in

რას მოიცავს ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა

15 წელია, რაც ჩვენს ქვეყანაში ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა (PDP) მოქმედებს. მისი უმთავრესი მიზანია, საჯარო სექტორში დასაქმებული თანამშრომლებისთვის პროფესიული განვითარების დამატებითი შესაძლებლობა უზრუნველყოს. პროგრამის ხელშეწყობით, თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებში დასაქმებულ თანამშრომლებს საშუალება მიეცათ გაეღრმავებინათ ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება შეეძინათ. ოპერირების განმავლობაში, პროგრამა ეტაპობრივად განვითარდა და სიღრმისეულად მოიცვა ისეთი სფეროები, როგორიცაა ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, პროექტების მართვა, კიბერთავდაცვის საკითხები და ა.შ.

დიდი ბრიტანეთის სამეფოს აქტიური ხელშეწყობით, PDP-ის ფარგლებში, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ, საქართველოში აქტიურად დაიწყო სწავლისა და განვითარების კონცეფციის დანერგვა. სკოლის გუნდის წევრებმა ბრიტანული ადამიანური რესურსების და ადამიანური კაპიტალის განვითარების ინსტიტუტის (CIPD) სწავლისა და განვითარების მენეჯერის საერთაშორისო გრძელვადიანი სასერტიფიკატო კურსი გაიარეს.

პროგრამის მხარდაჭერით, საუკეთესო საგანმანათლებლო პრაქტიკის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შეიქმნა პოდკასტებისა და ვიდეორგოლების სერია, რომელშიც ადამიანური რესურსების და ადამიანური კაპიტალის განვითარების სერტიფიცირებული ინსტიტუტის (CIPD) სერტიფიცირებული სწავლებისა და განვითარების მენეჯერები ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურისთვის სწავლისა და განვითარების პოლიტიკის მნიშვნელობასა და ამ მიმართულების პროცესების სწორად დაგეგმვაზე საუბრობენ.

ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის დანიშნულებასა და მის განვითარებაზე პროექტების მართვის გუნდის ხელმძღვანელი, ნატალი ნოზაძე გვესაუბრა.

M: პირველ რიგში მიმოვიხილოთ, რას მოიცავს და არის პროგრამის მიზანი?

ნატო-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამა ანუ NATO-Georgia Professional Development Programme (PDP) არის ნატოს პრაქტიკული მხარდაჭერის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ალიანსის ქვეყნები მხარს უჭერენ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებებს. პროგრამა, საქართველოს მთავრობის თხოვნის საფუძველზე, 2009 წელს დაიწყო. PDP მიზნად ისახავს ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების სტრუქტურებში დასაქმებული საჯარო მოხელეების პროფესიული შესაძლებლობების განვითარებას. PDP ასევე, მხარს უჭერს ქვეყნის უსაფრთხოების სექტორს მათ მიერ იდენტიფიცირებული პრიორიტეტული რეფორმების განხორციელებაში.

M: როგორ უწყობს ხელს პროგრამა მის მონაწილეებს პროფესიულ განვითარებაში?

პროექტები, რომლებსაც PDP სხვადასხვა საჯარო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ახორციელებს, ბენეფიციარებს შესაძლებლობას აძლევს განივითარონ შესაძლებლობები და უნარები რამდენიმე მიმართულებით, მათ შორის: კიბერთავდაცვა, პროექტების მართვა, ადამიანური რესურსების მართვა და სხვა. პროგრამა ეხმარება თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებსა და სტრუქტურებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს გაიარონ საერთაშორისოდ სერტიფიცირებული კურსები, გაიღრმაონ პრაქტიკული ცოდნა და გაიუმჯობესონ საჭირო უნარები. გარდა მოხელეების ინდივიდუალური უნარების განვითარების შესაძლებლობისა, PDP მხარს უჭერს პარტნიორი უწყებების სასწავლო ინსტიტუტებს/ცენტრებს მათი ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებაში. ამ კუთხით, პროგრამას აქვს წარმატებული და კარგად დამკვიდრებული თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან. აქვე, თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან თანამშრომლობის კონტექსტში აღსანიშნავია ერთობლივი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს  ბრიტანული ადამიანური რესურსების და ადამიანური კაპიტალის განვითარების სერტიფიცირებული ინსტიტუტის (CIPD) მიდგომების დანერგვას სასწავლო პროცესში.

M: ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

პროგრამის ძირითადი პარტნიორები გახლავთ ის სახელმწიფო სტრუქტურები და მათი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც მიეკუთვნებიან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს. შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარები შეიძლება იყვნენ ის საჯარო მოხელეები, რომლებიც დასაქმებულები არიან აღნიშნულ უწყებებში.

M: როგორ არის განსაზღვრული პროგრამის მანდატი?

PDP-ის მანდატი ერთობლივად განისაზღვრება ნატოსა და საქართველოს მიერ. 2009 წლიდან დღემდე პროგრამამ მრავალი მოდიფიცირება განიცადა, რათა მაქსიმალურად შეესაბამებოდეს მიმდინარე საჭიროებებს და პრიორიტეტებს. ზოგადად, პროგრამის მანდატი იყო და არის საქართველოში თავდაცვისა და უსაფრთხოების სტრუქტურებსა და ინსტიტუტებში დასაქმებული საჯარო მოხელეების პროფესიული განვითარების მხარდაჭერა და ნატოელ პარტნიორებთან ეფექტიანი საქმიანობის, თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების ხელშეწყობა.

M: რა არის პროგრამის მთავარი საორიენტაციო ამოცანები?

პროგრამის მანდატის გადახედვის შესაბამისად, 2023 წლიდან, პროგრამის ძირითადი მიმართულებები მოიცავს სწავლასა და განვითარებას, პროექტების მართვას, ადამიანური რესურსების მართვას და კიბერთავდაცვის საკითხებზე პროფესიულ განვითარებას.

M: რა შედეგებს გამოარჩევდით წარმატებულ პროექტებს შორის?

საქართველოს უსაფრთხოების სექტორთან თანამშრომლობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით სწავლებისა და განვითარების, Learning and Development, საკითხებზე განხორციელებული პროექტი. პროექტის ფარგლებში საჯარო უწყებების სასწავლო ინსტიტუტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ეძლევათ მიიღონ ბრიტანული CIPD კვალიფიკაცია, მიღებული გამოცდილება გაუზიარონ კოლეგებს და ხელი შეუწყონ თავიანთ უწყებებში სწავლისა და განვითარების თანამედროვე მიდგომების დანერგვას. საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, პროექტის ფარგლებში ასევე, ჩაიწერა პოდკასტები და მოკლე ვიდეოები, რომელიც ხელს უწყობდა სწავლისა და განვითარების საკითხის პოპულარიზაციას საქართველოში.

[R]

როგორ შეუძლია ოჯახურ ურთიერთობებს საქმის უკეთ შესრულებაში თქვენი დახმარება?

ალბერტ აინშტაინისა და უორენ ბაფეტის „ფოკუსის კანონები“