“არც მუსიკა, არც გართობა” – შეიძლება ერთის მხრივ ასე შევაფასოთ პანდემიური პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ტელევიზორებიდან თუ სოციალური ქსელებიდან მუსიკაზე ხშირად კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი ისმის. რომ აღარაფერი ვთქვათ შეწყვეტილ კონცერტებსა და ფესტივალებზე… სწორედ ამ მდგომაორეობის დადებითი, მუსიკალური ალტერნატივის შექმნას ემსახურება პოდკასტჰაბის მიერ ორგანიზებული “NEBEAT”.
ივენთის NEBEAT ფარგლებში 28 მაისს, პარასკევს , საღამოს 9 საათიდან პოდკასტჰაბის მუსიკალურ სტრიმში თქვენი საყვარელი მუსიკოსები წარდგებიან. “ხმამაღლა ჩავრთეთ ოთახში მუსიკა და ძალიან გვინდოდა, ის პოზიტივი დაგვებრუნებინა, რომელიც დაკარგული, წართმეული და მოშორებულია. ამიტომ, პირდაპირ ეთერში გადავწყვიტეთ 2 საათ ნახევრიანი კონცერტის გაშვება” – ამბობს ლევან ბახია, პოდკასტჰაბის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
როგორც ლევანი აღნიშნავს, გარდა პანდემიური აკრძალვებისა, იქნება ეს 9-ზე თუ 11 საათზე დაწყებული კომენდანტის საათი, ჩაკეტილობის თემა სიმბოლურად მუსიკოსსა და მსმენელს შორის არსებულ ზღვარსაც ეხმიანება – “მათ ერთმანეთის პრობლემების შესახებ არ იციან… მსმენელს მოსწონს მუსიკა, მაგრამ არ იცის, რა სჭირდება კონკრეტულ მუსიკოსს რაღაცის შესაქმნელად, რამდენად სჭირდება დახმარება და ა. შ.”.
ასე რომ, ხვალ საღამოს 9 საათზე, ბეთლემის ქუჩის 10 ნომერში ჩატარდება კონცერტი, რომელსაც ფიზიკური მაყურებელი არ ეყოლება… თუმცა ყველანი შევძლებთ მუსიკის ონლაინ მოსმენას და იმ განწყობის დაბრუნებას, რომელიც ასე გვაკლია.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების ორგანიზატორი “პოდკასტჰაბი” პოდკასტერების, ვლოგერებისა და წამყვანებისთვის განკუთვნილ საერთო სივრცეს წარმოადგენს. ის, როგორც ალტერნატიული ონლაინ მედია, პანდემიის პერიოდში რამდენიმე პოდკასტერის მიერ გაიხსნა. აქ საუბრობენ და ფიქრობენ თემებზე, რომლებსაც, როგორც წესი, ტრადიციულ მედიებში არ აჟღერებენ.
ავტორი ქეთია ბელქანია