in

ეკონომიკის მინისტრი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა. მთავარი მიზანი, მისი თქმით, დღეს, სექტორში არსებული პრობლემების განხილვა და ამ გამოწვევების დაძლევა იყო. თბილისში გამართულ შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ბათუმსა და ქობულეთში კი, მათთან ერთად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდა.

bog
bog-mob

„არსებული გამოწვევების ფონზე, კარგად გვესმის ბიზნესის წუხილი, ჩვენ მზად ვართ და აღვუთქვით გვერდში დგომა, რომ მაქსიმალურად შევარბილოთ კრიზისით გამოწვეული პოტენციური, ნეგატიური შედეგი და ვიმუშაოთ მათთან ერთად სხვადასხვა გეგმაზე“, – აღნიშნა ნათია თურნავამ თბილისში, ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია და ბიზნესის თხოვნაც არის, მაქსიმალურად გავრცელდეს ინფორმაცია  საქართველოს, როგორც ტურიზმისთვის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყანის შესახებ.

„ ეს ეხება ნებისმიერი ქვეყნის ტურიზმს, მათ შორის, ტრადიციული ბაზრებიდან ჩამოსულ ტურისტს და მათ შორის რუს ტურისტებს. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის  ტურისტული ბაზარი არის უსაფრთხო  და ეს დადასტურებულია უამრავი საერთაშორისო რეიტინგით. საქართველო არ ირჩევს ტურისტს – ტურისტი ირჩევს საქართველოს. ეს  საკმაოდ დივერსიფიცირებული ბაზარია და არც ერთი მიმართულება არ არის დომინანტი“, – ამბობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.

მისივე თქმით, შეხვედრების ამოცანაა, უშუალოდ ტურისტული ბიზნესისგან მოისმინოს, რა გამოწვევების წინაშე დადგნენ  რეალურად.

„მაგალითად, ციფრები, რაც დღევანდელ შეხვედრაზე გააჟღერა ბიზნესმა, არის რეალური გამოწვევა, რადგან წლის ბოლომდე მოლოდინი იყო, დაახლოებით, მილიონი რუსი ტურისტი ჩამოვიდოდა საქართველოში, რაც დაახლოებით 2 მილიარდი ლარის შემოსავალი იქნებოდა სექტორისთვის“, – ამბობს ნათია თურნავა.

რაც შეეხება აჭარას, ნათია თურნავა ქობულეთში მცირე და საშუალო სასტუმროების მფლობელთა აქციის მონაწილეებს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, მათ მინისტრთან საუბრისას აღნიშნეს, რომ აჭარაში მცირე სასტუმროების დიდი ნაწილი, ძირითადად, რუსეთიდან ჩამოსული ტურისტებს ემსახურება, ტურისტული ემბარგო კი მათ შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

აქციის მონაწილეებმა ასევე გააჟღერეს თხოვნა, რომ მთავრობამ გაუწიოს მათ შუამდგომლობა კომერციულ ბანკებთან სესხების მომსახურებისას შეღავათების გაწევის კუთხით. ნათია თურნავას თქმით, ამ საკითხს ბანკების მმართველებთან შეხვედრაზე აუცილებლად დააყენებს.

ქობულეთის გარდა, ნათია თურნავა ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა ბათუმშიც. როგორც ადგილზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა თქვა, ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, ტურისტული სექტორის დასახმარებლად, განსაკუთრებით მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში. 

„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ზუსტად ვუპასუხოთ ბიზნესის მოთხოვნას, რომელიც ასევე ითხოვს, რომ ტურისტული ბაზრების გაფართოებასთან ერთად, შევინარჩუნოთ რუსეთის რუსეთის ტურისტული ბაზარიც. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყველა მიმართულებით ვიმუშავებთ“, – ამბობს ნათია თურნავა.

შეხვედრაზე მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება ტურისტებისათვის უსაფრთხო ქვეყნად.

„ყველა ტრიბუნას გამოვიყენებ იმის სათქმელად, რომ საქართველო კვლავაც რჩება ერთ-ერთ ყველაზე სტუმართმოყვარე, გახსნილ, უსაფრთხო ქვეყნად. თქვენ, აჭარლებმა, თქვენი შრომით მოიტანეთ ის, რომ რეგიონი არის ერთ-ერთ ყველაზე სასურველი ტურისტული ადგილი. ჩვენ ვამუშავებთ გეგმას, რომელიც სწორედ თქვენზე იქნება მორგებული. დღეს ვიმყოფები აჭარაში, რადგან სეზონი უკვე დაწყებულია და და ყველაზე მეტი თანადგომა გჭირდებათ, არანაკლები გამოწვევებია კახეთში, სვანეთში. ამიტომ, გავაგრძელებ აქტიურ შეხვედრებს, მოვისმენ ბიზნესისგან კონკრეტულ პრობლემებს და ვიმუშავებთ, თუ როგორ ავაწყოთ ერთად ყველაზე უფრო ეფექტური, მორგებული გეგმა“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

როგორ იზიდავს ტურისტებს კანადა?

ცხოვრება სამსახურს მიღმაც არსებობს! – ამაში კი, ხელმძღვანელებმა უნდა დაგვარწმუნონ