თეატრალურში ტელე-რადიო ჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი. რომ ვუფიქრდები, ბავშვობიდანვე მინდოდა ჟურნალისტობა. შევამჩნიე, რომ ძალიან მომწონდა და მიყვარდა მთავარი ამბების, მოვლენების ცენტრში ყოფნა და შემდეგ, ამ ამბების სხვებისთვის მოყოლა. პირველი სამსახური 2007 წელს, პირველ კურსზე დავიწყე, რადიო „საქართველოს ხმაში“. სტაჟიორი ვიყავი და ეს ამბავიც სულ თვე-ნახევარი გაგრძელდა. ზუსტად მაგ პერიოდში იყო დიდი აქციები, გამოსვლები და პირდაპირ მანდ აღმოვჩნდი, ჩართვებით. ეს პირველი პრაქტიკა იყო.
ნამდვილი პირველი სამსახური კი ტელეკომპანია „იმედი“ იყო. მეორე კურსს ვამთავრებდი, სტაჟირება რომ დავიწყე. პროგრამა „დუბლიორში“ მქონდა გაგზავნილი მონაცემები და შემდეგ მაშინდელ საინფორმაციო სამსახურის უფროსთან მოვხვდი შეხვედრაზე. სასაცილო ის იყო, რომ მე ჩემს წარმოდგენაში მქონდა, რომ ძალიან აქტიური პოლიტიკის ჟურნალისტი უნდა ვყოფილიყავი. მახსოვს, ნანამ შემომხედა და პოლიტიკის ჟურნალისტობაზე უარი მითხრა. იმ მომენტში, ეს ჩემთვის საშინელი იმედგაცრუება იყო. ვფიქრობდი, აუცილებლად პოლიტიკის ჟურნალისტი უნდა ვყოფილიყავი. ახლა ვფიქრობ, თვითონ ინტუიტურად მიხვდა, რა იქნებოდა ჩემი საქმე. მითხრა, ახლა ერთ შენნაირ გოგოს გაგაცნობ, იმას მიგაბარებ და კულტურის ჟურნალისტი იქნებიო. ოთახში სალომე არშბა რომ შემოვიდა მივხვდი, ეს საქმე საჩემო შეიძლება ყოფილიყო. ასე აღმოვჩნდი კულტურის ჟურნალისტიკაში 2009 წელს.
11-საათიანი სამუშაო დღე იყო. მახსოვს, როგორ ვინერვიულე პირველი სიუჟეტის მომზადების დროს, შემდეგ პირველი ჩართვისას. შემდეგ, ჩვენი გადაცემაც გვქონდა და ეთერში ვიყავი წამყვანად. „იმედში“ 2012 წლამდე ვიყავი.
შემდეგ, საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავედი, დილის გადაცემის წასაყვანად. პარალელურად, „ჯიპიაიში“ დავიწყე მუშაობა, 2014 წელს, 2016-ში კი მთლიანად კომუნიკაციების „მეორე მხარეს“ გადმოვედი. დღეს, როცა ჩემი ყოფილი კოლეგები მეკითხებიან ხოლმე: – არ გენატრება? ვპასუხობ, რომ კი, ძალიან მენატრება. ჩემთვის ტელევიზია ის ცოცხალი პროცესია, რაც არის კამერა, „ლაივში“ ყოფნა და ცოცხლად კომუნიკაცია.
ყველაფრის მიუხედავად, ის ცოცხალი პროცესი, რაც ტელევიზიას აქვს, არ შემიწყვიტავს. ეს არის ჩემთვის ყველაზე საინტერესო და მთავარი დინამიკა: ცოცხალი კომუნიკაცია და მუდმივად ადამიანებთან კავშირზე ყოფნა. აქ შენ უსმენ ბიზნესს, კომპანიას, გესმის, რა შეიძლება იყოს მთავარი სათქმელი და როგორ სჯობს მიიტანო მთავარი აქცენტი აუდიტორიამდე, რათა საერთო ჯამში, ორივე მხარესთვის სასიკეთო იყოს. ესაა კომუნიკაცია და მე ძალიან მჯერა კომუნიკაციის ძალის.
ნათიკა ბერძული – „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი