NCR Corporation-ს, ცნობილს, როგორც სალარო აპარატების კომპანიას, მდიდარი ისტორია აქვს, რომელიც ასახავს ტექნოლოგიების ევოლუციას კომერციასა და საბანკო სფეროში. მე-19 საუკუნეში დაარსებული ეს კომპანია პიონერი იყო სალარო აპარატების წარმოებაში და შემდგომ გადაიქცა ბანკომატების სისტემების, გაყიდვების პუნქტების (POS) ტერმინალების და საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის სფეროს ლიდერად.
ერთად გადავხედოთ, რა გზა გაიარა ბრენდმა ამისთვის.
დაარსება და ადრეული წლები (1884–1910)
NCR დააარსა ჯონ ჰ. პატერსონმა 1884 წელს დეიტონში, ოჰაიოს შტატში. ჯონმა და მისმა ძმამ, ფრენკმა, გამომგონებელ ჯეიმს რიტისგან შეიძინეს სალარო აპარატების მცირე ბიზნესი და დაარქვეს National Cash Register Company, ანუ ეროვნული სალარო აპარატის კომპანია.
პატერსონის ძლიერ იარაღად იქცა გაყიდვების აგრესიული ტექნიკა, თანამშრომლების დატრენინგება და მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი, რომელიც სტანდარტად იქცა ამერიკულ ინდუსტრიაში. მისი ხელმძღვანელობით, NCR გახდა მექანიკური სალარო აპარატის სინონიმი. პატერსონი იმდენად ძლიერი იყო გაყიდვებში, რომ მან 1893 წელს დააარსა პირველი სკოლა ამ მიმართულების შესასწავლად.
კომპანიამ ასევე მოიპოვა რეპუტაცია შრომითი პრაქტიკისა და კორპორაციული კულტურის ინოვაციების მხრივ, იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც შესთავაზა თანამშრომლებს შეღავათები, უსაფრთხოების პროგრამები და კომპანიის კაფეტერიაც კი.
გაფართოება და ინოვაცია (1920-1940)
მე-20 საუკუნის დასაწყისში NCR გლობალურად გაფართოვდა და მსოფლიო მასშტაბით საცალო ვაჭრობისა და სტუმართმოყვარეობის სექტორების ძირითადი პროდუქტი გახდა. კომპანიამ ბუღალტრული აღრიცხვის აპარატების წარმოება დაიწყო, თუმცა მალე წამოეწია მეორე მსოფლიო ომი, რა დროსაც აშშ-ის სამხედროებისთვის კრიპტოგრაფიული აპარატების წარმოებაზე გადავიდა. განსაკუთრებული წვლილი შეიტანა Bombe-ს შექმნაში, მოწყობილობაში, რომელიც გერმანული Enigma კოდების გასაშიფრად გამოიყენებოდა.
კომპიუტერული ეპოქა (1950-1970)
ზუსტად 1950 წელს NCR-მა გამოუშვა თავისი პირველი ელექტრონული საბუღალტრო მანქანა და კომპიუტერების ხაზიც. NCR 315-მა და NCR Century-ის სერიამ გამოთვლითი ტექნოლოგიების სამყაროში თავი მალე დაიმკვიდრა.
1970-იანი წლებისთვის NCR კომპიუტერული ბაზრის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს არც ის, რომ მისი კონკურენცია ისეთი კომპანიების აღზევებასთან ერთად გამწვავდა, როგორებიცაა IBM და DEC.
საინტერესო ფაქტია ის, რომ ტომას უოტსონი, რომელიც შემდგომ IBM-ის სულის ჩამდგმელად იქცა, თავდაპირველად იყო პატერსონის თანამშრომელი. ერთ-ერთ შეხვედრაზე მან დაფაზე დაწერა სიტყვა „იფიქრე”, რომელიც იმით ახსნა, რომ ყველა ჩვენგანის პრობლემა არასაკმარისი ფიქრია. ჩვენ გვიხდიან არა ფეხებით, არამედ გონებით მუშაობისთვის.
მოგვიანებით ეს ფრაზა ისე აიტაცეს, რომ NCR ქარხნის შენობებში წარწერებად იყო განთავსებული, თუმცა მას მერე, რაც უოტსონი გაათავისუფლეს და დამოუკიდებელი კომპანია შექმნა, „იფიქრე“ IBM-ის ცნობილი სიმბოლო გახდა.
ბანკომატები და ფინანსური ტექნოლოგიები (1980-1990)
1980-იან წლებში NCR სტრატეგიული სვლა განახორციელა და ფინანსური ტექნოლოგიების, განსაკუთრებით კი ავტომატური ბანკომატების (ATM) მიმართულებით განვითარდა. ამ გადასვლამ მის თანამედროვე იდენტობას ჩაუყარა საფუძველი.
1991 წელს კომპანიას ახალი მფლობელი გამოუჩნდა. ის შეიძინა AT&T-მ, გამოთვლითი და ტელეკომუნიკაციური სფეროების გაერთიანების მიზნით, თუმცა ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა. NCR-მა დამოუკიდებლობა 1997 წელს AT&T-სგან გამოყოფის შემდეგ დაიბრუნა.
XXI საუკუნის ტრანსფორმაცია
2000-იანი წლების დასაწყისიდან NCR იქცა ტექნოლოგიური მომსახურების კომპანიად, რომელიც ორიენტირებულია საცალო ვაჭრობის, საბანკო და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიებზე. მან ძირითად ბიზნეს სფეროებად გამოიყენა ღრუბლოვანი ტექნოლოგიები, ციფრული გადახდები, თვითმომსახურების კიოსკები და მონაცემთა ანალიტიკა.
აღსანიშნავ ეტაპებს შორისაა 2009 წელს მისი შტაბ-ბინის ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, გადატანა და ისეთი კომპანიების შეძენა, როგორიცაა Radiant Systems და Digital Insight, რამაც გააძლიერა მისი პოზიცია გაყიდვებისა და ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტილებების სფეროში.
ბოლოდროინდელი მოვლენები
2020-იან წლებში NCR-მა გამოაცხადა თავისი ბიზნესის სტრატეგიული გაყოფის შესახებ, რომელთაგან ერთი იქნებოდა ფოკუსირებული ციფრულ კომერციაზე, ხოლო მეორე – ბანკომატებსა და საბანკო ინფრასტრუქტურაზე. ეს ნაბიჯი ასახავს განზრახვას, სწრაფად მოერგოს მობილური ბანკინგის, მრავალარხიანი საცალო ვაჭრობისა და ავტომატიზებული ფინანსური სერვისების სამყაროს.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.