in

როგორ შეცვალა ნიუ-იორკის კინოაკადემიის სკოლამ ტეტეშკას კარიერული გზა

შემოქმედებით სამყაროში მას Tetesh Ka-ს სახელით იცნობენ. ნათია ტეტიაშვილი ფოტოგრაფი, დოკუმენტური კინოს რეჟისორი და პროდიუსერია. მისი ხელოვნებაც განსხვავებულ ჟანრებს აერთიანებს, მათ შორისაა პორტრეტული, ურბანული, საკონცერტო და დოკუმენტური. მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი გამორჩეული გამოცდილება ნიუ-იორკის კინოაკადემიის სკოლას უკავშირდება, სადაც ციფრული ფოტოგრაფიის კურსი გაიარა და American Photography Artists-ის წევრი გახდა. ეს გამოცდილება მის სრულიად კარიერაში ახალი ეტაპის დასაწყისი აღმოჩნდა. კურსის დამამთავრებელი ფოტოპროექტი ჯერ TATÌ SPACE photography center-ის ონლაინ ფოტოგამოფენაში მოხვდა, შემდეგ სხვადასხვა ფოტოკონკურსში და პორტრეტის კატეგორიაში მიიღო ჯილდო, MONOVISIONS-ზე. გამორჩეული აღმოჩნდა Trieste Film Festival-ის ამბავი, სადაც ნათია ტეტიაშვილის ფოტო შეირჩა ოფიციალურ პოსტერად. ასევე, 2020-21 წლებში მისი ნამუშევარები შეირჩა Fujifilm Global-ის ქავერ ფოტოდ კონკურსში Global’s “Daily Cover Photo”.

უფრო ადრე, ქეთი მელუას ალბომისთვის “Ultimate Collection” გადაიღო ქავერი და მომღერლის გერმანულ ტურნეშიც მიიწვიეს ფოტოგრაფად. კარიერის განმავლობაში მას ქონდა შესაძლებლობა გადაეღო ისეთი არტისტები, როგორებიცაა: Beth Hart, Milky Chance, David August, Rhye, Super Flu, Sevdaliza, Róisín Murphy, Gus Gus, Paul Kalkbrenner, Solomun და სხვები.

წლების განმავლობაში, იყო ფოტოგრაფი და რეჟისორი ისეთი ღონისძიებების, როგორიცაა Cadet World Championship, GemFest, Tbilisi Open Air, ახალი წლის ღონისძიებები ბათუმში, „ღვინის დღეები“, European Union in Georgia – პროექტი #skill4jobstalks, FIBA Eurobasket Tbilisi, ITB Berlin და სხვა.

ფოტოგრაფიასთან დაახლოებას რეჟისორის პროფესიას უკავშირებს. ნათია ტეტიაშვილის კარიერა მოძრაობის თეატრით დაიწყო, სადაც ათი წლის განმავლობაში იღებდა ფოტო-ვიდეო კონტენტს.

„ჩემი მთავარი პროფესია დოკუმენტური კინოს რეჟისურა არის და ფოტოგრაფიაც აქედან წამოვიდა, მრავალმხრივი ინტერესი სხვადასხვა მიმართულებით „მოძრაობის თეატრიდან“ დაიწყო, სადაც 10 წელი გავატარე და კახა ბაკურაძესთან და სხვა ნიჭიერ ადამიანებთან ერთად მიწევდა სხვადასხვა პროექტებზე მუშაობა“, – გვიამბო ნათია ტეტიაშვილმა.

M: როგორ მიიღო პროფესიული ფორმა მრავალფეროვანმა ინტერესებმა?

ჩემი პროფესიული გზა თეატრალური უნივერსიტეტიდანვე დაიწყო, რომელიც ძალიან უცნაურად განვითარდა, მეორე კურსის დასასრულს კინოდან თეატრში აღმოვჩნდი. საკურსოს გადასაღებად მივედი, ისეთი საოცარი და ჯადოქრული გარემო დამხვდა, რომ 10 წლით დავრჩი როგორც ავღნიშნე.

თეატრის ფოტო-ვიდეო გადაღება ჩემს ხელში იყო, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში მიდიოდა, რომელმაც ვთვლი, რომ ძალიან წინ წამწია პროფესიულად და ამავე დროს დოკუმენტური კინოსთვის თავი არ დამინებებია და პარალელურად ვმუშაობდი სხვადასხვა პროექტებზე.

M: გავლენა იქონია ნიუ-იორკულმა გამოცდილებამ თქვენს პროფესიულ გზაზე?

აპლიკაციის შევსების შედეგ, დამიკავშირდნენ, წარმატებით გავიარე რამდენიმე ეტაპი და ჩავირიცხე. წასვლის პროცესი საკმაოდ გაიწელა დროში, ბევრი ხელშემშლელი ფაქტორიც იყო, მაგრამ არ დავნებდი და საბოლოოდ, აღმოვჩნდი იმ სამყაროში და ისეთი მენტორების ხელში რომლებმაც დიდი გავლენა მოახდინეს ჩემს პროფესიულ წინსვლაში. ნიუ-იორკიდან ვიზუალური თხრობის უდიდესი გამოცდილებითა და საკუთარი პროექტით დავბრუნდი საქართველოში. ჩემს პროექტს მას შემდეგ ფოტოკონკურსებში ვამოგზაურებ და MONOVISION-სგან ერთი საპატიო ჯილდო უკვე მივიღე. აღნიშნულ კონკურსში 3500 ფოტოგრაფი იღებდა მონაწილებას და 20 საუკეთესო ფოტოგრაფში აღმოვჩნდი. ასევე Tati Space Photography Center-ის ონლაინ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა, ასე, რომ ნიუ-იორკული გამოცდილება გრძელდება.

M: რა იქცა თქვენს შთაგონებად, რამაც თქვენს საქმიან ჩამოყალიბებაზე ყველაზე დადებითი გავლენა იქონია?

ჩემი პროფესიული გზის განვითარება დაუაღალავ შრომასთან და დღემდე სწავლასთან არის დაკავშირებული, რომელსაც არ ვაჩერებ, ასევე სხვადასხვა ნიჭიერ ადამიანს და ბევრ საინტერესო პროექტს უკავშირდება, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე ქვეყნის გარეთ.

კინო და თეატრი ყველაზე დიდი შთაგონების წყაროა ჩემთვის და ამას ვერაფერი შეცვლის, მაგრამ ისე განვითარდა ჩემი პროფესიული გზა,  რომ ყველაზე დიდი როლი და დადებითი გავლენა ამ ეტაპზე იქონია სხვადასხვა მუსიკალური ფესტივალების თუ ივენთების გადაღებამ, რომელსაც დღემდე ვაგრძელებ, და ვცდილობ ფოტოებით ის მხარე დავანახო ადამიანებს, რომლებსაც თუნდაც იქ ყოფნისას ვერ ამჩნევენ.

M: რომელმა პროექტმა მოგცათ ყველაზე დიდი ბიძგი, კარიერული თვალსაზრისით?

ძალიან რთულია გამოვყო რომელიმე, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ქეთი მელუას 2 პროექტს, მის ალბომის მთავარ ფოტოს და ევროპის ტურნეს ფოტოსესიებს, რომელსაც ქეთი დღემდე აქტიურად იყენებს. ჩვენი თანამშრომლობა ძალიან საინტერესოდ დაიწყო და განვითარდა. ვიტყვი, რომ ერთ-ერთი განსაკუთრებული როლი აქვს მას ჩემ პროფესიულ განვითარებაში.

M: თქვენს რჩეულ პროექტად რომელი მიგაჩნიათ?

ჩემი ფოტო გახდა “Trieste Film Festival”-ის მთავარი აფიშა. ვიტყოდი, რომ ამ ფაქტმა უდიდესი გარდატეხა მოახდინა, განსაკუთრებით, საერთაშორისო ასპარეზზე. მას შემდეგ დავიწყე ფიქრი საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებაზე, რაც წარმატებით დასრულდა.

M: რა გიბიძგებთ მუდმივი განვითარებისკენ?

ერთი კადრით მოყოლილი ადამიანები და მათი ისტორიები განვითარების გარეშე შეუძლებელია. ეს არის ყველაზე დიდი ბიძგი, რომელიც მუდმივად გაძლევს ორიენტირს განვითრებისკენ.

M: სამომავლოდ, როგორ გეგმავთ საქმიანობის გაგრძელებასა და განვითარებას?

ვმუშაობ ივენთების მიმართულებით, ვიზუალური და სარეჟისორო კუთხით, მაგრამ ამ ეტაპზე მთავარი საქმიანობა ფოტოგრაფია, დოკუმენტური კინო და საავტორო პროექტების კეთებაა, რასაც ქვეყნის გარეთ გავიტან. ნიუ-იორკის კინოაკადემიის დამთავრების შედეგ, გავხდი APA-ს წევრი (American Photography Artists), რომელიც პროფესიული წინსვლისა და საერთაშორისო პროექტებისკენ გადადგმულ დიდ ნაბიჯად მიმაჩნია.

[R]

Banksy-მ ლონდონის ქუჩები ცხოველთა მურალებით აავსო

სოფო ელოშვილი – #პირველისამსახური