიან მაინტერესებდა ეს პროცესი. რამდენიმე უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შემდეგ, ალტე უნივერსიტეტის ბიზნეს სკოლის ლექტორიც გავხდი“.
M: ახლა კი ახალ პოზიციაზე ვისაუბროთ, რას ნიშნავს თქვენთვის ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანობა?
ემოციურ დონეზე, ესაა ენერგია, მოტივაცია, სიახლე, „დრაივი“ და პირდაპირ კავშირშია ჩემს მისწრაფებასთან გავაზიარო ის, რაც ვიცი. ჩემი წარმოდგენით, ცხოვრების ერთი ეტაპი ადამიანებისთვის სკოლის დამთავრებისას სრულდება, მეორე – უნივერსიტეტის. პირადი გამოცდილებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუ როგორ მოხდება მისი ტრანსფორმაცია ერთიდან მეორე მდგომარეობაში.
საგანმანათლებლო ცხოვრება ჩემს წარმოსახვაში რამდენიმე ნაწილად იყოფა. მიხარია, რომ ალტე უნივერსიტეტის ხედვა სწორედ იმ რამდენიმე მიმართულებას უკავშირდება, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესის სფეროში (და არა მხოლოდ) წარმატების მისაღწევად. საუბარი მაქვს სტუდენტებისთვის პროფესიული უნარების განვითარებაზე, უნივერსიტეტის აკადემიური მიმართულების გააქტიურებაზე და ანტრეპრენერული უნარების ჩამოყალიბებაზე.
ალტე უნივერსიტეტის სტრატეგია მჭიდრო თანხვედრაშია ჩემს შინაგან ღირებულებებთან, დამოკიდებულებებთან და წარმოდგენასთან, თუ როგორ უნდა ვითარდებოდეს დასაქმების ბაზარი ახალი პროფესიონალების ჩართულობით.
M: სამომავლო გეგმებზე შეგვიძლია ვისაუბროთ…
ჩემი მიზანია, სტუდენტებს საკუთარი თავის საუკეთესო ვერსიის პოვნაში დავეხმარო. ამ დრომდე, ალტე უნივერსიტეტში მოღვაწეობაც სწორედ იგივე მიზანს ემსახურებოდა – დამეკავშირებინა თეორია პრაქტიკასთან და გამეზიარებინა ჩემი გამოცდილება. ახლა, უკვე ახალი პოზიციითაც, მინდა იგივე მიმართულება გავააქტიურო. მსურს, რომ სტუდენტებს კიდევ უფრო აქტიურად მივცეთ ადგილობრივ და გლობალურ ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობა. ახლაც გვაქვს მოლაპარაკება რამდენიმე საერთაშორისო უნივერსიტეტთან და დარწმუნებული ვარ ეს პროცესები წარმატებით წარიმართება. ჩვენ ვქმნით გარემოს, რათა სტუდენტებმა იპოვონ საკუთარი, საყვარელი საქმე და გაიარონ რეალური გზა მათი საქმიანობის ბიზნესად ქცევის მიმართულებით. ეს ძალიან კარგი პრაქტიკაა, რომ უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ წავიდნენ და რომელიმე კომპანიაში დასაქმდნენ, არამედ თვითონ სცადონ, როგორია ბიზნესის კეთება სხვადასხვა მიმართულებით. მე მათ ხელშესაწყობად ჩემს ცოდნასა და გამოცდილებას მაქსიმალურად გამოვიყენებ და საჭიროების შემთხვევაში, მათთან ერთადაც ვიპოვი საინტერესო კითხვებზე პასუხებს.
[R]