პანდემიამ ბევრი საშინელი რამ მოუტანა მსოფლიოს, მაგრამ ბევრისთვის უფრო ნათელი პროფესიული მომავლის საწინდრად იქცა… თანამშრომლების დიდ ნაწილს საშუალება მიეცათ, თავად აერჩიათ, საიდან იმუშავებდნენ — ოფისიდან, სახლიდან, მეგობრის სახლიდან, სხვა ქვეყნიდან, ქალაქიდან თუ სოფლიდან და ა. შ. საბედნიეროდ, პანდემია კი „გადავაგორეთ“, მაგრამ ეს უპირატესობა საჩვენოდ დავიტოვეთ. ეს კი ნამდვილად კომფორტულია ინტროვერტებისთვის ან მათთვის, ვისაც სამუშაო მაგიდასთან „გამოწკეპილს“ მუშაობა არ სიამოვნებს.
უბრალოდ, ათწლეულების განმავლობაში საოფისე ჩვევების მოშორებამ და შეშფოთებამ, რომ პერსონალი პროდუქტიული არ იქნება ზედამხედველობის გარეშე, ბევრ დამსაქმებელს დისტანციურ ან ჰიბრიდულ რეჟიმზე უარი ათქმევინა. შემდეგ კვლავ მოუწიათ მსგავსი მიდგომის შეცვლა, რადგან თანამშრომლები მუშაობის ამ ახალი ფორმით მოიხიბლნენ. გამოდის, არც ისე ადვილია თანამედროვე მუშაობის საკითხზე ერთიანი გამოსავლის პოვნა.
HP-ისთვის ეს არეულობა სარეკლამო კამპანიის ინსაითად იქცა. Wieden+Kennedy Portland-ის მიერ შექმნილი ვიდეორგოლი სახალისო ხასიათს ატარებს, აღმასრულებელი დირექტორების განსხვავებულ გეგმებსა და სურვილებს ასახავს. ისინი ცდილობენ, მუდმივად ცვალებად, განვითარებად სამუშაო გარემოს შეებრძოლონ და სათავისოდ მოერგონ.