ბოლო წლებში ბალეტის ინდუსტრია არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაში აღმოჩნდა… არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდენად ნიჭიერები იყვნენ მათი მოცეკვავეები, ადამიანები მაინც ტეილორ სვიფტის კონცერტებში იხდიდნენ ფულს და ბალეტს თავს არიდებდნენ. ასე ხდებოდა ადრეც, ოპერისა და კლასიკური მუსიკის შემთხვევაში. მიზეზი რომ გეკითხათ, გიპასუხებდნენ, ჩემთვის შეუსაბამოაო, არადა, რეალურად, არც არასდროს უცდიათ.
ამიტომ, საბალეტო სექტორისთვის ამოცანად იმ გზების პოვნა იქცა, რომლითაც ახალ ახალგაზრდა აუდიტორიას მოიზიდავდნენ. გამონაკლისი არც კანადის ეროვნული საბალეტო დასი იყო… შედეგად მათ გადაწყვიტეს Bruce Mau Design-თან (BMD) დაეწყოთ თანამშრომლობა და მაყურებლისთვის რებრენდინგი შეეთავაზებინათ. ვარსკვლავურ რეპუტაციას ისედაც ფლობდნენ, მაგრამ ბრენდინგი მოუძველდათ, რის გამოც ვერც ახალგაზრდების ყურადღებას იპყრობდნენ…
„ბალეტი ხშირად მიუწვდომელ სფეროდ მიიჩნევა, თვლიან, რომ მხოლოდ მდიდრებისთვისაა, რაც ბარიერს წარმოადგენს ახალ და ახალგაზრდა აუდიტორიასთან დაკავშირებისას. ამიტომ, იდეაც ფარდების გახსნა და ადამიანების დაახლოება იყო იმასთან, რაც კანადის ეროვნულ საბალეტო დასში ხდება, რომელიც უკვე ცნობილია თავისი შთამბეჭდაობით, მაგრამ ჩვენ გვინდოდა სხვებისთვის მიგვენიშნებინა, რომ იგი მეტად ინოვაციური და თამამი ლიდერია ბალეტის სამყაროში“, – აცხადებს კარ იანი, BMD-დან.
ამგვარად, ახლა გადაწყვიტეს ახალი ვიზუალური იდენტობა ჩამოეყალიბებინათ, რაც მოიცავს ლოგოს, შრიფტს, ფერთა პალიტრას, ნიშნებსა თუ სხვა დეტალებს. თანაც ისე, რომ ბალეტის მემკვიდრეობაც ასახონ და ინკლუზიურ მომავალზეც გვესაუბრონ. უფრო სიღრმისეულად რომ შევხედოთ ამ საკითხს, ბრენდის ერთგულებას ამოვიკითხავთ სთორითელინგისადმი, რომლითაც უკვე არსებული და ახალი აუდიტორიების მოხიბვლა სურთ. ამაზე National Ballet of Canada-ის სამხატვრო ხელმძღვანელი ჰოუფ მუირიც საუბრობს:
„ახალი ბრენდი ჩვენ მიერ გაზიარებული ამბებით მიგიზიდავთ. ვიზუალური იდენტობა თამამი, პერსონალური და ინკლუზიურია, შემოქმედებითი სლოგანებით, რომლებიც წარმოსახვას აღვიძებს და საუბრების წამოწყებაშიც გვეხმარება. ეს არ არის უბრალოდ ლოგო, ფილოსოფიაა, რომელიც ჩვენს კომპანიასა და კულტურას, ჩვენს ღირებულებათა სისტემას წარმოადგენს და იმას, თუ როგორ ვაპირებთ წინსვლას. ამბების მოყოლით საბალეტო სკოლის ღირებულებებსა და ენერგიას ავსახავთ, ჩვენს ვალდებულებას ინოვაციური და ხელმისაწვდომი მომავლის მიმართ. ბედნიერები ვართ, რომ ახლა ბალეტს ახალი ხედვით წარმოგიდგენთ“.