ნდობა რომ წარმატებული ურთიერთობების, პარტნიორობებისა თუ თანამშრომლობების გარანტიას გვაძლევს, ამაზე ყველანი ვთანხმდებით. თუმცა ეს საკითხი სიტყვებსაც სცილდება და ჩვენი სხეულის ენამდე დადის. ხშირად ისეც ხდება, რომ ვიღაცას არ ვენდობით, მაგრამ რატომ, ამ კითხვაზე პასუხი არ გვაქვს. ეს იმის ბრალია, რომ პროცესი მრავალ დეტალს მოიცავს, რომელსაც ვერც კი ვაცნობიერებთ, არადა ვოკალსაც ვაფასებთ, სხეულის ენასაც, თვალით კონტაქტსაც, პოზასაც, სუნთქვის სიხშირესაც და სხეულის ტემპერატურასაც კი. სწორედ ამ გაუცნობიერებელმა მონაცემებმა შეიძლება, გვაპოვნინოს პასუხი კითხვაზე — გენდობი?
აი, ამაზე თავადაც რომ მიიღოთ თანხმობა, 3 არაცნობიერი ქმედება უნდა გამოასწოროთ:
1. სიტყვებისა და სხეულის ენის შეუსაბამობა
არათანმიმდევრულობაზე მეტად ნდობას არაფერი კლავს. თუმცა ჯერ ის უნდა ვთქვათ, რომ როცა ერთმანეთს ინფორმაციას პერსონალურად გადავცემთ, ორი საუბარი მიმდინარეობს, ერთი სიტყვებით, მეორე კი ჩვენი ხმითა და სხეულის ენით. ხოლო, როცა ეს ორი შეუსაბამოა, მსმენელი ყოველთვის უპირატესობას არავერბალური კომუნიკაციის ფორმებს ანიჭებს და სწორედ ასე საზღვრავს სანდოობას.
ამას რომ გაუმკლავდეთ, მსმენელთან დაკავშირება ნდობის მოპოვების მკაფიო მიზნით დაიწყეთ. საკუთარ თავს ჰკითხეთ — როგორ მინდა იგრძნოს თავი ჩემმა აუდიტორიამ? თუ ცუდი ამბავი გაქვთ სათქმელი, ნუ ეცდებით მის დაფარვას, უბრალოდ აუდიტორია მოამზადეთ ამისთვის ჟესტების მიზნობრივი სინქრონიზაციითა და შენელებით. გამოიყენეთ პაუზები, რომელიც მსმენელს რეაგირებისა და ინფორმაციების მიღების საშუალებას მისცემს.
2. ემოციების ნაკლები კონტროლი
ემოციების „გაჟონვაც“ პრობლემაა… ჩვენი სხეული ხშირად ემოციებს მანამდე განიცდის, სანამ გავაცნობიერებთ. თუ მაგალითად კომუნიკაცია თქვენში შფოთვას, იმედგაცრუებას, ბრაზს ან სხვა რაიმე ძლიერ ემოციას იწვევს, დიდი შანსია, რომ არაცნობიერად დაგეტყოთ. ეს მსმენელს მიანიშნებს, რომ ემოციებს ან სიტუაციას ვერ აკონტროლებთ, შესაბამისად, თქვენთან კომუნიკაციას საფრთხის შემცველად ჩათვლიან და თქვენს კომპეტენციაშიც ეჭვი შეეპარებათ.
ამაში კი თქვენივე ემოციების შემეცნება დაგეხმარებათ. კარგი იქნება, თუ პოტენციურ სიტუაციებს წინასწარ გაივლით. მაგალითად დაფიქრებით, როგორ უპასუხებთ აპათიურ ან მტრულად დასმულ შეკითხვას. ეს დაგეხმარებათ, მეტად სწრაფად ამოიცნოთ საკუთარი ემოციები და მართოთ კიდეც იგი.
ე. წ. სახელდების პრაქტიკაც ძალიან გამოგადგებათ, უბრალოდ იმის თქმა, რასაც გრძნობთ — „გაბრაზებული ვარ“ ფიზიკურ მანიფესტაციას წარმოადგენს და საშუალებას გაძლევთ, გააცნობიეროთ და აირჩიოთ, რას უპასუხებთ. კარგი იქნება თუ ფიზიკურ ნიშნებსაც დააკვირდებით, მაგალითად ხმის კანკალი ან სიმძიმის შეგრძნება, შესაძლოა, ემოციისთვის სახელის შერჩევასა და მის გაცნობიერებაში დაგეხმაროთ.
3. არავერბალური ქმედებების გაუცნობიერებლობა
კვლევის თანახმად, ისეთი არავერბალური ქმედებები, როგორებიცაა ხელების გადაჯვარედინება, სახეზე შეხება ან ხელებზე დაყრდნობა ნდობაზე უარყოფითად აისახება. შესაძლოა, სულაც არ გქონდეთ რაიმე მავნე განზრახვა, მაგრამ მსგავსი სხეულის ენა უკვე ეჭვებს ბადებს… ამგვარად, მნიშვნელოვანია, ღია სხეულის ენაზე იმუშაოთ. ამისთვის კარგი იქნება, თუ თქვენს პრეზენტაციებს ან შეხვედრებს ჩაიწერთ, შემდგომ კი გააანალიზებთ, გაიაზრებთ, თავისუფლად დგახართ თუ არა, თქვენი ხელები კარგად თუ ჩანს…
დაბოლოს, გაცნობიერებული კომუნიკაცია ჩვევად აქციეთ, სიტყვები, ტონი და ჟესტები ერთმანეთს შეუსაბამეთ, რადგან ასე თავდაჯერებაც შეგემატებათ და სხვების ნდობასაც მარტივად მოიპოვებთ.