NDI-მ (ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი) 2018 წლის დეკემბრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის ფარგლებში, ინსტიტუტმა საზოგადოებრივი აზრი შეისწავლა. გამოკითხვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შემდეგ ჩატარდა და მოიცავდა განვითარების კურსთან, საზოგადოებრივ საჭიროებებთან თუ ადგილობრივ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებს, მათ შორის კი იყო კითხვა, რომელიც წარმატებული ბიზნესის ფორმულას უკავშირდება. უნდა აღვნიშნოთ, რომ NDI-ს 2018 წლის დეკემბრის საზოგადოებრივი აზრის კვლევა წარმომადგენლობითი შერჩევის პირობებში ჩატარდა, რაც მიღებული მონაცემების საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გაზოგადების საშუალებას გვაძლევს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს მოსახლეობის 22% წარმატებული ბიზნესის აწყობისთვის უმნიშვნელოვანეს ფაქტორად პროფესიულ უნარებსა და გამოცდილებას მიიჩნევს, 21% – განათლებას, 16% – პოლიტიკურ კავშირებს, 12% კი შრომისმოყვარეობას.












