in

„საპასპორტეს მსგავსად, რატომ არ შეგვიძლია, პრეზიდენტის რეზიდენციაც ვაქციოთ ალტერნატიულ მედიად?“ – ნათია სვანიძის #აზრები

ოკუპაციასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი ამ თემაზე ხმამაღლა ლაპარაკია, პირველ რიგში, ქვეყნის შიგნით და შემდეგ – მის ფარგლებს გარეთ. მჯერა, თუ ჩვენ არ ვიქნებით ერთსულოვნები ოკუპაციის გმობის გარშემო, ვერ მოვახერხებთ მსოფლიოს ალაპარაკებას, რაც ამ მდგომარეობაში წყალივით გვჭირდება.

Giovanni Morra-ს ანტიოკუპაციური კამპანიით საზოგადოებას შევახსენეთ, რომ ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი ნაწილი დღემდე ოკუპირებულია. რთულია, საქართველოს მსგავსი პატარა ქვეყნიდან, ხმა მიაწვდინო მსოფლიოს, მაგრამ ყველას შეგვიძლია, მცირე წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. სწორედ ამიტომ, ანტიოკუპაციური საპასპორტეთი ადამიანებს შევთავაზეთ პროტესტის გამოხატვის ერთ-ერთი მარტივი გზა – ალტერნატიული მედია, რომელიც მფლობელთან ერთად მოგზაურობს და რუსული ოკუპაციის შესახებ მსოფლიოს უყვება.პროდუქტის გამოშვების პროცესი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. საზოგადოებაში გაჩნდა აზრთა სხვადასხვაობა, იყო კრიტიკა (მათ შორის, ჯანსაღი კრიტიკაც) და მხურვალე აპლოდისმენტი. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი უამრავი ადამიანის მიერ სწორედ ამ საპასპორტეთი გადაკვეთილი საზღვარი გახდა. არა მხოლოდ საქართველოში მცხოვრები მოქალაქეები, არამედ ქართული დიასპორის ძალიან დიდი ნაწილიც ჩაერთო ამ პროცესში.

ბოლო პერიოდში, ოკუპაციის წინააღმდეგ არაერთი ადამიანისა თუ კომპანიის მიერ გაკეთდა საინტერესო განცხადება, პროტესტის გამოხატვის კრეატიული გადაწყვეტა თუ კამპანია. საკმაოდ დიდმა ბრენდებმაც კი დაიწყეს ოკუპაციაზე საუბარი, რაც უმნიშვნელოვანესია. ბრენდისთვის გამბედაობა რისკია. თუმცა, მჯერა რაც უფრო მეტი გამბედავი ბრენდი გვეყოლება ქვეყანაში, მით მეტ პრობლემას გადავწყვეტთ საინტერესოდ. ბიზნესს აქვს ძალიან დიდი ბერკეტი, აქციოს ესა თუ ის თემა აქტუალურად. ამ ბერკეტის სწორედ ასეთი სოციალური პრობლემებისკენ მიმართვა, ძალიან სასარგებლოა საზოგადოებისთვის.

ჩვენ დიდი სიამოვნებით დავამყარებდით კონტაქტს საქართველოს პრეზიდენტთან, რადგან ერთსულოვნება მოითხოვს თემის გარშემო არა მხოლოდ სამოქალაქო სექტორის, არამედ სახელმწიფოს გაერთიანებასაც.

პასპორტის მსგავსად, პრეზიდენტის რეზიდენციაც სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ძლიერი სიმბოლოა. გარდა ამისა, შენობა ჩანს დედაქალაქის უმეტესი მთავარი ტურისტული ადგილიდან. ამიტომ, საქართველოში ჩამოსული ყველა უცხოელი მას, სულ მცირე, ერთხელ მაინც ხედავს. საპასპორტეს მსგავსად, რატომ არ შეგვიძლია პრეზიდენტის რეზიდენციაც ვაქციოთ ალტერნატიულ მედიად და პროექციის გამოყენებით, ჩვენი მთავარი სათქმელი სწორედ ამ არხით გავაგებინოთ მსოფლიოს…?

ნათია სვანიძე, Giovanni Morra-ს თანადამფუძნებელი

Galaxy Note 9-ის ფოტო მოდელის ოფიციალურ პრეზენტაციამდე გავრცელდა