in

„ყველაზე ხელმისაწვდომი ბრენდის რებრენდინგი“ – NAVNE

ნავნე“ 2011 წლის 30 აპრილს დაარსდა და ამ დღიდან, იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას ახორციელებს მთელს საქართველოში. თავის დროზე, მინიმალური ადამიანური რესურსით შექმნილ კომპანიას დღეს 350-ზე მეტი თანამშრომელი ჰყავს და ქვეყნის მასშტაბით, 22 მაღაზიას აერთიანებს. გაფართოვდა მისი პროდუქციის კატეგორიებიც და ახლა „ნავნეში“ საოჯახო ქიმია, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და ჭურჭელიც კი იყიდება. მასშტაბების ზრდას რებრენდინგი და მასთან ერთად, მთელი რიგი ცვლილებები მოჰყვა. ამ სიახლეებზე კომპანიის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელს, თეა გოროზიას ვესაუბრეთ.

თეა გოროზია: თავიდან, მთავარი აქცენტი დაბალ ფასზე კეთდებოდა. დღემდე ვინარჩუნებთ ამ ნიშას – მომხმარებელს ევროპის და ამერიკის ქვეყნებისთვის შექმნილ პროდუქციას საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად ვთავაზობთ. თუმცა, ახლა უკვე ვცდილობთ, ყველა სეგმენტს მოვერგოთ – გვქონდეს დაბალი ფასები, ამასთან, ექსკლუზიური ბრენდების შემოტანით, დავაკმაყოფილოთ შედარებით მაღალშემოსავლიანი სეგმენტის ინტერესებიც. კომპანიის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მომხმარებელთა რაოდენობა და მოთხოვნა სხვადასხვა პროდუქტებზე. ნელ-ნელა საჭირო გახდა ბრენდინგის, მაღაზიებისა და ასორტიმენტის განახლება/დახვეწა, იმისათვის რომ თითოეული მომხმარებლისთვის მოთხოვნის შესაბამისი პროდუქცია თუ მომსახურება შეგვეთავაზებინა.

 

ცვლილებებზე უფრო კონკრეტულად რომ ვისაუბროთ . . .

ნავნეს“ ლოიალური მომხმარებელი თავის მოვლის საშუალებებისა თუ ტანსაცმლის არჩევისას, როგორც წესი, იმ პროდუქტებითაც ინტერესდება, რომლის შეთავაზებაც შეგვიძლია. მაქსიმალურად მრავალფეროვანი არჩევანი რომ გვქონდეს, გავზარდეთ კატეგორიების რიცხვი და ასორტიმენტი. შესაბამისად, გავაფართოეთ მაღაზიების ნაცვლად დიდ ფორმატიანი მაღაზიები გავხსენით. გარდა ამისა, თუ ადრე „ნავნეში“ მხოლოდ კოსმეტიკა და ქიმია იყო წარმოდგენილი, ახლა ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია: ტანსაცმელი, ჩანთები, ფეხსაცმელი, ბიჟუტერია, სათვალეები, კოსმეტიკა, საოჯახო ქიმია, თავის მოვლის საშუალებები. დიდ ფილიალებში, ასევე, გვაქვს საკანცელარიო ნივთები, ჭურჭელი და სახლის დეკორაციები.

ნავნეში“ გამოჩნდა ახალი ბრენდები. ასევე გახდით რამდენიმე საერთაშორისო კომპანიის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში 

დიდი დრო არ არის, რაც „ნავნეს“ ქსელს დაემატა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი კატეგორიები – ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და აქსესუარები. ამ მიმართულებით იმპორტი ხორციელდება ამერიკის და ევროპის ქვეყნებიდან. მომხმარებელს საშუალება აქვს, „ნავნეში“ საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასად, შეიძინოს ისეთი ბრენდის ნივთები როგორიცაა: Lulu lemon, Talbots, J. Crew, Pimkie. კომპანიის ერთგულმა მომხმარებელმა მალევე მიიღო ეს სიახლე და ერთგვარად კომპანიის სეგმენტის ცვლილებაც კი გამოიწვია, საშუალო და საშუალოზე დაბალი შემოსავლის მქონე სეგმენტს დაემატა საშუალოზე მაღალი შემოსავლის სეგმენტიც. ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ საჭირო გახდა გაძლიერებულიყო თავის მოვლის და კოსმეტიკის კატეგორიაც. ამისათვის გაფორმდა ექსკლუზიური ხელშეკრულებები ევროპულ და ამერიკულ ბრენდებთან:  OG, Dear Body, Dr Rashel. ახლახან გავხდით კოსმეტიკის იტალიური ბრენდის MIA-ს ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოში. ეს პარტნიორობა და პროდუქცია მომხმარებელს აძლევს მეტ არჩევანს ასორტიმენტში და სანდოობას ხარისხში.

შექმენით „ონლაინ“ გაყიდვების პლატფორმაც. უფრო დეტალურად რომ გვიამბოთ ამ მიმართულებაზე. 

საქართველოში COVID-19-ის პირველი შემთხვევის დაფიქსირებიდან მალევე დაიხურა „ნავნეს“ მაღაზიები. რეალურად, აუთლეტ მაღაზიის „ონლაინ“ გაყიდვები ერთ-ერთი ყველაზე რთული სამართავია. ჩვენი პროდუქცია ხშირად გულისხმობს ერთ ერთეულს, რომლის „ონლაინ“ გამოტანაც ძალიან ძნელია. თუმცა, ამ პრობლების გადაჭრის გზები მალე ვიპოვეთ და როგორც კი ინტერნეტ გაყიდვები დაუშვეს, რამდენიმე ვებგვერდზე განვათავსეთ პროდუქცია, დავიწყეთ შეკვეთების მიღება ჩვენი Facebook გვერდის საშუალებითაც. ამ ყველაფერმა დაგვანახა „ონლაინ“ პლატფორმის აუცილებლობა, რომელზე მუშაობაც უკვე დავიწყეთ და სავარაუდოდ, სექტემბრიდან გავუშვებთ. აუთლეტის მიმართულებით ეს იქნება ერთ-ერთი პირველი „ონლაინ“ მაღაზია, სადაც განთავსდება კოსმეტიკა, თავის მოვლის საშუალებები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები.

ცოტა ხნის წინ შეიცვალა „ნავნეს“ ლოგოც . . .  

დიახ, ის უფრო გავათანამედროვეთ და გავაფერადეთ. გვაქვს 1 ძირითადი და მასთან ერთად, 5 დამხმარე ფერი, რაც საშუალებას გვაძლევს, კატეგორიების შესაბამისი კომუნიკაცია ვაწარმოოთ მომხმარებელთან. ახალ მაღაზიებში და საკომუნიკაციო პლატფორმებზე უკვე ამ ლოგოს ვიყენებთ, ნელ-ნელა ინტერიერ/ექსტერიერს ვუცვლით ძველ ფილიალებსაც. გარდა ლოგოს ცვლილებისა, მაღაზიების შიდა კონცეფცია სრულად იცვლება ახალი ბრენდინგის მიხედვით.

ძველი ლოგო
ახალი ლოგო

ყველა ამ ცვლილების შემდეგ, როგორი ბრენდია დღეს „ნავნე“?

ნავნე“ არის მეგობრული, ფერადი და მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდი, რომელიც ასოცირებულია მისაღებ ფასებთან და პროდუქციის დიდ არჩევანთან. ვცდილობთ, მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი. ბუნებრივია, ამდენწლიანი ოპერირების მანძილზე, გვქონდა გარკვეული სირთულეები – კომპანია სწრაფად გაიზარდა, მაღაზიებში შედიოდა უამრავი ახალი პროდუქტი და იყო ფაქტები, როდესაც არასაკმარისი კადრის გამო თითოეული პროდუქტის ვადა ვერ გაკონტროლდა. გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ასეთი ფაქტები პირველ რიგში უნდა მოგვეგვარებინა, დღეს უკვე„ნავნეში“ 350-მდე თანამშრომელი მუშაობს. მათ დიდ ნაწილს სწორედ ვადისა და ხარისხის კონტროლი ევალება. გარდა ამისა, როგორც აღვნიშნეთ, შეიცვალა და გაფართოვდა კომპანიის სეგმენტი, რასაც ვცდილობთ მაქსიმალურად მომზადებული შევხვდეთ და ყველა სახის მომხმარებელს მათთვის საინტერესო პროდუქტი შევთავაზოთ.

ახალი ლოგო

რა საკომუნიკაციო არხებს იყენებს უკვე განახლებული ბრენდი „ნავნე“?

ძირითადი საკომუნიკაციო არხი ჩვენი Facebook-ია. ეს არის ერთ-ერთი აქტიური გვერდი, ძალიან ბევრი ლოიალური მომხმარებლით. თითოეულ პოსტს დიდი გამოხმაურება აქვს. გარდა ამისა, აქტიურად ვაწარმოებთ კომუნიკაციას ჩვენი ლოიალური ბარათების მომხმარებლებთან. ამ ბარათით მზარდ ფასდაკლებას ვთავაზობთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს.  თანაც, როგორც წესი, ვითვალისწინებთ მფლობელის ასაკს, ინტერესებს, სქესს და ამის მიხევდით ვუკეთებთ შეთავაზებას.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს . . . 

პანდემიის და მის შედეგად ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენი კომპანია აქტიურად ფართოვდება. ცოტა ხნის წინ, ვარკეთილში დიდი ფორმატის მაღაზია გავხსენით. მალე „ნავნეს“ შოურუმის გახსნაც იგეგმება. ახალ მაღაზიებთან ერთად, ძველი ლოკაციების განახლებაც პრიორიტეტულია. როგორც უკვე ვთქვით, აქტიურად მიდის მუშაობა ახალი ბრენდების დამატებასთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით მომხმარებელს ბევრ სიახლეს შევთავაზებთ.

Credits:

სტრატეგიული ბრენდინგის კონსულტანტები:

რუსუდან ბარათაშვილი, ნინო დათიაშვილი, ეკო ჩუბინიძე

ვიზუალური ბრენდინგი:

სტუდია ORI – გვანცა ჩიჯავაძე, სოფო გურასპაშვილი

[R]

„ეს სტატია სამი თვისაა“ – Facebook გაგაფრთხილებთ, თუ ძველ ამბავს გააზიარებთ

„ზომა“ ახალ პრინტებს „ფაქიზთან“ კოლაბორაციით უშვებს