in

კორელაცია გადაწყვეტილებასა და საბოლოო შედეგს შორის: სამშენებლო-დეველოპერული სფერო ფინანსური პროექციით

კომპანიის წარმატებასა და სტაბილურობაში ფინანსური მენეჯმენტი ერთ-ერთ საკვანძო როლს თამაშობს. ფინანსისტის ხედვა და გუნდური ჩართულობა ორგანიზაციის განვითარებისთვის უპირობოდ მნიშვნელოვანია.

„ჩემთვის და ზოგადად, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც განსაკუთრებული პროფესიული ალღოთი უდგებიან ფინანსებს, როგორც პროფესიას, სამშენებლო-დეველოპერული მიმართულების ფინანსური აღრიცხვა განსაკუთრებით მრავალფეროვანი და საინტერესოა“, – აღნიშნავს ნათია საღარეიშვილი, „ალიანს ჯგუფის“ უფროსი ბუღალტერი.

ნათია საღარეიშვილი „ალიანს ჯგუფში“ მისვლისას განსაკუთრებით დააინტერესა იმ პროექტებმა, რომელზეც კომპანიის გუნდი იმ დროისათვის მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდშივე მიმდინარეობდა „ალიანს ჯგუფის“ ფინანსური გუნდის ფორმირებაც:

„ალიანსი აქტიურად ეძებდა გამოცდილ, კვალიფიცირებულ თანამშრომელს. სრულიად ახალი და კომპლექსური სფეროს ათვისების პერსპექტივა, ჩემი კარიერული პროგრესირების მნიშვნელოვანი ნაწილი გახლდათ, ამიტომ ამ მხრივ, ეს გადაწყვეტილება პერსონალური, თუ პროფესიული ზრდისთვის, გარდამტეხიც აღმოჩნდა.“

ექვსი წელია, რაც საბანკო, საგანმანათლებლო და სადისტრიბუციო სფეროს შემდეგ, ნათია საღარეიშვილმა უძრავი ქონების სექტორში გადაინაცვლა და დღეს, პროფესიულ რჩევებსა და გამოცდილებას გვიზიარებს.

M: რა პასუხისმგებლობას მოიცავს თქვენი როლი ამჟამად?

ამჟამად, მულტიფუნქციური პროექტის, „ალიანს ჰაილაინის“ უფროსი ბუღალტერი ვარ, რაც გულისხმობს იმას, რომ ვაწარმოებ კომპლექსის მიმდინარე პროცესების ფინანსურ აღრიცხვას,  ანალიზსა და შესაბამის კლასიფიკაციას, ყველა გაწეულ ხარჯთან მიმართებაში.

ალიანსის ფინანსურ გუნდს სრულად შემუშავებული გვაქვს კომპანიის ფინანსების შიდა სააღრიცხვო პოლიტიკა, რაზე დაფუძნებითაც განვიხილავთ ყველა საკითხს და გადაწყვეტილებასაც შესაბამისი, მრავალმხრივი მსჯელობის საფუძველზე ვიღებთ. მოგეხსენებათ, ანალიტიკური პროცესები საქმის წარმართვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო კომპონენტია.

თითოეული სფეროს, ხოლო განსაკუთრებით უძრავი ქონების სექტორის საყრდენი, გამართული ფინანსური პოლიტიკა და შემდგომ, მისი შესაბამისად წარმოებაა. უშუალოდ ჩემი პასუხისმგებლობის რეზიუმე ამ კომპლექსურ პროცესებში, არის კომპანიის ფინანსების მაქსიმალურად ეფექტური ოპტიმიზაცია, ყველა საკანონმდებლო ვალდებულების დაცვა და ფინანსური პროგრესისთვის ბიძგის მიცემა, თუ სტაბილურობის სრულად შენარჩუნება.  

M: როგორია თქვენთვის პროექტზე მუშაობის პროცესი?

ისეთი კონცეფციისა და მასშტაბის პროექტზე, როგორიც „ალიანს ჰაილაინია“, რთულია მუშაობა მონოტონური იყოს. ფინანსური კუთხით პროცესების მრავალფეროვნებას ხშირად ისიც განაპირობებს, რომ ჩემს პროფესიულ მიმართულებას გამოწვევები სულ თან სდევს, ამ განსაკუთრებულ შემთხვევებს, კი ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვთ, რადგან სწორედ ამ დროს გამოიხატება პროფესიული შესაძლებლობები საუკეთესოდ, ხოლო დაგროვილი ცოდნა ითარგმნება დროულ ქმედებებში.

„ალიანს ჰაილაინის“ მულტიფუნქციური ბუნებიდან გამომდინარე, პროექტი მრავალი სახის ფინანსურ ოპერაციას აერთიანებს, რომელშიც საქმის დაწყებიდან, საკითხის ჩახურვამდე ჩართული ვარ, ხოლო ამ პროცესებში ჩემთვის გამორჩეულად სასიამოვნოა კონკრეტული ქეისებიდან იმ ფინანსური შედეგებისა და რეზულტატების მიღება, რომლებიც თავიდანვე დაგეგმილი, თუ გათვლილი მქონდა, რაც ფინანსური სფეროს აზარტულობის ერთ-ერთი გამოხატულებაა.

M: რა უნარები სჭირდება პროფესიონალ ფინანსისტს?

ჩვენი პროფესია ძალიან დიდ კონცენტრაციასა და დაკვირვებით მუშაობას მოითხოვს. ის, რაც ფინანსურ სფეროში აუცილებლად უნდა გქონდეს, ან შემდგომში გამოიმუშაო არის ანალიზისა და ე.წ სრული სურათის აღქმის უნარი, რაც გვაძლევს შესაძლებლობას დავინახოთ კორელაცია გადაწყვეტილებასა და საბოლოო შედეგს შორის, ანუ რამდენად პასუხობს აღრიცხვა დაინტერესებული მხარეების კითხვებსა და ქმნის თუ არა კომპანიისთვის სასურველ ფინანსურ  რეზულტატს.

ასევე, ვფიქრობ, ცალსახად მნიშვნელოვანია პროფესიონალმა ფინანსისტმა შეიმუშაოს საკუთარი ცოდნის, ნამუშევრის შემოწმების/აუდიტის მექანიზმები საგადასახადო და ფინანსურ სტანდარტებთან მიმართებაში.

ამ დროს, მთავარი სწორება არ უნდა იყოს უშეცდომობაზე, არამედ პირიქით, ორიენტირი უნდა ავიღოთ შეცდომის იდენტიფიცირებაზე, აღმოფხვრაზე და შემდგომ, აღრიცხვის სრულყოფაზე.

ისეთ საპასუხისმგებლო და შრომატევად საქმესთან, როგორიც კომპანიის ფინანსური აღრიცხვაა რთულია გამკლავება ძლიერი, მცოდნე გუნდის გარეშე. აერთო პროფესიულ უღელში შეჭიდებულებს, პირველ რიგში, გუნდის წევრების გამოცდილების გაზიარება, მყარი და ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბება გვიწყობს ხელს საქმის ხარისხიანად წარმართვაში.

M: რა გავრცელებული შეცდომები გახსენდებათ თქვენი მიმართულებით, რასაც უშვებენ ხოლმე სპეციალისტები?

შეცდომების მხრივ, ორ განსაკუთრებულად სავალალო ლაფსუსს გამოვყოფ, რომელზეც მუშაობა შემდგომი პერიოდების განმავლობაში ძალიან მარტივს ხდის როგორც პროფესიულ, ისე პერსონალურ განვითარებას.

დროის რესურსების არასწორად განაწილება – გამორჩეულად ფინანსურ საქმიანობაში, ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია დროის ფაქტორი. საოპერაციო პერიოდის განმავლობაში, უამრავი პროცესის დამუშავება და გაანალიზება გვიწევს, რაშიც დადგენილი დროის რესურსის მიხედვით, თითოეული წამი მაქსიმალურად პროდუქტიულად უნდა აითვისო. ფინანსური კუთხით, უფრო მეტად ეფექტურია დინამიკურობა, ვიდრე რამდენიმე ოპერაციის სინქრონულად კეთება. შესაბამისად, რაც უფრო ლოგიკურად და საკითხის კომპლექსურობასა, თუ პრიორიტეტულობაზე იქნება დროის მენეჯმენტი მორგებული, მით უფრო გაგიმარტივდებათ დღის სწორი დაგეგმარება.

თვითგანვითარებისა და ზრდის წყვეტა, ანუ როცა რუტინა იმარჯვებს – როცა გადაწყვეტ, რომ პროფესიაში ყველაფერი იცი და აღარ სვამ შეკითხვებს, არ ისმენ სხვის აზრს და მისადმი მიმღებლობაც ნაკლები გაქვს, არ ეცნობი საკანონმდებლო, თუ ფინანსურ ცვლილებებს, ეს არის ერთგვარი თვითკმაყოფილების უკუჩვენება, რომელიც ფაქტობრივი რეგრესის წინაშე დაგაყენებთ. 

ეკითხვების ქონა არ არის უცოდინრობის ეკვივალენტი, ეს არის ცნობისმოყვარეობისა და ცოდნის განახლების სურვილი, რომელიც ცხოვრების ბევრ, ძალიან წარმატებულ ეტაპამდე მიგიყვანთ.

M: როგორია თქვენთვის თვითგანვითარების პროცესი და რა როლი აქვს ასეთ დროს კომპანიასა და კორპორაციულ გარემოს?

Success = (Hard Work + Knowledge) * (Time + Discipline) * (Opportunity + Networking)

ცოდნისა და შრომის, დროისა და დისციპლინის, შესაძლებლობებისა და ნეთვორქინგის ჯამების ნამრავლით, კომპლექსური, თუმცა ეფექტური ფორმულა დგება, რომელიც ცოდნის მუდმივი განახლების, პიროვნული ზრდისა და წინსვლისკენ სწრაფვაზეა დაფუძნებული.

ამ პროცესში ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმ კორპორაციულ კულტურას, რასაც ალიანსი და მეტწილად ჩემი გუნდის წევრები აყალიბებენ. ერთდროულად კომფორტი, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობაა იყო იმ კომპანიის გუნდის ნაწილი, სადაც შენი განვითარების თითოეული ეტაპი და მიღწევა შემჩნეული, თუ დაფასებულია.

STEP DESIGN 2023 — IT აკადემია STEP-ის ყოველწლიური გამოფენა გრაფიკულ დიზაინში

როგორ იქცა Burger King-ის რესტორანი ბარბის სახლად?