in

Neat Knit – ეკოლოგიურად სუფთა თოჯინები – ორი ქართველი სტუდენტის სტარტაპი

Startauperi
Startauperi

მშობლების მხრიდან შვილებზე ზრუნვა, ხშირ შემთხვევაში, უსაფრთხო კვების, ჰიგიენის და შესაბამისი გარემოს შექმნის მცდელობებით გამოიხატება. თუმცა, რამდენად ვიცავთ ბავშვებს, როცა მათ ამა თუ იმ სათამაშოს ვყიდულობთ? “საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის” ცნობით, ჩვენს ბაზარზე რეალიზებადი 10-დან 9 თოჯინა, ჯამრთელობისათვის საზიანო ნივთიერებებს შეიცავს. ევროკავშირის დირექტივის მიხედვით, სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, ასევე, ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. ამ მიმართულებით, ქართული კანონმდებლობის აღნიშნულ დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა, 2019 წლამდე არ იგეგმება. მანამდე კი, ორმა ქართველმა სტუდენტმა სალომე სილაგაძემ და ვანო კალმახელიძემ, ქართველი ბავშვებისთვის, ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების სტარტაპი – Neat Knit შექმნა. მარკეტერი მის ერთ-ერთ დამფუძნებელს, სალომე სილაგაძეს, Neat Knit-ის სამუშაოს სპეციფიკაზე ესაუბრა:

M: როგორ გაგიჩნდათ Neat Knit-ის შექმნის იდეა?
ამერიკაში ყოფნისას ვნახე, რომ ბავშვებს არ ათამაშებდნენ არაეკოლოგიური სათამაშოებით და დავფიქრდი, თუ როგორი პრობლემა იდგა, ამ კუთხით, საქართველოში. გაგვიჩნდა იდეა – შეგვექმნა უსაფრთხო სათამაშოები ქართველი ბავშვებისთვის. ჩვენი პროდუქტის საჭიროება, სახალხო დამცველის დასკვნამ და ბაზარზე უსაფრთხო სათამაშოების ნაკლებობამ უფრო გაგვიმყარა.

M: როგორი იყო იდეის განვითარების და განხორციელების ეტაპები? რა გამოცდილება გქონდათ ბიზნესის კუთხით?

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ვართ. ვანო მესამე კურსზეა, მე – მეორეზე. გამოცდილება არ გვქონდა, ეს არის ჩვენი პირველი წამოწყება. ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა მოგვცა რჩევები, ბიზნესის მიმართულებით. რაც შეეხება იდეის განხორციელებას, პროდუქციის დამზადება ძალიან შრომატევადია. დასაწყისისთვის შევიძინეთ მასალები, შემდეგ სქემები დავწერეთ, თუ როგორ უნდა მოქსოვილიყო ესა თუ ის სათამაშო. ვიზრუნეთ შეფუთვაზე. Neat Knit-ის შესაქმნელად ორი თვე დაგვჭირდა, ერთი თვის წინ უკვე მზად გვქონდა პროდუქცია. შემდეგ გვერდი გავაკეთეთ facebook-ზე, რადგან, ვფიქრობთ, ეს ყველაზე ადვილი გზაა პროდუქტის საზოგადოებისთვის გასაცნობად.

M: რა კავშირი აქვს სახელ Neat Knit-ს თქვენს საქმიანობასთან?

სახელი Neat Knit – ნით ნით, შევარჩიეთ იმიტომ, რომ შეეფერება ჩვენი საქმიანობის შინაარსს და ასახავს ჩვენს მიდგომას სათამაშოების შექმნის პროცესთან მიმართებაში. ასევე, წარმოსათქმელად არის საკმაოდ მარტივი და იოლად დასამახსოვრებელი.

M: პროდუქტის შექმნის ტექნიკური მხარე როგორია? რა მასალისგან იქსოვება თოჯინები და ვინ ასრულებს ამ სამუშაოს?

ჩვენი სამუშაო მასალის 100% ბამბაა, არც ერთი დეტალი არ არის პლასტმასის შემცველი. მასალას ვიძენთ საქართველოში. ჩვენი შეფუთვაც ეკოლოგიურად სუფთაა, მეორადი გადამუშავების ქაღალდით ვფუთავთ პროდუქტს. Neat Knit-ში დასაქმებულია ორი ადამიანი, ერთი ქსოვს დეტალებს, მეორე – აწყობს სათამაშოს მოქსოვილი ნაწილებისგან.

M: რა უპირატესობა გაქვთ სათამაშოების მწარმოებელ კომპანიებთან მიმართებაში?

ჩვენი ხელნაკეთი თოჯინები არის ეკოლოგიურად სუფთა და ანტიალერგიული მასალისაგან დამზადებული. ვინაიდან, დღეს საქართველოში, უმეტესად, საფრთხისშემცველი სათამაშოები იყიდება, ჩვენ გადავწყვიტეთ პირველ ეტაპზე მომხმარებლისათვის რბილი და უსაფრთხო სათამაშოები შეგვეთავაზებინა. ჩვენი თოჯინები, ისევე როგორც მომავალში შექმნილი ნებისმიერი პროდუქცია ჯამრთელობისათვის სრულიად უსაფრთხო იქნება.

M: ერთთვიანი ფუნქციონირების განმავლობაში, როგორია მომხმარებლის დაინტერესება და გაყიდვების მაჩვენებელი?

ჯერ-ჯერობით ათი შეკვეთა გვქონდა. თუმცა, ჩვენ შესახებ ინფორმაციის გავრცელებასთან ერთად, იმედი გვაქვს, დაინტერესება და მოთხოვნა გაიზრდება. ერთი შეკვეთა გავგზავნეთ ამერიკაში. ჯერ-ჯერობით უკვე არსებულ, შეკერილ მოდელებს ვთავაზობთ მომხმარებელს, თუმცა შეგვიძლია, სურვილის შემთხვევაში, ექსკლუზიური თოჯინის შექმნაც.

M: როგორი საფასო პოლიტიკა გაქვთ და პროდუქციის რეალიზებისთვის რა გზებს იყენებთ?

ამჟამად, ჩვენი თოჯინების ფასი 27-დან 35 ლარამდე მერყეობს. ამ ეტაპზე, მხოლოდ ონლაინ გაყიდვები გვაქვს, facebook გვერდის მეშვეობით. ვაპირებთ სტარტაპერებისთვის განკუთვნილ პროექტებში ჩართვას. გარდა ამისა, გვაქვს ადგილზე მიტანის უფასო სერვისი თბილისსა და რუსთავში, რეგიონებში, მოთხოვნის შემთხვევაში, ვაგზავნით ფოსტის მეშვეობით.  ჯერ-ჯერობით მაღაზია არ გვაქვს, თუმცა ვგეგმავთ სხვადასხვა მაღაზიისთვის, ჩვენი პროდუქციის გაყიდვის შეთავაზებას.

M: რა მიმართულებით გეგმავთ Neat Knit-ის განვითარებას?

ვაპირებთ, არ შემოვიფარგლოთ მხოლოდ სათამაშოებით და  გავაგრძელოთ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შექმნა, ბავშვის ხაზით თუ სხვა მიმართულებით. ასევე, დავამატოთ ახალი დიზაინის სათამაშოები. ექსპორტს რაც შეეხება, ჯერ-ჯერობით ამ მიმართულებით არ ვფიქრობთ, თუმცა ჩვენმა პირველმა მცდელობამ – ამერიკაში ჩვენ მიერ შექმნილი სათამაშოს გაგზავნა-გაყიდვის მიმართულებით, წარმატებით ჩაიარა.

„მურია“ – ძაღლის ტანსაცმლის, აქსესუარებისა და ავეჯის პირველი ქართული სტარტაპი

Global Benefits Georgia – ახალი სადაზღვევო კომპანია ახალი ბრენდინგით