გასულ კვირას პარიზში წონისა და საზომების გენერალური კონფერენცია გაიმართა, სადაც მეცნიერებმა და მთავრობის პირებმა 2035 წლისთვის „ნახტომი წამის“ პრაქტიკის გაუქმებაზე ისაუბრეს.
„ნახტომი წამი“ 1972 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ საათს პერიოდულად ემატება, რათა დროის ატომურ და ასტრონომიულ სკალებს შორის მცირედი უზუსტობა გათანაბრდეს. მისი გაუქმება კი შეიძლება ერთგვარ შვებად იქცეს პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინრებისთვის — მაგალითად, 2012 წელს ნახტომი წამის დამატების გამო Reddit 40 წუთით გაითიშა. მსგავსი ხარვეზების თავიდან ასარიდებლად, პროგრამისტები სპეციალურ ტექნოლოგიებზეც კი ზრუნავენ… მათ შორისაა, Meta, რომელიც smearing-ს იყენებს.
„იმ ადამიანებისათვის, რომლებიც აპარატული უზრუნველყოფის ინფრასტრუქტურებს მართავენ, ყოველი ნახტომი წამი დიდი ტკივილის წყაროა“, — წერდა Meta.
ტექნოლოგიებზე დამოკიდებულ სამყაროში კი ნაკლებად გვჭირდება ასეთი პრობლემების წარმოქმნა. ამიტომაცაა, რომ ხმის მიცემის პრინციპით, აშშ-ის, კანადისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა 2035 წლამდე ნახტომი წამის გაუქმება მოითხოვეს. ხოლო რუსეთმა საწინააღმდეგო პოზიცია დააფიქსირა, რადგან წინადადების მიღების შემთხვევაში, შესაძლოა, რუსეთს ახალი სატელიტების გაშვება მოუწიოს.
ამასთან, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, კიდევ ერთმა ორგანიზაციამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია — საუბარია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირზე (ITU). ეს უკანასკნელი უნივერსალური დროის ტრანსლირებაზე ზრუნავს. და თუ ნახტომი წამი მართლაც წარსულს ჩაბარდება, პროგნოზებს თუ დავუჯერებთ, მეტეოროლოგებსა და ასტრონომებს 2135 წლამდე დასჭირდებათ დრო, რათა დროის ატომური და ასტრონომიული სკალების სხვა გზებით შეათანხმონ ერთმანეთთან.