25
May
2018

„საფრთხიდან“ დიდ კანამდე! ნათია სვანიძისა და პავლე გაბრიჭიძის მზადყოფნა საერთაშორისო შეჯიბრისთვის

25 May 2018

საფრთხე“ იყო მთავარი ინსაითი, რაზეც ავაგეთ კამპანია“, – Giovanni Morra-ს თანადამფუძნებლები, ნათია სვანიძე და პავლე გაბრიჭიძე კანის ახალგაზრდული ადგილობრივი შესარჩევი კონკურსის, YOUNG MARKETERS-ის კატეგორიის გამარჯვებულები არიან, რადგან ჟიურის გადაწყვეტილებით, დავალებას, რომელიც ეხებოდა თბილისში ღამის ეკონომიკის განვითარებასა და იმ გამოწვევებს, რის წინაშეც, დღესდღეობით, თბილისის ღამის ცხოვრება დგას, 70 მონაწილიდან, სწორედ მათ გასცეს ყველაზე საინტერესოდ პასუხი. მარკეტერს პავლემ და ნათიამ გაუზიარეს ის შთაბეჭდილებები, გამოცდილება და ემოციები, რაც YOUNG LIONS 2018-ისგან დარჩათ:M: როგორ გადაჭერით ბრიფში დასმული ამოცანა? რა არის თქვენი ნამუშევრის კონცეფცია?
პავლე გაბრიჭიძე: პრობლემების გაანალიზებისას აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ჯერ საბჭოთა კავშირმა და მერე 90-იანმა წლებმა, ღამე გარეთ გასვლა დააკავშირა ამორალურ საქციელთან ან საფრთხის შემცველ ქმედებასთან. „დროზე მოდი სახლში, გვიანია!“ – ალბათ, ყველას მოგვისმენია მსგავსი შინაარსის ფრაზა ჩვენი მშობლებისგან. შედეგად, ბევრი თბილისელი ღამე სახლში ყოფნას ამჯობინებს გარეთ გასვლას და გართობას, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით.გავიაზრეთ ისიც, რომ ბევრი მილენიალის აღქმაში ღამე შიშთან, ძალადობასა და საფრთხესთან ასოცირდება. მაშინ, როდესაც მსოფლიო უსაფრთხოების ინდექსით, საქართველო, მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა. ამ შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენი უფლებებისა და პასუხისმგებლობების არცოდნა. ჩვენ – მილენიალებს, კონსტიტუცია არასოდეს გვისწავლია – არც სკოლაში, არც უნივერსიტეტში. არ ვიცით წესები, რომლითაც უნდა „ვთამაშობდეთ“ საზოგადოებაში. არ ვიცით, რა უფლებები თუ პასუხისმგებლობები გვაქვს. არ ვიცით, რომელი კანონი იცავს ჩვენს ფუნდამენტურ უფლებებს.

ნათია სვანიძე: ჩვენ, ერთი მხრივ, ავიღეთ ადამიანის უფლებათა ბიბლია და მეორე მხრივ, უსაფრთხოების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სიმბოლო – უსაფრთხოების ჟილეტი, გავაერთიანეთ და მივიღეთ საბოლოო პროდუქტი: უსაფრთხოების ჟილეტი, რომელზეც დატანილია კონსტიტუციის მუხლები. წარწერები არის ნეონის და სიბნელეში ანათებს.ჩვენი მთავარი მესიჯი კი არის Be Safe, Be Sound! ამით სამიზნე აუდიტორიას ვეუბნებით, რომ მათ ჟილეტი და კანონები იცავენ, ისინი არიან უსაფრთხოდ! მაგრამ ამავდროულად, ისინი არიან ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას, თუ რა უფლებები გააჩნიათ მათ და რა პასუხისმგებლობები ეკისრებათ შემხვედრებს! ჟილეტის ტარება ნიშნავს საკანონმდებლო ცნობიერების გაზრდას საზოგადოებაში! რაც, თავისთავად, ითარგმნება უსაფრთხოებისა და სიმშვიდის განცდაში. გვჯერა, როდესაც საქმე ეხება აღქმისა და ქცევის შეცვლას, საჭიროა, გქონდეს ძლიერი ფიზიკური თუ შინაარსობრივი სიმბოლო, რომელიც გახდება ხელმოსაჭიდი, სტეროტიპების ნგრევის პროცესში.M: როგორ იპოვნეთ შეხების წერტილები მოცემულ დავალებასა და Giovanni Morra-ს შორის?
პავლე გაბრიჭიძე: 
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, არ გაგიკვირდებათ, რომ ჩვენი ბრენდის მომხარებლებსაც მსგავსი პრობლემა აქვთ. Giovanni Morra-ს მთავარი ღირებულება გამოხატვის თავისუფლებაა და ჩვენი ფერადი პროდუქტებიც სწორედ თვითგამოხატვის ინსპირაციას ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლებს მოსწონთ ჩვენი ჭრელი, ყვავილებიანი და არაორდინარული პროდუქცია, ხშირ შემთხვევაში, მაინც ყიდულობენ ჩვეულებრივს (შავს, მუქ ლურჯს და ა.შ.), საფრთხის თავიდან აცილების მიზნით – ისინი ფიქრობენ, რომ სოციუმი მათ გაკიცხავს და გარკვეულ იარლიყებს მიაკერებს. აღმოჩნდა, რომ თბილისის მერიასა და Giovanni Morra-ს, საერთო პრობლემა და მიზანი აქვს – ჩვენ თბილისელები უნდა გავაძლიეროთ, მოვუხსნათ შიში და დავანგრევინოთ სტერეოტიპები.  M: სამუშაო პროცესზე მოგვიყევით, რა დრო დაგჭირდათ იდეის ჩამოყალიბებისა და შესრულებისთვის?
პავლე გაბრიჭიძესამუშაო პროცესი იყო რთული, თუმცა, უაღრესად საინტერესო! შედეგი მეორეხარისხოვანი გახდა, რადგან ბოლომდე დავიხარჯეთ და პროცესისგან მივიღეთ დიდი სიამოვნება. მთელი სახლი მოფენილი იყო უშველებელი ფორმატებით, სადაც ჩვენი ნააზრევი გადაგვქონდა, უამრავი ვარიაცია წარმოიშვა – ბევრი ვიკვლიეთ, ვიმსჯელეთ, ვიკამათეთ, სანამ საბოლოო იდეამდე მივედით. ამას დაემთხვა „ბასიანის“ დარბევა და მწვავე ემოციური ფონი, თუმცა, სწორედ ამ დროს იყო საჭირო ძალების მობილიზება, რათა ყველანაირი საშუალებით გვებრძოლა უსამართლობის წინააღმდეგ. დავალების შესასრულებლად, ჯამში, დაგვჭირდა ერთი სრული დღე, გავგზავნეთ „დედლაინამდე“ რამდენიმე წუთით ადრე – ვერ ველეოდით ნამუშევარს, გვინდოდა, მაქსიმალურად დაგვეხვეწა.M: როგორც პარტნიორებს, ერთად მუშაობის რა გამოცდილება გაქვთ და რა მნიშვნელობა აქვს თანაგუნდელის შერჩევას ამ შეჯიბრში გამარჯვებისთვის?
ნათია სვანიძე: თამამად ვიტყვი, რომ თანაგუნდელის შერჩევას ამ კონკურსში აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა! ზოგადად, ჩვენ ერთად მუშაობის საკმაოდ დიდხნიანი ისტორია გვაქვს, უნივერსიტეტიდან მოყოლებული არაერთი მნიშვნელოვანი საერთო პროექტი განგვიხორციელებია. თუმცა, ეს გამოცდილება მაინც სხვა და ახალი იყო. ეს კონკურსი, მეტწილად, არის ემოციური ინტელექტის გამოცდა, რადგან ძალიან შეზღუდულ დროში უნდა გადაჭრა საკმაოდ რთული ამოცანა, მეწყვილესთან ერთად. ერთმანეთით არ უნდა დაიღალოთ, ერთმანეთის იდეები უნდა აკულტივიროთ, რაც არ უნდა უპერსპექტივო გეჩვენებოდეს იდეა, უნდა მიიღო და ინსპირაცია მისცე მეწყვილეს, რომ გააგრძელოს ფიქრის პროცესი. მსჯელობა და კამათი უნდა იყოს საღი, საერთო მიზნისკენ მიმართული. ენერგია ბოლომდე უნდა დახარჯო, ბოლომდე!
M: რა გამოცდილება მოგცათ Young Lions 2018-მა და როგორია თქვენი მოლოდინები დიდ კანში?
ნათია სვანიძე: Young Lions 2018-მა მოგვცა თავდაუზოგავი შრომის, სიხარულისა და დიდი პასუხისმგებლობის განცდის გამოცდილება. მიუხედავად უსაშველო კონკურენციისა, მოგების მოლოდინი, რა თქმა უნდა, გვაქვს! მონსტრ ბრენდებთან შეჯიბრი რთულია, მაგრამ, ვფიქრობთ,  ჩვენი უპირატესობა სწორედ ისაა, რომ პატარები ვართ. ეს, როგორც წესი, უფრო ანთებულ გულსა და დიდ ენთუზიაზმს გულისხმობს! ეს არის ყველაზე ცოცხალი მდგომარეობა. ვნახოთ, რა გამოვა.Young MARKETERS-ის ყველა ნამუშევრის სანახავად გადადით ბმულზე

განხილვა