წარმოიდგინეთ ექიმი, რომელიც აანალიზებს რენტგენის სურათს. ის ეყრდნობა საკუთარ განათლებას, გამოცდილებას, სამედიცინო ცნობას, ლაბორატორიულ შედეგებს… შემდეგ, განიხილავს ამ ინფორმაციის სინთეზს თავისი ექსპერტიზის საფუძველზე, რათა დიაგნოზი დასვას. მას დრო სჭირდება პაციენტის მონაცემების შესაგროვებლად და ყველა სხვადასხვა მონაცემის გასაანალიზებლად.
ახლა, წარმოიდგინეთ, რომ ამ საავადმყოფოს ჰყავს უნიკალური ტიპის „სამედიცინო ასისტენტი“. ტრადიციული სწავლების ნაცვლად, ეს ასისტენტი ინფორმაციას იღებს სამედიცინო სახელმძღვანელოებიდან, ჟურნალებიდან და ქეისების კვლევების უზარმაზარი ბაზიდან. რენტგენის სკანირებითა და პაციენტის სამედიცინო ისტორიით, მას შეუძლია მომენტალურად დაასახელოს პოტენციური დიაგნოზების სია, მკურნალობის ალტერნატივები და პაციენტის მიმართ საჭირო სპეციფიკური მიდგომაც კი. ასისტენტს ასევე შეუძლია შეამჩნიოს ანომალიები, რომლებიც შეიძლება ექიმის ყურადღების მიღმა დარჩეს.
ამ შემთხვევაში, სამედიცინო ასისტენტი არის გენერაციული AI ინსტრუმენტი: რეკომენდაციების გასაცემად, ის ეყრდნობა სამედიცინო ლიტერატურის უზარმაზარ მონაცემთა ბაზას. გენერაციული AI ტექნოლოგიის გამოყენება შეიძლება ბევრ სფეროში. მას შეუძლია შემოგვთავაზოს ახალი კონტენტი, იდეები ან გადაწყვეტილებები, რომლებიც დაფუძნებულია ინფორმაციის კოლოსალურ მოცულობაზე. მას აქვს პროფესიული რევოლუციის დიდი პოტენციალი. McKinsey-ის ბოლო დასკვნების მიხედვით, 2030 წლისთვის, აშშ-ის ეკონომიკაში დავალებების 30% შეიძლება ავტომატიზირებული იყოს, აქამდე ეს მაჩვენებელი მხოლოდ 21% გახლდათ.
რას ნიშნავს ეს იმ პროფესიონალებისთვის, რომლებმაც ათწლეულები მიუძღვნეს თავიანთ პროფესიულ განვითარებას?
ევროკავშირსა და აშშ-ში AI-ის გავლენის შესახებ ჩატარებული კვლევა გვიჩვენებს, რომ ხანდაზმულ თანამშრომლებზე უფრო მეტად მოქმედებს AI, რადგან ის ასრულებს დავალებებს, რომლებიც მოიცავს განათლების მაღალ დონესა და დაგროვილ გამოცდილებას. უფრო მეტიც, ეს ახალი ტექნოლოგია პერსპექტიულია, მაგრამ პოტენციურად საშიში, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ მუშაობს ტექნოლოგიებთან. ძველი თაობები ტექნოლოგიურ ტენდენციებში ისევე მოქნილად არ გადადიან, როგორც ახალგაზრდები. მაგალითად, 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს, რომლებსაც სმენიათ ChatGPT-ის შესახებ, გაცილებით მეტი შანსი აქვთ, ჩატბოტი გასართობად გამოიყენონ, ვიდრე 50 წელზე უფროსებს.
გამოცდილ პროფესიონალებს ტექ-უნარების გარეშეც შეუძლიათ ნავიგაცია AI-ზე ორიენტირებულ სამყაროში. ხელოვნური ინტელექტი მათ შესაცვლელად კი არა, გასაძლიერებლად გამოიყენება. მისი დახმარებით, უფრო სიღრმისეული პერსპექტივის დანახვა შეგიძლიათ, რაც მრავალწლიანი გამოცდილებისთვისაა დამახასიათებელი. AI მართლაც არის მძლავრი იარაღი, მაგრამ მას არ შეუძლია სრულყოფილად გააანალიზოს ის გამოცდილება, რაც წლების განმავლობაში დააგროვეთ. ამას გარდა, AI სისტემა მომხმარებელზეა ორიენტირებული და მის გამოსაყენებლად კოდინგის სწავლა აღარაა აუცილებელი. AI ისევე მარტივად შეგიძლიათ გამოიყენოთ, როგორც სმარტფონი.
გააცნობიერეთ შესაძლებლობა
გენერაციულ AI-ს გადაწყვეტილებების შემოთავაზება უფრო სწრაფად შეუძლია, ვიდრე სხვადასხვა დარგის ყველაზე გამოცდილ ექსპერტებს. Როგორ მუშაობს ეს? როგორც სამედიცინო ასისტენტი, რომელიც იღებს ინფორმაციას სამედიცინო სახელმძღვანელოებიდან. AI-ს შეუძლია გააანალიზოს შაბლონები, მონაცემთა დიდი რაოდენობით (ტექსტი, კოდი, სურათები, მუსიკა, ვიდეო), შემდეგ კი გამოიყენოს ეს შაბლონები ორიგინალური კონტენტის შესაქმნელად.
ეს უნარი სასარგებლოა ბევრ პროფესიაში. მაგალითად, გენერაციულ AI-ს შეუძლია მიაწოდოს არქიტექტორებს ახალი დიზაინის იდეები ისეთი პარამეტრების საფუძველზე, როგორიცაა ნაკვეთის ზომა, მდებარეობა და მიზანი. შემდეგ, არქიტექტორს შეუძლია შეცვალოს და დაასრულოს ეს გეგმები. AI-ს შეუძლია შემოგთავაზოთ ახალი ტანსაცმლის ნიმუშები, ტექსტილი ან დიზაინი, რომელიც ეფუძნება ტრენდულ სტილს, სასურველ თემებს ან სპეციფიკურ მასალებს, რომლებიც მოდის დიზაინერებს შეუძლიათ დახვეწონ საკუთარი ხაზის შესაქმნელად. ასევე შესაძლებელია კამპანიის საწყისი იდეების, თაგლაინების, ან თუნდაც ვიზუალის გენერირება, რომლებიც მარკეტერებს შეუძლიათ მოარგონ სამიზნე აუდიტორიასა და ბრენდის გზავნილს: მარკეტინგული კომპანიები აქტიურად იყენებენ გენერაციულ AI-ს, რათა გააძლიერონ შემოქმედებითი პროცესი და დააჩქარონ სარეკლამო კამპანიის ტრანსფორმაცია.
დასახეთ სასწავლო მიზნები
ახლა, როცა გესმით, რა შეგიძლიათ AI-ის დახმარებით, წინსვლის გზასაც დასახავთ. გაითავისეთ AI-ის ძირითადი ცნებები და კონტექსტი. ისწავლეთ, როგორ გამოიყენოთ ის ყოველდღიურ საქმეში, ასევე, აითვისეთ ტექნიკური და ეთიკური მხარე, უსაფრთხოება, კონფიდენციალობა და ა.შ. გახსოვდეთ, რომ AI ადამიანის მიერ შექმნილი კონტენტით სწავლობს, რაც თავის მხრივ, შეიძლება არ იყოს სრულყოფილი ან სწორი.
არ დაგავიწყდეთ პრაქტიკა
ტექნოლოგიის ასათვისებლად საუკეთესო გზა მისი გამოყენებაა. AI-ის მდგომარეობის შესახებ McKinsey Global Survey-ის მიხედვით, გენერაციული AI ინსტრუმენტების აქტუალობა უფრო მაღალია ახალგაზრდა თაობებში: 1981-დან 1996 წლამდე დაბადებულთა 51% მას რეგულარულად იყენებს, ხოლო 36%-ს ერთხელ მაინც აქვს გამოყენებული. ამის საპირისპიროდ, 1964 წელს ან უფრო ადრე დაბადებულთა მხოლოდ 44% იყენებს მას რეგულარულად, ხოლო 30%-ს საერთოდ არ გამოუყენებია. სამუშაო ადგილზე ახალგაზრდა თაობის მხოლოდ 14%-ს არ ჰქონდა წარმოდგენა ან არ იცოდა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის შესახებ. ეს რიცხვი დაახლოებით 20%-ია 1965-80 წლებში დაბადებულთა შემთხვევაში და 27%-მდე – 1964 წელს ან უფრო ადრე დაბადებულთათვის.
წყარო: HBR