ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ ახალი მრავალწლიანი პარტნიორობა გააფორმა. NBA და აბუ-დაბის ტურიზმისა და კულტურის დეპარტამენტს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, მომდევნო წლიდან, NBA-ს რეგულარული სეზონის კალენდარული მატჩები გაიმართება.
2022 წელს, აბუ-დაბი პირველ მატჩს უმასპინძლებს, სადაც ერთმანეთს, სავარაუდოდ, „გოლდენ სტეიტ უორიორსი“ და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსი“ დაუპირისპირდებიან. თანამშრომლობის ინიციატორი საამიროების მთავრობა იყო, მალევე გაფორმდა სასპონსორო ხელშეკრულებაც. ამ პარტნიორობისა და აბუ-დაბიში დაგეგმილი აქტივობების მთავარი მიზანია ტურისტული ნაკადების მატება. ასევე – ქალაქის, როგორც ტურისტული ლოკაციის ცნობადობისა და პოპულარობის ზრდა.
„NBA-ს 75 წლისთავს ვზეიმობთ. ეს პარტნიორობა უზომოდ საინტერესო და მიმზიდველია. მატჩების გამართვის გარდა, ჩვენი თანამშრომლობა მრავალ საინტერესო ღონისძიებასა და აქტივობას გულისხმობს. კალათბურთი გლობალური სპორტია და გვჯერა, რომ ამ სიახლით გულშემატკივარი ძლიერ გაიხარებს“, – აცხადებს NBA-ს მარკეტინგის მენეჯერი მარკ ტატუმი.
აბუ-დაბი მულტიკულტურული ქალაქია. ადგილობრივ, ძალიან საინტერესო ლოკაციებსა და ატრაქციებს, როგორც ჩანს კალათბურთიც შეემატება. მატჩების გარდა, მოეწყობა სპეციალური NBA-ს ბანაკები, სადაც ახალგაზრდა და დამწყებ მოთამაშეებს მასტერკლასებს NBA-ს ვარსკვლავები ჩაუტარებენ. ასევე, იქნება სპეციალური შოუები, საზაფხულო ლიგები და ა.შ.
„ისტორიული თანამშრომლობა იწყება. გვჯერა, ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ. აბუ-დაბი ულამაზესი ქალაქია, ტურისტებისთვის ძალიან მიმზიდველი. ახლა კიდევ ერთი, დამატებითი ატრაქცია შეიქმნება და ღრმად გვწამს, რომ ის კიდევ უამრავ ადამიანს ჩამოიყვანს“, – ამბობს საამიროების ტურიზმის მარკეტინგის დეპარტამენტის სპეციალისტი ლორ ვიორი.