13
აპრ
2018

ნაუ სონღულაშვილი – #პირველისამსახური

13 აპრ 2018

Credit: საქ. ეკონომიკის სამინისტრო

მახსოვს, მესამე კურსზე სპეციალიზაციას რომ ვირჩევდი, დიდხანს ვიფიქრე, მარკეტინგი ამერჩია თუ ფინანსები, რადგან მარკეტერების იმ ნაწილს ვეკუთვნი, ვისაც რიცხვებთან მეგობრობა უყვარს. სამსახურშიც ასე დაემთხვა, უნდა ამერჩია ბრენდინგი ან „მარკეტინგის ანალიტიკა“.  “ბორჯომში”‘ რომ მოვდიოდი, ასეთი პოზიცია არ არსებობდა და პირველ წელს ძალიან ბევრი მუშაობა მომიწია, რომ ჩემი სამუშაო განაწესი შემექმნა. გარდა სამომხმარებლო კვლევებისა, ჩემი პოზიცია – მარკეტინგული პარამეტრებისა და ბიზნეს დაგეგმარების პროცესსაც მოიცავდა საქართველოსა და CIS-ის ქვეყნებში. მახსოვს, სანამ პირველ მოდელს ბოლომდე გავმართავდი, ძალიან ბევრი ღამე კომპიუტერთან ერთადაც კი მეძინა.

 

ყველაზე წარმატებულ პროექტად, ალბათ, მაინც “ბორჯომის” რებრენდინგს გამოვარჩევდი, რომელიც ჩემს კომპანიაში მოსვლას დაემთხვა. ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო პროცესი იყო, რადგან “ბორჯომი” – ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქართული ბრენდია და ქვეყნის ტრადიციებთან ბოლომდეა შერწყმული. წარმატების საზომი კი ის იყო, რომ ერთი წლის შემდეგ ჩატარებულ კვლევაში, რესპოდენტები რეპოზიციონირებული კომუნიკაციის ენით გვესაუბრებოდნენ.

3 წლის მუშაობის შემდეგ, გადავწყვიტე, კარგი იქნებოდა თუ ეკონომიკაში გავიღრმავებდი ცოდნას. ასე გადაწყდა ჩემი  ჩინეთში, მაგისტრატურაზე გამგზავრება, სადაც ასევე საშუალება მქონდა 2 წლის მანძილზე მემუშავა კომპანია “ლიდარსონში” (IKEA-სა და სხვა ცნობილი ბრენდების განათებების მწარმოებელი კომპანია). ვფიქრობ, აზიამ უფრო დიდი გამოცდილება მომცა, ვიდრე მხოლოდ იქ სწავლა და მუშაობა იყო.

თბილისში დაბრუნების შემდეგ, ბევრი არ მიფიქრია და ისევ ჩემს საყვარელ “ბორჯომელიანების” გუნდს დავუბრუნდი. ყოველთვის, როცა აქ მოვდივარ  თავს, როგორც სახლში, ისე ვგრძნობ. ძალიან ცოტა კომპანიაა, რომლისთვისაც ამ დიდ ოჯახს დავთმობდი. კარიერისტი თითქმის არასოდეს ვყოფილვარ, მაგრამ ენტერპრენერულმა სულისკვეთებამ რომ შემაწუხა,  ჩემს “ბორჯომელიან” ნინისთან ერთად, თამაშობანა დავაარსე და თავისუფალ დროს, სხვადასხვა კერძო პროექტებშიც ჩავერთე.

ნაუ სონღულაშვილი – მარკეტინგული კვლევების მენეჯერი, “აიდიეს ბორჯომი საქართველო”.

განხილვა