“გადაიღეთ ფოტოები, დაგვანახეთ პლასტმასით დაბინძურებული გარემო, შექმენით ფოტოკოლაჟები და სტუდიური ნამუშევრები, სადაც პრობლემის თქვენეულ, სიღრმისეულ ხედვას წარმოგვიდგენთ, გაგვიზიარეთ კადრები და შეეცადეთ თქვენი წვლილი შეიტანოთ იმ გლობალური პრობლემის გადაჭრის საქმეში, რომლის წინაშეც ჩვენი დედამიწა დგას.”
გასული წლის მაისში National Geographic-მა დაიწყო საერთაშორისო კამპანია “პლანეტა თუ პლასტმასა”. კამპანია მიზნად ისახავს, შეამციროს ერთჯერადი გამოყენების პლასტმასას ნივთების მოხმარება, რომელთა უდიდესი ნაწილი საბოლოოდ მსოფლიო ოკეანეებში ხვდება. გამოცემის მიზანია, გაავრცელოს ინფორმაცია არსებული პრობლემის შესახებ და ხელი შეუწყოს მისი გადაჭრის გზების ძიებას. 30 მარტს ზემოთ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში National Geographic-მა ფოტოკონკურსი დააანონსა, რომელშიც მონაწილეობის მიღების ბოლო ვადა 3 დეკემბერია. ფოტოკონკურსი დაფინანსებულია USAID WMTR II Program-ის მიერ, რომელსაც ახორციელებს CENN.
ხალხის რჩეული გამოვლინდება 8 დეკემბრის მონაცემებით. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან 13 დეკემბერს. ამავე დღეს მოეწყობა რჩეული ფოტოების გამოფენაც.
კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 4 გამარჯვებული:
I – ადგილს გამოავლენს ჟური, რომელიც დაკომპლექტებულია National Geographic-ის სათაო ოფისისა და National Geographic საქართველოს წარმომადგენლებით. საპრიზო ფონდი პირველი ადგილისთვის 990 ლარიანი ვაუჩერია განკუთვნილი ფოტოტექნიკის შესაძენად. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
II – ადგილი – ამერიკელი და ქართველი არტ-რედაქტორების რჩეული. პრიზი 800 ლარიანი ვაუჩერია ფოტოტექნიკის შესაძენად. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
III – ადგილი – გარემოსდაცვითი ორგანიზაცია CENN-ის რჩეული. პრიზი 600 ლარიანი ვაუჩერია ფოტოტექნიკის შესაძენად. კადრი დაიბეჭდება ჟურნალში National Geographic საქართველო.
IV – ადგილი – ხალხის რჩეული. პრიზი ამ კატეგორიისათვის იქნება თემატური საჩუქრები, რომლებიც დაწესებული იქნება პარტნიორი ორგანიზაციების მიერ.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გაეცნოთ კონკურსის წესებს. რეგისტრაციის მსურველები კი გადადით შემდეგ ბმულზე.