7
Aug
2019

იაპონიაში მფრინავი მანქანა, იგივე „გიგანტური დრონი“ წარმატებით გამოსცადეს

7 Aug 2019

veon
veon


ის გალიაში იყო, თუმცა, ერთი წუთის განმავლობაში, მაინც იფრინა. ახალ მფრინავ მანქანაზე ვსაუბრობთ, რომელიც რამდენიმე დღის წინ, იაპონიაში გამოსცადეს. მანქანა, რომელსაც, ფორმის გამო, გიგანტურ დრონსაც უწოდებენ კომპანია NEC Corp.-ში შეიქმნა, მას 4 პროპელერი აქვს და ელემენტზე მუშაობს. მისი შემქნელების თქმით, მომავალში, ამ გიგანტური დრონით გადაადგილებას ადამიანებიც შეძლებენ. ხოლო საცდელი ფრენისას, მანქანა მგზავრების გარეშე, დაახლოებით, სამი მეტრის სიმაღლეზე აფრინდა და ერთი წუთის განმავლობაში იფრინა. გაუთვალისწინებელი რისკის თავიდან ასარიდებლად ფრენა შემოსაზღვრულ სივრცეში, ერთგვარ გალიაში ჩატარდა.

ამ მოდელის შექმნაზე იაპონელი ინჟინრები ერთი წლის განმავლობაში მუშაობდნენ. მანქანა 150 კილოგრამს იწონის, სიგრძეში 3.9 მეტრია, სიმაღლეში 1.3, ხოლო სიგანეში 3.7 მეტრი. აღნიშნული სიახლე ეხმაურება იაპონიის მთავრობის პოლიტიკას. ქვეყნის მიზანია საჰაერო მანქანების წარმოების კუთხით ლიდერის პოზიცია დაიკავოს. უკვე 2023 წლისთვის კი, იაპონიაში საჰაერო მანქანების სატრანსპორტო სერვისი შეიქმნება. თუმცა, იაპონია არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მფრინავი მანქანების წარმოების კუთხით, მსოფლიო ბაზარზე თავის დამკვიდრებას ცდილობს. მსგავსი გეგმები აქვთ სინგაპურში, დუბაისა თუ ახალ ზელანდიაში.

NEC Corp.-ის დირექტორის თქმით, მფრინავი მანქანების შექმნა მჭიდროდდასახლებული იაპონიის გზებზე არსებულ საცობების პრობლემას მოაგვარებს. ამისთვის კი, შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნაც იაპონიისთვის რეალური გეგმაა. იქნება თუ არა იაპონია პირველი ქვეყანა, რომლის ქუჩებშიც მოქალაქეებს მფრინავი მანქანებით გადაადგილება შეეძლებათ?

განხილვა