in

Nebula AI Hub – AI სერვისების მიწოდებისა და განათლების ინოვაციური ცენტრი

თუკი ადრე ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგიური გიგანტების პრივილეგია იყო, დღეს ის თანდათან ყველა ინდუსტრიის განუყოფელი ნაწილი ხდება და ადამიანის ყოფა-ცხოვრებაშიც დიდ როლს თამაშობს. ამ გლობალურ ტენდენციას, რა თქმა უნდა, არც საქართველოში ჩამოვრჩებით და ვცდილობთ, ხელოვნური ინტელექტის ხელსაწყოები ყოველდღიურობაში დავნერგოთ. თუმცა პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ რესურსები ძირითადად უცხოურია, ხოლო ქართულ ბაზარზე ადგილობრივი გადაწყვეტების სიმცირეს განვიცდით. 

ამ რეალობის შეცვლას ემსახურება Nebula AI Hub, რომლის დაარსების იდეაც იმ მომენტში გაჩნდა, როცა დამფუძნებლების გუნდმა გააცნობიერა, რომ საქართველოში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით, ქართულ ენაზე მორგებული, ხელმისაწვდომი რესურსები თითქმის არ არსებობდა. ამ საჭიროებიდან გამომდინარე, მათ ჩამოაყალიბეს ხედვა – შეექმნათ ტექნოლოგიური ეკოსისტემა, რომელიც დააკავშირებდა ახალგაზრდებს, სტარტაპებსა და ბიზნესებს ერთ სივრცეში. პლატფორმის ფარგლებში ასობით ახალგაზრდამ გაიარა Coursera-ს საერთაშორისო კურსები და Mastercard-ის მხარდაჭერით შემუშავებული ხელოვნური ინტელექტის სასწავლო პროგრამა. დღეს ამ კურსდამთავრებულთაგან საუკეთესოები სწორედ Nebula AI Hub-ში მუშაობენ. 

Nebula AI Hub ქუთაისის მულტიფუნქციური ცენტრის ბაზაზე მოქმედებს და მისი მთავარი მისიაა არა მხოლოდ განათლების გავრცელება, არამედ რეალური პროდუქტებისა და გადაწყვეტილებების შექმნა.

გთავაზობთ ინტერვიუს Nebula AI Hub-ის დირექტორთან, ნატალია პატარიძესთან, რომელიც ორგანიზაციის მიზნებზე, სერვისებსა და სამომავლო ხედვაზე გვესაუბრა:

M: რომელი კონკრეტული AI სერვისებია დღეს Nebula-ს პორტფოლიოში და რომელი უფრო მოთხოვნადია ბაზარზე?

დღეს Nebula გთავაზობთ AI სერვისების სრულ ეკოსისტემას – დაწყებული ბიზნესაუდიტით და მონაცემთა სტრუქტურიზაციით, დამთავრებული – ავტომატიზაციის ინსტრუმენტებითა და პროგნოზირების ალგორითმებით. ყველაზე მოთხოვნადია: ჩატბოტები და თვითმომსახურების სისტემები, დინამიკური ფასების მოდელები, მომხმარებელთა უკუკავშირის ანალიზი, დოკუმენტების გენერაცია და ტექსტების დამუშავება ქართულად, მონაცემთა ეტიკეტირება (ანოტაცია) და RAG მოდელების fine-tuning. მაგალითად, ფინანსურ სექტორში ვიყენებთ XGBoost-ზე აგებულ თაღლითობის გამოვლენის მოდელებს, ენერგეტიკაში – განახლებადი ენერგიის პროგნოზირებას TensorFlow-ზე და ლოგისტიკაში მარშრუტის ოპტიმიზაციას OR-Tools-ით. ამ ყველაფერს ვაკეთებთ კონკრეტულ ინდუსტრიებზე მორგებული ინტეგრაციით, არა ზოგადი გადაწყვეტილებებით, არამედ რეალურ სამუშაო პროცესში ჩასმით.

M: შეგიძლიათ, მოგვიყვანოთ SaaS ან AI გადაწყვეტილების მაგალითი?

Custom GPT-ჩატბოტები ქართულ ენაზე, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია, როგორც მომხმარებელთა მხარდაჭერისთვის, ისე შიდა ოპერაციების ავტომატიზაციისთვის. Text-to-Speech და Speech-to-Text მოდულები, რომელიც ინტეგრირდება მობილურ აპებში და ხელს უწყობს ციფრულ ხელმისაწვდომობას. ყველა გადაწყვეტა ხელმისაწვდომია როგორც SaaS, ასევე API-ის მოდელით, რაც მომხმარებელს მოქნილობასა და ინტეგრაციის თავისუფლებას აძლევს.

ჩვენ მიერ შექმნილი ერთ-ერთი გამორჩეული გადაწყვეტაა ვერტიკალური SaaS AI იურისტი. პლატფორმა, რომელიც ავტომატურად ამუშავებს იურიდიულ დოკუმენტაციას LLM და NLP არქიტექტურების გამოყენებით. იგი წარმატებით გამოიყენება როგორც კომპანიის შიდა სამართლებრივი პროცესების, ისე მომხმარებელთა კომუნიკაციის ავტომატიზაციისთვის.

M: როგორ ეხმარებით კერძო ან საჯარო ორგანიზაციებს პროცესების ავტომატიზაციასა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებაში?

ჩვენს თანამშრომლობას თითქმის ყოველთვის წინ უძღვის AI აუდიტი. ვაკვირდებით კომპანიაში მიმდინარე პროცესებს და ვარკვევთ, კონკრეტულად სად შეუძლია ხელოვნურ ინტელექტს, რეალური ღირებულება შექმნას. ეს შეიძლება იყოს როგორც მომხმარებელთა ქცევის ანალიზი, ისე ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაცია, ან ანგარიშგების ავტომატიზაცია.

შემდეგ ეტაპზე – ან ვაშენებთ ახალ მოდელს ან ვნერგავთ არსებულს ისე, რომ მაქსიმალურად შევუთავსოთ კონკრეტულ ორგანიზაციას. ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიის დანერგვა, ესაა პროცესების გაგება და მათი ეფექტურობის ზრდა. 

მაგალითისთვის, შიდა ოპერაციების მართვაში ვიყენებთ AI-გაფართოებულ Asana-ს ან Jira-ს, უკუკავშირის ანალიზისთვის ჩვენსავე NLP მოდელებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, ვთავაზობთ ლიცენზირებულ გადაწყვეტებსაც, რაც სისტემას დამოუკიდებლად ფუნქციონირებადს ხდის.

M: როგორ და რით ეხმარება Nebula სტარტაპებს ინკუბაციაში?

Nebula-ს სტარტაპინკუბატორი გთავაზობთ ტექნიკურ მხარდაჭერას, ბიზნესმოდელის განვითარებასა და, საჭიროების შემთხვევაში, თანადაფინანსებასაც. ჩვენ თავად ყოველდღიურად ვმუშაობთ AI პროდუქტებზე, ამიტომ სტარტაპებს ვუზიარებთ რეალურ გამოცდილებას ბაზარზე გასვლის სტრატეგიიდან მომხმარებელთა უკუკავშირის მართვამდე.

M: თქვენი შეფასებით, რამდენად მზადაა ადგილობრივი ბაზარი AI გადაწყვეტილებებისთვის?

ვფიქრობ, მოთხოვნა ჩამოყალიბების ეტაპზეა. ბაზარი მზად არის იმდენად, რამდენადაც ბიზნესები უკვე იწყებენ სწორი შეკითხვების დასმას. მაგალითად, როგორ შეამცირონ ხარჯი ჩატბოტით, როგორ გაზარდონ კონვერსია პერსონალიზებული შეთავაზებებით, ან როგორ გააუმჯობესონ საჯარო სერვისები თანამედროვე მოდელებით.

M: როგორია თქვენი სამომავლო ხედვა?

ჩვენი მიზანია, Nebula იქცეს ისეთ სივრცედ, სადაც დაგენერირებული იდეები  ტექნოლოგიურ პროდუქტებად გარდაიქმნება და ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურ ბაზარზეც. რაც ყველაზე მთავარია, გვინდა, შევინარჩუნოთ Nebula-ს მოდელი ისეთად, როგორიც თავიდანვე გვქონდა ჩაფიქრებული: ჰიბრიდული სივრცე, სადაც განათლება, პროდუქტი და განვითარება ერთიანდება.

[R]

„ღონისძიება ჩვენთვის არის ამბავი, რომელიც უნდა იქცეს მოგონებად“ — Eventive

ანი ჯიჯიაშვილი – გაიცანი წარმატებული სტეპერები