ნავთობის მოპოვება ხშირად ხდება ადამიანთა პოპულაციის მახლობლად. ის მოიცავს მოძიებასა და ოპერაციას, ნედლი ნავთობის ზედაპირზე გამოტანის მიზნით. მსოფლიოში დაახლოებით 40,000 ნავთობის საბადოა და 6 მილიონი ადამიანი იქვე ცხოვრობს ან მუშაობს. ნავთობის მოპოვებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ადგილობრივ ნიადაგზე, წყალსა და ჰაერზე, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გავლენა იქონიოს საზოგადოების ჯანმრთელობაზე. ამ მიმოხილვაში ჩვენ ვაფასებთ პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედების გარკვეულ ასპექტებს, რომელიც შეიძლება ჰქონდეს ნავთობის ბურღვის ოპერაციებს ადამიანის ჯანმრთელობაზე. ჩვენი მიზანია, შევაფასოთ პოტენციური გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობის რისკები მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ნავთობის აქტიური მოპოვების მახლობლად არიან.
არსებობს უამრავი კვლევა, რომელიც ეხება ადამიანებზე, ცხოველებსა და ზოგადად გარემოზე ნავთობის ზემოქმედებას. ასევე არსებობს მეცნიერთა ვარაუდები, თუ რამდენად ახდენს ეს გავლენას ჯანმრთელობაზე და რამდენად იწვევს ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა: კიბო, ღვიძლის დაზიანება, იმუნოდეფიციტი და ნევროლოგიური სიმპტომები. ასევე გამოვლინდა უარყოფითი ზემოქმედება ნიადაგის, ჰაერისა და წყლის ხარისხზე ნავთობმოპოვების რეგიონებში. ყველა რისკი ჯერ, რა თქმა უნდა, შეფასებული არ არის, თუმცა გარკვეული დასკვნების გამოტანა უკვე შეიძლება.
ნავთობი და მისი წარმოქმნის კერები
ნავთობი წარმოიქმნება დანალექ ქანებში, ზედაპირიდან ორი-ოთხი კილომეტრის ქვემოთ, სადაც არის საკმარისად მაღალი წნევა და ტემპერატურა იმისათვის, რომ ორგანული ნივთიერებები თხევად ნახშირწყალბადებად გარდაიქმნას. ნავთობის მოპოვება, ბურღვა და მოპოვება არის ნავთობის სიცოცხლის ციკლის პირველი ფაზა, რომელსაც მეორენაირად „ზედა დინების“ ფაზასაც უწოდებენ. ნავთობის რესურსის იდენტიფიცირების შემდეგ, ერთი ჭაბურღილი იმ ლოკაციაზე, ჩვეულებრივ, ფუნქციონირებს 20-30 წლის განმავლობაში, რეგიონი ოკუპირებულია მრავალი ათწლეულის განმავლობაში და მიმდინარეობს საქმიანობა, როგორიცაა მშენებლობა, წარმოება, გადამუშავება და ტრანსპორტირება. რამდენადაც ნავთობის მოპოვება სულ უფრო ხშირად ხდება იქ, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, მუშაობენ და ბავშვები თამაშობენ, ასეთ საქმიანობას აქვს პოტენციალი, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.
მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნავთობის მოპოვება
იმის მიუხედავად, რომ კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი, თუმცა უკვე არაერთი მათგანი გვეუბნება, რომ იმ ადგილებში, სადაც ნავთობის დაღვრის ხშირი შემთხვევებია, მუშებს შორის ხშირადაა გავრცელებული რესპირატორული, თვალისა და კანის დაავადებები. ასევე თავის ტკივილი, გულისრევა, თავბრუსხვევა და დაღლილობა. ალუმინის, ნიკელის, ტყვიისა და თუთიის მაღალი დონე დაფიქსირდა მოხალისეებსა და მუშებში, რომლებიც ჩართულნი იყვნენ დასუფთავების აქტივობებში ნავთობის დაღვრის შემდეგ.
კვლევების ჩატარების მნიშვნელობა
ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული დაბინძურების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანების ჯანმრთელობაზე ზემოქმედება ცუდად არის შესწავლილი. ამ პოპულაციების შეფასება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიზეზის გამო: პირველი, არსებობს დიდი პოპულაციები, რომლებიც ცხოვრობენ ნავთობის საბადოებთან ახლოს და ადამიანები დიდი ხნის განმავლობაში ექვემდებარებიან ექსპოზიციას. მოქმედი ნავთობის საბადოების უმეტესობა 50 წლისაა, მაგრამ შეიძლება იყოს აქტიური.
მეორეც, ზემოქმედების მარშრუტები განსხვავდება მუშებსა და ნავთობის საბადოებთან ახლოს მცხოვრებ ადამიანებს შორის, რამეთუ ამ უკანასკნელზე ზემოქმედება შეიძლება არაპირდაპირი გზით მოხდეს, არამედ დაბინძურებული წყლების/საკვების გადაყლაპვით და დაბინძურებულ წყალთან და/ან მიწასთან კანის კონტაქტით ყოველდღიური საქმიანობისას.
მესამეც, პირები, რომლებიც პოტენციურად უფრო მგრძნობიარენი არიან დაბინძურების ეფექტების მიმართ, როგორებიცაა ჩვილები, ბავშვები, ორსული ქალები, მოხუცები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები, შესაბამის პრევენციებს საჭიროებენ და ცოდნას, როგორ დაიცვან თავი.
რას შეიძლება შეიცავდეს ნავთობით დაბინძურებული წყალი
ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებული დაბინძურება წყალში ყველაზე მარტივად ხვდება. ის ქმნის ისეთ ნარევს, რომელიც ნავთობისგან მიღებული ძირითადი ნარჩენებისგან შედგება. ისინი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის ტოქსიკურ ნაერთებს, როგორიცაა პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადები, მძიმე ლითონები და ბუნებრივად წარმოქმნილი რადიოაქტიური მასალები. ის ასევე შეიძლება შეიცავდეს ქიმიკატებს საბურღი სითხეებიდან და სამკურნალო ქიმიკატებიდან.
რა უნდა გაკეთდეს?
ის, რომ მეცნიერებისგან მეტი კვლევაა საჭირო, უკვე ვახსენეთ. ასევე მნიშვნელოვანია, იმ ადამიანებმა, ვინც ახლოს არიან მსგავს ადგილებთან, ხშირად ჩაიტარონ სისხლის ანალიზები. უსაფრთხოების ნორმები დაიცვან თავად ნავთობმომპოვებელმა კომპანიებმა და ადგილობრივმა მმართველმა ორგანოებმა დააწესონ შესაბამისი რეგულაციები.
დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა ორგანიზაციის როლსაც, რომლებიც ცოდნას გასცემენ და ეხმარებიან მოსახლეობას იმის ცოდნაში, თუ რა რისკების წინაშე დგანან. რისკების ცოდნა პირველი ნაბიჯია იმისთვის, რომ შეგეძლოს მიიღონ ზომები მკვიდრთა ჯანმრთელობის უფლებების დასაცავად.
რუბრიკას გარემოს დაცვის შესახებ წარმოგიდგენთ ფარმადეპო.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი