„დაწვით ნავები“ — ასე ჰქვია ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორის, მეთ ჰიგინსის წიგნს, რომელიც ბიზნეს საქმიანობაში უკან დახევის არ დაშვებას ეხება. მართალია, მასში საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა მოცემული, მაგრამ 3 ძირითად რჩევას სტატიაში შემოგთავაზებთ. თანაც, თითოეული მათგანი 50 წარმატებულ მეწარმესთან ჩატარებულ ინტერვიუს ეფუძნება.
იარეთ ნახტომებით დ არა — ნაბიჯებით
ხშირად ბიზნესის წარმომადგენლები იმის ფიქრისკენ არიან მიდრეკილნი, რომ წარმატება გარკვეულ თანმიმდევრობას ეფუძნება… მაგალითად, „ვიდრე ლიმონათის გლობალურ ბიზნესს განავითარებ, ერთი სტენდით უნდა დაიწყო ან $10 000 უნდა მოაგროვო, ვიდრე ბიუჯეტს 10 000 000 დოლარამდე გაზრდი“. მეთის თქმით კი ამგვარი მიდგომა სიმართლეს არ შეესაბამება.
ნელი და სტაბილური პროგრესის ცნება მხოლოდ ჩვენი მცდელობაა, ცხოვრებისეულ ქაოსში ერთგვარი წესრიგი დავამყაროთ და წარმატება კონკრეტულ ფორმულამდე დავიყვანოთ. თუ უკვე საკმარისი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ სასურველი წარმატების მისაღწევად, მხოლოდ იმიტომ ნუ მიჰყვებით ჭიანჭველას ნაბიჯებს, რომ „საზოგადოებას ასე მიაჩნია სწორად“. ამის ნაცვლად, ყველა შესაძლებლობა გამოიყენეთ და თუ მოცემულ მომენტში უდიდესი ნაბიჯის გადადგმის ძალა შეგწევთ, მარტივად გააკეთეთ ნახტომი. გადალახეთ იმპლიციტური წინააღმდეგობა.
შორსმჭვრეტელობა
ალბათ, ბუნებრივია, რომ ბიზნესის დასაწყებად ყველას რაღაც ხელშესახები სჭირდება — რევოლუციური პროდუქტი ან სერვისი. თუმცა ყველაფერი, რაც ნამდვილად გჭირდებათ, იმის გაგებაა, თუ რატომ შეიძლება ამჟამინდელი ბაზრის გაუმჯობესება.
აქ მეთს მიშელ კორდეიროს მაგალითი მოჰყავს, რომელიც Victoria’s Secret-ში მუშაობდა და გრძნობდა, რომ კომპანიის მარკეტინგული მიდგომა ქალებს არ ემსახურებოდა. „მივხვდი, რომ ბრენდი ჩვენი ცხოვრების ფრაქციასავით იყო, სადაც პროვოკაციულ ხედვას და სხვების ჩვენ მიმართ აღძრულ ფიქრებს მეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა“. მაგრამ რა შეიძლება ითქვას ქალებზე, რომლებიც ამ ლამაზ პროდუქტს მხოლოდ საკუთარი თავისთვის ყიდულობს? ამ თვალსაზრისით ბრენდს ერთგვარი ბალანსის დაცვა სჭირდებოდა.
ფოკუს ჯგუფებმა მხარი დაუჭირეს მიშელის ინტუიციას, რამაც ბრენდი ახალ პროდუქტებამდე, გამოგონებამდე და გარღვევამდე მიიყვანა. ეს სწორედ ის აღმოჩნდა, რაც სიახლეების საფუძვლის ჩასაყრელად იყო საჭირო. ამიტომაც, ხელმძღვანელობა სწორად მოიქცა, როცა ერთი ადამიანის შეხედულებები ბიზნესში არსებული ხარვეზების ამოსავსებად გამოიყენა.
„საწვავი“, შიშის ნაცვლად
ლორი სეგალი დაახლოებით 10 წლის განმავლობაში იკავებდა ჟურნალისტის პოზიციას CNN-ში და მას არაერთი ინტერვიუ ჩაუტარებია ტექნოლოგიური სამყაროს წამყვან პირებთან. „მე მიყვარს ჟურნალისტიკა. მიყვარდა, რასაც ვაკეთებდი და ეს შესანიშნავი იყო, მაგრამ საკმარისი არ აღმოჩნდა. თქვენ რამდენი ხანი შეძლებდით ამ უკმარისობის განცდით ცხოვრებას? რამდენი ხანი დაგჭირდებოდათ იმ გამბედაობის მოსაკრებად, რომ რეალურად გადაგეწყვიტათ რაღაცის შეცვლა? ეს ძალიან მაშინებდა და ყველა ასეა… იქნებ, საკმარისად არ ვსაუბრობთ ამ შიშზე?“
2019-ში ლორიმ საპროდიუსერო კომპანია Dot Dot Dot დააარსა, რომელიც ტექნოლოგიებისა და კაცობრიობის გადაკვეთასთან დაკავშირებულ ისტორიებზეა ორიენტირებული. მას შეეძლო, უარეყო საკუთარი განცდა, რომ ეს წარმოუდგენლად წარმატებული კარიერა საკმარისი არ იყო და შიშს დანებებოდა.
სანაცვლოდ, მან მიატოვა CNN, მსოფლიოში ცნობილი მედია და იმ ბუნდოვანი რეალობისკენ გადადგა ნაბიჯი, რომელზეც წარმოდგენა არ ჰქონდა.
წყარო: Inc.