მსოფლიოში ტკბილეულის უამრავი ბრენდია და თავისი მომხმარებელი ყველას ჰყავს, თუმცა არსებობს ისეთი საწარმო, საკმაოდ ძველი, რომელსაც ხშირად „Willy Wonka’s შოკოლადის ქარხანას” ადარებენ. მის ქარხნებთან ჰაერს შოკოლადისა და შაქრის სურნელი ასდის, რაც ჯადოსნურ ატმოსფეროს ქმნის. ეს ბრენდია Necco Wafers, აშშ-ის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი ნაჭერი. ეს ტკბილეული, რომელიც ცნობილია თავისი ფერადი კანფეტებით, 1847 წლიდან არსებობს.
ტკბილეულის წარმოება ამერიკაში
Necco, იგივე New England Candy Company დაფუძნებულია რევერში, მასაჩუსეტსის შტატში. საინტერესოა, რომ ამერიკაში ტკბილეულის დამზადების ისტორია ფარმაცევტულ საქმიანობას უკავშირდება. როდესაც ექიმი მწარე წამალს ნიშნავდა, ფარმაცევტები პაციენტს სთავაზობდნენ შაქრის ბატონებს, რომლებშიც აბი უნდა ჩაედოთ და ისე ეჭამათ.
1847 წელს ბოსტონელმა აფთიაქარმა, სახელად ოლივერ რ. ჩეიზმა, გამოიგონა პატარა მანქანა, რომელიც ამ შაქრის ბატონების დაჭრის პროცესს ამარტივებდა. ამ ამბიდან სულ მალე მას ტკბილეულის წარმოების იდეა გაუჩნდა.
ჩეიზი იყო Necco-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის მამა. მისმა შვილმა, ოლივერმა, დააარსა საწარმო Chase and Company. 1840-1880 წლებში ის შეუერთდა სხვა საწარმოებს და ასე შეიქმნა დღეისათვის ცნობილი Necco.
ტკბილეული და ომი
1899 წლისთვის აშშ-ს მთავრობამ ჯარისკაცების რაციონში ტკბილეულის შეტანა გადაწყვიტა, რათა მათ მეტი კალორია მიეღოთ და უფრო გამძლენი ყოფილიყვნენ. სწორედ Necco Wafers გახდა ის ბრენდი, რომელიც ესპანეთ-ამერიკის ომისა და პირველი მსოფლიო ომის დროს ბრძოლის ველებზე იგზავნებოდა.
1917 წელს აშშ-ს მთავრობამ იყიდა Necco Wafers-ის ერთი წლის მარაგი და ჩაალაგა ისინი ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი რაციონის შესაბამის პაკეტებში. Necco Wafers იმის გამო აირჩიეს, რომ მის პროდუქტს აქვს შენახვის ვადა ორი წელი და არ ექვემდებარება სიცხეს ან სიცივეს.
პროდუქციის მრავალფეროვნება
Necco’s Sky Bar იყო პირველი შოკოლადი, რომელსაც ოთხი განსხვავებული შიგთავსი ჰქონდა. სახელწოდება საავიაციო ინდუსტრიის პატივსაცემად დაერქვა და მან მეორე მსოფლიო ომის დასრულება აღნიშნა. Sky Bar-ის რეკლამა იყო ერთ-ერთი პირველი, რომელიც გამოჩნდა 1945 წელს Times Square-ზე სამწლიანი სიბნელის შემდეგ გამოჩნდა.
Mary Jane – Necco-ს ერთ-ერთი გამორჩეული სავიზიტო ბარათია. ეს არის არაქისის კარაქის არომატული საღეჭი, რომელსაც ამდენი წლის შემდეგაც არ ეცვლება გემო.
ზოგადად, Necco Wafers ცნობილია სხვადასხვა არომატით, თუმცა ძირითადი გემოები შოკოლადსა და დარიჩინს შორის მერყეობს. დროდადრო მან ვაფლის შეზღუდული პროდუქცია გამოუშვა, რომელიც ტროპიკულ არომატებს მოიცავდა.
საორგანიზაციო ცვლილებები
Necco-მ წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. ეს იყო ფინანსური პრობლემები, სხვადასხვა ქვებრენდის შესყიდვა თუ გაყიდვა, კოლაბორაციები და სხვა, რამაც, საბოლოო ჯამში, ჯერ ბრენდის თითქმის გაკოტრება, შემდეგ კი ხელახალი აღორძინება გამოიწვია.
წლების განმავლობაში Necco გაფართოვდა ახალი პროდუქტებისა და სხვა ბიზნესების შეძენით. მაგალითად, 1995 წელს Necco-მ დაამატა პროდუქტი Glen Candy Company-დან, რომლითაც უფრო გაამდიდრა Mary Janes-ის ხაზი.
განვითარების სტრატეგია
კომპანია მუდმივად ეძებდა ინოვაციურ გზებს თავისი ბრენდის გასაზრდელად. ამისთვის ის დროდადრო უკვე პოპულარული პროდუქტების გადახედვასაც არ უშინდებოდა. 2009 წელს Necco-მ ვაფლის რეცეპტის განახლება ცადა, რაც ჯანსაღ კვებაზე ორიენტირებული მომხმარებლების მოზიდვას ისახავდა მიზნად. მიუხედავად ამ მცდელობებისა, ცვლილება შედეგიანი არ გამოდგა, რის შემდეგაც მოგვიანებით დაუბრუნდა თავდაპირველ ფორმულას.
გაბანკროტება და აღორძინება
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბრენდს მრავალი გამოწვევა შეხვდა. 2018 წლის ივლისში მას მასაჩუსეტსის ქარხნის დახურვა მოუწია, თუმცა ამბავი ამით არ დასრულებულა. დახურვამდე ცოტა ხნით ადრე Necco იყიდა Round Hill Investments LLC-მ 17,33 მილიონ დოლარად. ეს შენაძენი მიზნად ისახავდა ბრენდის აღორძინებას, რაც მას საშუალებას აძლევდა, თავისი საკულტო ტკბილეულის წარმოება გაეახლებინა.
დროთა განმავლობაში Necco Wafers-მა შეფუთვაშიც ბევრი ცვლილება განახორციელა. ეს ეხებოდა როგორც ფერებს, ისე თავად მასალას, რომლისგანაც მზადდება მისი ტკბილეული. ბოლო პერიოდში ის უფრო ნათელ ფერებსა და დიზაინს იყენებდა, რათა მეტი მომხმარებელი მიეზიდა.
ცოტა ხნის წინ, Necco Wafers-ის შეფუთვა კიდევ ერთი რედიზაინით წარდგა. უახლესი განახლებები ითვალისწინებს ისტორიული ნიშნის შემოტანას და აწერია “Since 1847”, აქვე ლოგოცაა გამოსახული, რაც ხაზს უსვამს მათ ხანგრძლივ ისტორიას. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ნოსტალგიური ეფექტის გამძაფრებას და, ასევე, ახალი თაყვანისმცემლების მოზიდვას.
ბიზნესისტორიებს წარმოგიდგენთ „ალიანს ჯგუფი”.
ავტორი: მარიამ გოჩიაშვილი