ბანკებთან ურთიერთობა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. მათ სერვისებს ნებისმიერი ფინანსური ოპერაციისთვის ვიყენებთ. ამის მიუხედავად, ბევრი ადამიანისთვის ფინანსურ ინსტიტუტთან თანამშრომლობა დაბნეულობას იწვევს, რაც სფეროს სპეციფიკითაა განპირობებული. დღესდღეობით კვლავაც აქტუალურ საკითხად რჩება საბანკო სერვისებთან ურთიერთობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისთვის სასარგებლო იქნებოდა, თუკი მეტად გაერკვეოდა საბანკო პროდუქტების პირობებში და ზედმიწევნით ეცოდინებოდა, თანამშრომლობის ამა თუ იმ შემთხვევაში, რა პირობებით შეუძლია სარგებლობა. სწორედ ამ თემაზე ცდილობს საქართველოს ეროვნული ბანკი ადამიანების ცნობიერების ამაღლებას. ამ მიზნით, ფინანსური განათლების ვებპორტალი Finedu.ge-ც შეიქმნა, სადაც პირადი ფინანსების მართვის შესახებ შეგიძლიათ გაეცნოთ სიახლეებს.
ამ სტატიამ კი, გვინდა, ბანკებთან ურთიერთობა გაგიადვილოთ. მაინც, როგორ წარვმართოთ ფინანსურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა ეფექტიანად? ამ საკითხზე ეროვნული ბანკის მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსი ნათია ჭყონია რამდენიმე რჩევას გიზიარებთ.
შეადარეთ პირობები
პროდუქტის არჩევამდე მომხმარებლებმა უნდა მოითხოვონ ამ პროდუქტების დეტალური პირობები, კარგად გაეცნონ და მათ საჭიროებებს ყველაზე მეტად მორგებული პროდუქტი შეიძინონ. ამასთან, პროდუქტის შეძენამდე, შეადარონ ერთმანეთს რამდენიმე ორგანიზაციის მსგავსი პროდუქტი და აარჩიონ მათთვის ყველაზე მეტად ხელსაყრელი როგორც ფასის, ისე სხვა მახასიათებლის გათვალისწინებით.
გაეცანით ხელშეკრულებებს
პროდუქტის არჩევის პროცესში სწორი გადაწყვეტილების მიღებისთვის, ერთ-ერთი კარგი მეთოდია ორგანიზაციისთვის ხელშეკრულებების ნიმუშების წინასწარ გამორთმევა და ამ ნიმუშებში მოცემული პირობების ერთმანეთისთვის შედარება. ამასთან, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ მომხმარებლისთვის გადაცემული ნიმუშები უნდა მოიცავდეს იმ პირობებს, რაც იმ მომენტში ფინანსური ორგანიზაციისთვისაა ცნობილი, ხოლო, თუ ორგანიზაციას მომხმარებლისთვის უკვე შეთავაზებული აქვს გარკვეული პირობები, ეს კონკრეტული პირობები მითითებული უნდა იყოს გადაცემული ხელშეკრულების ნიმუშში. ასევე, ამ ნაწილში გასათვალისწინებელია, რომ ზოგადი პირობებით ხელშეკრულებების ნიმუშების ნახვა მომხმარებლებს ფინანსური ორგანიზაციების ვებგვერდებზეც შეუძლიათ, რადგან ფინანსური ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, ვებგვერდზე განათავსონ ყველა პროდუქტის ხელშეკრულების ნიმუში.
რაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება?
მნიშვნელოვანია, რომ როგორც გადაცემულ ხელშეკრულებაში, ასევე, ზოგადად პირობების გაცნობისას მომხმარებელმა ყურადღება გაამახვილოს ხელშეკრულების ე. წ. „თავსართში“ განთავსებულ პირობებზე. კერძოდ, ხელშეკრულების თავსართი წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომელიც წინ უნდა უძღოდეს უშუალოდ დეპოზიტის ან სესხის ხელშეკრულებას და რომელიც მაქსიმუმ ორგვერდიანი შეიძლება იყოს. ამასთან, ხელშეკრულების თავსართში მოცემულია ის მნიშვნელოვანი პირობები, რომლებიც ძირითადი მახასიათებლებია ამ პროდუქტებით სარგებლობისთვის და რომელთა ცოდნაც მომხმარებლებს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარება. მაგალითად, ხელშეკრულების თავსართი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტს, როგორიც არის სესხის ან დეპოზიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი გამოხატავს პროდუქტის რეალურ ფასს და სხვადასხვა მსგავს პროდუქტზე ამ კომპონენტის შედარებით, მომხმარებელს შეუძლია განსაზღვროს, რომელი პროდუქტია უფრო იაფი ან ძვირი.
პროდუქტის არჩევის პროცესი
პროდუქტების არჩევის, მათი შედარების თუ არსებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის გადამოწმების პროცესში, მომხმარებლებს შეუძლიათ, გარკვეული მონაცემები სხვადასხვა კალკულატორით გადაამოწმონ. მაგალითად, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დათვლისთვის არსებული ფორმულა, შესაძლოა, საკმაოდ რთული მოეჩვენოს მომხმარებელს, თუმცა მისი დათვლა გაცილებით მარტივია სებ-ის ვებგვერდზე და ფინანსური განათლების ვებპორტალზე განთავსებული კალკულატორებით (იხილეთ ბმულები: shorturl.at/fkyGZ და https://www.finedu.gov.ge/ge/calculators). ამასთან, აღნიშნულ ვებგვერდებზე კიდევ სხვა ფუნქციებისთვის და მონაცემების დათვლისთვის განთავსებული კალკულატორებია, რომლებიც ძალიან კარგი ინსტრუმენტებია ჩვენი ფინანსების მართვისთვის.
დააზუსტეთ ბუნდოვანი დეტალები
მას შემდეგ, რაც მომხმარებელი გადაწყვეტს კონკრეტული პროდუქტის შეძენას, ის აუცილებლად უნდა გაეცნოს უკვე მასთან გასაფორმებელი საბოლოო ხელშეკრულების პირობებს და მისთვის ბუნდოვან საკითხებზე დასვას იმდენი კითხვა, რამდენიც გაუჩნდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი ეცნობოდეს სრულ ხელშეკრულებას. ასევე, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს თავსართში მოცემულ ინფორმაციას.
რა გავითვალისწინოთ თავდებობისას ან ქონების დატვირთვისას?
ეს რჩევა ეხება იმ მომხმარებელს, ვინც აპირებს, რომ მესამე პირს დაუდგეს სესხზე თავდებად ან მის საკუთრებაში არსებული ქონება იპოთეკით დატვირთოს სხვისი სესხის სასარგებლოდ. გარდა ზემოაღნიშნული რჩევებისა, მან ასევე უნდა გაითვალისწინოს შემდეგი გარემოებები; აუცილებლად გადაამოწმოს მისი თავდებობით ან ქონებით უზრუნველყოფილი ხელშეკრულება ე. წ. გენერალურ ხელშეკრულებას უზრუნველყოფს თუ არა, რადგან ასეთ შემთხვევაში გასათვალისწინებელია, რომ იმ მომენტში გასაფორმებელი კონკრეტული სესხის გარდა, მსესხებელს საშუალება ექნება, გარკვეული ლიმიტის ფარგლებში დამატებით კიდევ აიღოს სესხი, ისე რომ თავდების ან ქონების მესაკუთრის თანხმობა აღარ იქნება საჭირო. ამასთან, თავდებობის ან ქონების დატვირთვის გადაწყვეტილების მიღებამდე მომხმარებლებმა უნდა შეაფასონ ის რისკები, რაც შესაძლოა, ამ პროცესს ახლდეს თან. მათ შორის გასათვალისწინებელია, რომ სესხის სრულ დაფარვამდე, შეიძლება, დამატებითი ვალდებულება ვეღარ აიღონ სხვა ფინანსურ ორგანიზაციაში — შესაძლოა, მათი თავდებობით ან ქონებით უზრუნველყოფილი სესხის შენატანი გათვალისწინებული იყოს ახალი სესხის აღებისას მომხმარებლების შემოსავლის დათვლისას. ასევე, სესხის გადაუხდელობის შემთხვევაში, თავდებს იგივე ტიპის პასუხისმგებლობა ეკისრება ფინანსური ორგანიზაციის წინაშე, რაც მსესხებელს, ხოლო ქონების მესაკუთრემ კი, შესაძლოა, გარკვეულ შემთხვევაში, დაკარგოს მისი ქონება.
როგორ განვსაზღვროთ სესხის პირობები?
დღესდღეობით ბანკები არაერთი სახის საკრედიტო პროდუქტებს სთავაზობენ მომხმარებლებს. შესაძლოა, ყველა მათგანის პირობა ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს. ზოგჯერ უბრალოდ გვაინტერესებს, ჯამურად რა დაგვიჯდებოდა სესხის გადახდა, ამა თუ იმ პირობით. როგორ მოვიქცეთ ასეთ დროს? თუკი სხვადასხვა ბანკში მისვლისა თუ ოპერატორთან ონლაინ გასაუბრების გარეშე გსურთ დეტალებში გარკვევა, გარდა ხელშეკრულების ნიმუშის გაცნობისა, გაგიზიარებთ მარტივ გზას, როგორ შეაფასოთ სხვადასხვა სახის სესხის პირობები რამდენიმე დაწკაპუნებით. აი, მაგალითად, ამ ორ ბმულზე – ესგ-ს კალკულატორი და სესხების კალკულატორები რამდენიმე სახის კალკულატორს ნახავთ, რომლითაც საკრედიტო პროდუქტის მახასიათებლების მიხედვით სხვადასხვა პარამეტრის გამოთვლას შეძლებთ. მაგალითად, გამოთვლით ეფექტურ საპროცენტო განაკვეთს, სხვადასხვა პირობის გათვალისწინებით რა მოცულობის თანხის სესხებას შეძლებთ, ყოველთვიურად რა თანხის გადახდა მოგიწევთ იპოთეკური სესხით სარგებლობისას და სხვა. ესაა ყველაზე მარტივი გზა, დამოუკიდებლად, აუჩქარებლად და მარტივად განახორციელოთ თქვენი ფინანსური კალკულაციები.
თუკი ფინანსურ საკითხებზე მეტი ინფორმაციის მიღება გსურთ, ეწვიეთ ფინანსური განათლების ვებპორტალს: https://www.finedu.gov.ge/ge ან დაუკავშირდით საქართველოს ეროვნულ ბანკს ცხელ ხაზზე 2 406 406.
[R]