თბილისში ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინი Ice ‘N Rolls გამოჩნდა. თუმცა, ნაყინის როლებს (ქართულად, ხვეულებს) ტაილანდური მხოლოდ დამზადების ტექნოლოგია აქვს, არომატები კი სრულიად ქართულია. როგორც ახალი კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკა ჩუგოშვილი ამბობს, მან და მისმა პარტნიორმა ტაილანდური ნაყინის შესახებ ინტერნეტით გაიგეს, საერთო ფინანსებით სპეციალური დანადგარი უცხოეთიდან გამოიწერეს და სრულიად ქართული არომატებიანი ნაყინის გაყიდვა დაიწყეს. „გაახვიე შენი ნაყინი“, ამ სლოგანით ახალბედა კომპანია „აის ენ როლსი“ ხვანჭკარის ალკოჰოლური ნაყინის დასაგემოვნებლად ჯერჯერობით მხოლოდ ისთ ფოინთში გიმასპინძლებთ. ჩვენს კითხვებს ნიკა ჩუგოშვილმა უპასუხა.
M: ზოგადად, რა არის ნაყინის როლები?
ნაყინის როლი არის ტაილანდური ტექნოლოგიით დამზადებული ნაყინი, რომელიც პირდაპირ მომხმარებლის თვალწინ და რაც უფრო მნიშვნელოვანია, მომხმარებლის გემოვნებით შერჩეული ინგრედიენტებით კეთდება სპეციალურ დანადგარზე. მაგალითად, შესაძლებელია ხვანჭკარასა და ჟელიბონის, შოკოლადისა და მიწისთხილის, ან სხვა ინგრედიენტების შერევა. სულ 40 განსხვავებული სახის ინგრედიენტი გვაქვს, რაც მომხმარებელს კრეატიული მიდგომის თავისუფლებას აძლევს, რადგან ამ რაოდენობის ინგრედიენტებით 700-ზე მეტი კომბინაციის მოფიქრება შეიძლება.
M: როგორ მზადდება ხვანჭკარას ნაყინი?
ნაყინის სითხეში ვურევთ ხვანჭკარას, შემდეგ ეს სითხე იყინება დანადგარზე და ეხვევა და ბოლოს ზემოდან ვაყრით ჩურჩხელის ანათალებს, შედეგად, ვიღებთ ყველაზე ქართული არომატის ნაყინს, რომელიც ალკოჰოლსაც შეიცავს.
M: ალკოჰოლური ნაყინები სხვაც გაქვთ?
დიახ, გვაქვს ნაყინი ბეილისით და უახლოეს მომავალში ვაპირებთ მოჰიტოსა და სხვა პოპულარული კოქტეილების არომატების დამატებას.
M: საქართველოში მსგავს ნაყინს თქვენ გარდა კიდევ რამდენიმე კომპანია ყიდის. როგორ აპირებთ მათთან კონკურენციას?
ჩვენი ასორტიმენტი არის ყოველთვის დინამიური, მუდმივად ვამატებთ ახალ ინგრედიენტებს და პროდუქციას. ამასთან ერთად, ყველა კომპანიას არ გამოსდის ისეთი როლი როგორიც უნდა მიიღოს და ინგრედიენტები, რითიც მზადდება ნაყინი უნდა იყოს გარკვეული რაოდენობის, რათა გემო არ გაფუჭდეს. ჩვენ გვაქვს ზუსტი რაოდენობა შერჩეული რა ინგრედიენტი რამდენი უნდა შევურიოთ, რაზეც სხვები ბევრს არ ფიქრობენ. საერთო ჯამში, ტექნიკური მხარითა და გემოების მრავალფეროვნებით ვფიქრობთ, რომ შევძლებთ კონკურენციის გაწევას.
M: როგორ გადიხართ თვენს პოტენციურ მომხმარებლებზე?
ჯერ-ჯერობით მხოლოდ ფეისბუკ რეკლამის საშუალებით, ასევე ვიყავით სტარტაპ მარკეტზე 26 მაისს, სადაც საკმაოდ ბევრმა გაგვიცნო და რა თქმა უნდა, უშუალოდ ისთ ფოინთში სადაც კეთდება ნაყინი.