in

საერთაშორისო კომპანია SmartSoft-ის სტრატეგიულ კომუნიკაციებსა და ბრენდინგს ნათიკა ბერძული უხელმძღვანელებს

„თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელობის შემდეგ, ნათიკა ბერძული საერთაშორისო კომპანია Smartsoft-ის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის მიმართულებას ჩაუდგა სათავეში. ახალი პოზიცია ინტერკონტიტენტალურ მასშტაბს მოიცავს. „თეგეტა ჰოლდინგამდე“, ნათიკა ბერძულის კარიერა უკავშირდება „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მარკეტინგულ კომუნიკაციებს, ასევე, „ევროპაბეთს“, სადაც საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს მართავდა. ქართულიდან გობალურ ბაზარზე გადასვლა მისთვის ახალი საინტერესო თავგადასავალია. დეტალები ნათიკა ბერძულმა გვიამბო.

M: როგორია შენთვის, ქართული ბრენდების შემდეგ, საერთაშორისო კომპანიასთან თანამშრომლობა?

საერთაშორისო მასშტაბის ბრენდზე მუშაობა ჩემს კარიერაში ახალი და ძალიან საინტერესო გამოწვევაა. ზოგადად, მუშაობის პროცესში, მასშტაბის შეგრძნება ჩემთვის მთავარი მამოტივირებელია და შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო თეგეტაში, ქართული ავტოინდუსტრიის ლიდერ კომპანიაში გატარებული 2.5 წლის განმავლობაშიც. 

ახლა, როცა საერთაშორისო ბრენდზე ვმუშაობ და ჩემი საქმიანობა სხვადასხვა კონტინენტზე ვრცელდება, სწორედ ეს არის მთავარი გამოწვევა, ინტერესიც და მოტივაციაც. SmartSoft ქართული კომპანიაა, რომელიც სრულად საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს და ონლაინ თამაშების ერთ-ერთი უმსხვილესი პროვაიდერია. კომპანიის ბიზნესმოდელი არის B2B და ჩემი საქმიანობაც ძირითადად პარტნიორებსა და ბიზნეს აუდიტორიასთან კომუნიკაციას უკავშირდება.

ამასთან, SmartSoft სულ ცოტა ხნის წინ გახდა არგენტინის საფეხბურთო ნაკრების სპონსორი და ალბათ დამერწმუნებით, რომ მსოფლიო ჩემპიონის ოჯახში მოხვედრა ის მნიშვნელოვანი განაცხადია, რომელიც თავად გკარნახობს რა მასშტაბისა და პოტენციალის კომპანიაზეა საუბარი.

M: რას მოიცავს შენი როლი და როგორია სამომავლო გეგმები?

SmartSoft-ში სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ბრენდინგის ხელმძღვანელის პოზიციას ვიკავებ. ჩემი მიმართულება მოიცავს როგორც გარე, ასევე შიდა კომუნიკაციას, რაც ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან მიმართულებად მიმაჩნია და მიხარია, რომ ამ საკითხში ჩემი და SmartSoft-ის ხედვა დაემთხვა. კომპანია არ არის დიდი და ჯერჯერობით, მხოლოდ 120 თანამშრომელს აერთიანებს, თუმცა თანამშრომლებთან კომუნიკაცია, მათი ლოიალობისა და ჩართულობის გაზრდა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. SmartSoft ადამიანებზე ორიენტირებული დამსაქმებელია და ამ მიმართულებით, სამომავლოდ, კიდევ უფრო მეტად გვსურს გაძლიერება, რადგან ვხედავთ და გვჯერა, რომ თანამშრომელი ბიზნესის მთავარი მამოძრავებელია.

კომპანიაში ჩემი საქმიანობა, ასევე მოიცავს ბრენდინგის მიმართულებას. ჩვენი მიზანია, რომ უახლოეს მომავალში, SmartSoft, როგორც გლობალური ბრენდი და ინდუსტრიის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე, შესაბამისად პოზიციონირდებოდეს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, აუდიტორიების შესაბამისად. ამის გაკეთებას კი ცხადია, ბრენდის იდენტობის გააზრებით, სტრატეგიული ხედვითა და თანმიმდევრული ნაბიჯებით ვგეგმავთ. 

ბათუმში ქართული ტურიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ღონისძიება, „ტურისტერი 2023“ გაიმართება

რამდენი ხანი „ცოცხლობს“ პლასტმასის ბოთლი და სად მიდის გამოყენებული ბოთლები